ჟამიანობის მწერლები — ავტორები, რომლებმაც დღევანდელობა იწინასწარმეტყველეს
ამ სტატიაში იმ საოცრად რეალისტურ და ავბედით წიგნებზე წაიკითხავთ, რომლებიც გადარჩენაზე, იზოლაციაზე, თანადგომასა და სიყვარულზე მოგვითხრობენ. ქვემოთ მოყვანილ ტექსტებს ერთი ნარატივი აერთიანებს: "ჩვენ ეს გამოვიარეთ და გადავრჩით".
ისეთ არასაიმედო და უჩვეულო პერიოდში, როგორშიც ამჟამად ვიმყოფებით — როცა ფიზიკური დისტანცია ვირუსთან ბრძოლის უმთავრეს იარაღადაა ქცეული — ლიტერატურა შესანიშნავი გზაა, დროებით მაინც გავექცეთ რეალობას, განვიტვირთოთ და ცოტაოდენი ნუგეში ვიპოვოთ.
მართალია, ეგრეთ წოდებული პანდემიური ჟანრის ლიტერატურა რეალობისგან გასაქცევად ან მანუგეშებლად ნაკლებად გამოდგება, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ტექსტები ბოლო პერიოდში მეტად აქტუალური გახდა. ალბათ ამის მიზეზი ისაა, რომ ამ ჟანრის წიგნების უმეტესობა შექმნილ სიტუაციაში ერთგვარ გზამკვლევს ჰგავს. ბევრი მათგანი მოვლენების ქრონოლოგიური განვითარების რეალისტურ სცენარს გვთავაზობს — ეპიდემიის პირველი ნიშნებიდან ყველაზე რთულ პერიოდამდე და "ჩვეულებრივი ცხოვრების" დაბრუნებამდე.
დანიელ დეფოს ჟამის წლის დღიური
დენიელ დეფოს 1722 წელს გამოქვეყნებული ჟამის წლის დღიური 1665 წლის შავი ჭირის იმ ეპიდემიაზე მოგვითხრობს, რომელმაც ლონდონში იფეთქა. ნაწარმოებში აღწერილია შემზარავი მოვლენების თანამიმდევრული განვითარება, რომელიც ახალი კორონავირუსის უეცარი გავრცელებით გამოწვეულ ჩვენს თავდაპირველ შოკსა და შიშებს მოგვაგონებს.
დეფო თხრობას 1664 წლის სექტემბრით იწყებს, როცა ჰოლანდიაში "ჭირის" დაბრუნებაზე ხმები გავრცელდა. ამბავი შემდეგ დეკემბერში, ლონდონში მომხდარი უცნაური სიკვდილის პირველი ფაქტით გრძელდება. ხოლო როცა გაზაფხული დგება, მწერალი აღწერს, როგორ ავისმომასწავლებლად გაიზარდა სიკვდილიანობა ადგილობრივ მრევლში. ივლისისთვის კი ქალაქ ლონდონში იმგვარ შეზღუდვებს აწესებენ, როგორებიც კარანტინში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად 2020 წელსაც იქცა: "იკრძალება ყველა საზოგადო თავშეყრა, კერძოდ, ჯგუფური ნადიმი ქალაქის ტავერნებში, შეკრება პაბებსა და სხვა თავშესაქცევ ადგილებში, სანამ შემდგომი მითითებები ან ნებართვა არ გაიცემა..."
დეფო წერს, რომ "არაფერი იწვევდა ქალაქის მცხოვრებების სიკვდილს იმდენად, რამდენადაც თავად ხალხის დაუდევრობა, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებულნიც იყვნენ და ჭირზეც უწყოდნენ, არ მოუმარაგებიათ პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები მაღაზიებიდან, რათა, საკუთარ სახლებში უფრო დიდხანს დარჩენა შეძლებოდათ. ჩემი დაკვირვებით, სწორედ ასე მოიქცნენ ისინი, რომელთა უმრავლესობაც ამ სიფრთხილის გამო განსაცდელს გადაურჩა..."
აგვისტოსთვის, როგორც დეფო აღწერს, ჭირი "მძვინვარე და შემაძრწუნებელი" გახდა. სექტემბრის დასაწყისში კი ყველაზე საშინელი სახე მიიღო, როცა "მთელი ოჯახები, მეტიც — ქუჩების ჩაყოლებაზე ყველა ოჯახი... ერთბაშად ნადგურდებოდა". დეკემბრისთვის "გადამდები სენი დაუძლურდა. ამასთან, ზამთრის ამინდები ნაადრევად მოვიდა, ჰაერი მკბენარი სუსხით და სიცივით აივსო... დაავადებულთა უმეტესობა გამოჯანმრთელდა, ქალაქელების იმუნიტეტი კი კვლავ მოძლიერდა". ხოლო როცა, როგორც იქნა, ქუჩები კვლავ აივსო ხალხით, "ადამიანები ფოლორცებში გავიდნენ, რათა ღმერთისთვის მისი მოღებული წყალობის გამო მადლობა გადაეხადათ".
რა შეიძლება ჟამიანობის ქრონიკის აღწერაზე უფრო დრამატული იყოს, როცა ემოციები და დაძაბულობა იმატებს, ადამიანები კი გადარჩენის ინსტინქტით იწყებენ მოქმედებას? პანდემიური ნარატივი ჩვეულია ისეთი რეალისტი რომანისტებისთვის, როგორებიც დეფო და მოგვიანებით მოღვაწე, ალბერ კამიუა.
ალბერ კამიუს შავი ჭირი
კამიუს შავ ჭირში ალჟირის ქალაქი ორანი რამდენიმე თვით იკეტება, სანამ დაავადება მძვინვარებს და ქალაქის მცხოვრებებს მუსრს ავლებს (როგორც ეს ორანში მოხდა მე-19 საუკუნეში). წიგნში აღწერილ მოვლენებსა და დღეს არსებულ სიტუაციას შორის არაერთი პარალელის გავლება შეიძლება. თავდაპირველად, ადგილობრივ მმართველებს არ სურთ, დაავადების პირველ ნიშნებს — მომაკვდავი, ინფექციის გადამტანი ვირთხების ქუჩებში ხრწნას თვალი გაუსწორონ. "უწყიან კი ჩვენი ქალაქის მესვეურებმა, რომ ამ მღრღნელების ხრწნადი ლეში მოსახლეობას სასიკვდილო საფრთხეს უქმნის?" — სვამს კითხვას ადგილობრივი გაზეთის მესვეტე.
წიგნში ისტორიის მთხრობელი, ექიმი ბერნარ რიე, მედიკოსების გმირობის სახეა. "წარმოდგენა არ მაქვს, რა მომელის ან რა მოხდება, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება. ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი რამ ვიცი: ხალხი ავადაა და მათ მკურნალობა სჭირდებათ", — ამბობს იგი. ნაწარმოების ბოლოს ჭირს გადარჩენილები გაკვეთილს სწავლობენ: "მათ ახლა იციან, რომ ერთი რამ, რაზეც მუდამ უნდა წუხდნენ და რისკენაც მუდმივად უნდა ისწრაფოდნენ, ადამიანური სიყვარულია".
კეტრინ ენ პორტერის ფერმიხდილი ცხენი, ფერმიხდილი მხედარი
ესპანური გრიპის პანდემიამ 1918 წელს მსოფლიო შეცვალა. დაავადებამ 50 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მაშინ, როცა ახლადამთავრებულ პირველ მსოფლიო ომში 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა. რაც უნდა ირონიული იყოს, მსოფლიოზე გრიპის დრამატული გავლენა ომის არანაკლებ დრამატულმა მოვლენებმა გადაფარა. ეს პერიოდი უამრავი რომანის შთაგონების წყარო გახდა.
დღეს, როცა ადამიანებს "ფიზიკურ დისტანცირებასთან" შეგუება უწევთ, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხალხმა კარანტინში გადაინაცვლა, კეტრინ ენ პორტერის 1939 წელს გამოცემულ რომანში, ფერმიხდილი ცხენი, ფერმიხდილი მხედარი, აღწერილი ესპანური გრიპით გამოწვეული ისტერია მეტად ნაცნობი ჩანს: "ამაზე უარესი ვეღარაფერი იქნება... ყველა თეატრი და თითქმის ყველა მაღაზია თუ რესტორანი დაკეტილია, ქუჩები მთელი დღე დაკრძალვის პროცესიებითაა სავსე, მთელი ღამე კი — სასწრაფო დახმარების მანქანებით", — ეუბნება მთავარ გმირს, მირანდას, მეგობარი მას შემდეგ, რაც იგი ინფლუენცათი დაინფიცირდება. პორტერი აღწერს, როგორ მიმდინარეობს კვირების განმავლობაში მირანდას ავადმყოფობა, მკურნალობა და გამოჯანმრთელების პროსეცი, სანამ იგი დაავადების და ომის დანაკარგებით სავსე ახალ სამყაროში არ გამოიღვიძებს.
წიგნის ავტორი ლამის თავადვე შეეწირა გრიპს. "რაღაც უცნაურად გარდავიქმენი", — ჰყვებოდა იგი The Paris Review-სთვის მიცემულ ინტერვიუში 1963 წელს, — "დიდი ხანი დამჭირდა, რომ კვლავ დავბრუნებოდი სამყაროს. ყველაფრისადმი 'გაუცხოებული' ვიყავი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით".
მარგარეტ ეტვუდის წარღვნის წელი
ოცდამეერთე საუკუნის ეპიდემიები — 2002 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის, 2012 წელს შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის, 2014 წელს კი ებოლას ვირუსული აფეთქებები არაერთი ისეთი რომანის შთაგონების წყაროდ იქცა, სადაც ჟამიანობისშემდგომი განადგურებული და დაშლილი მსოფლიო, გაუკაცრიელებული ქალაქები და ტიალი პეიზაჟები გვხვდება.
მარგარეტ ეტვუდის 2009 წელს გამოცემული წიგნი, წარღვნის წელი, პანდემიისშემდგომ მსოფლიოს გვაჩვენებს, სადაც ადამიანები თითქმის მთლიანად გამქრალნი არიან, რადგან მოსახლეობის უმეტესობა 25 წლით ადრე "უწყლო წარღვნის" შედეგად განადგურდა. ეს იყო ვირუსული ჭირი, რომელიც "ჰაერში ისე ვრცელდებოდა, თითქოს ფრთები ჰქონოდა, და ქალაქებში ცეცხლივით მძვინვარებდა".
ეტვუდი აღწერს, თუ როგორ უწევს უკიდურეს იზოლაციაში ცხოვრება რამდენიმე გადარჩენილს. მებაღე ტობი ჰორიზონტს იმ მიტოვებული სპას სახურავზე გაშენებული ბაღიდან აკვირდება, რომელსაც იგი შეეკედლა. "ვიღაც უნდა იყოს დარჩენილი... იგი ერთადერთი გადარჩენილი ვერ იქნება მთელ პლანეტაზე. სხვებიც უნდა იყვნენ. თუმცა ვინ სხვები — მტრები თუ მოკეთეები? თუკი ვინმეს დაინახავს, როგორ შეატყოს, რა განზრახვა აქვთ?"
რენი, ოდესღაც აკრობატი და "ქალაქის ყველაზე სუფთა ბინძური გოგოებიდან" ერთ-ერთი, იმიტომ გადარჩა, რომ კლიენტისგან შესაძლო დაინფიცირების გამო კარანტინში მოათავსეს. იგი საკუთარ სახელს გამუდმებით წერს: "თუკი ძალიან მარტო ხარ, ადვილად შეიძლება, საკუთარი ვინაობაც კი დაგავიწყდეს".
პერსონაჟების მოგონებების საშუალებით ეტვუდი აღწერს, როგორ დაარღვია ადამიანების სამყაროსა და ბუნებას შორის წონასწორობა დიდი კორპორაციების მიერ დაფინანსებულმა ბიოინჟინერიამ, რის წინააღდეგაც ტობისნაირი აქტივისტები იბრძოდნენ. მეცნიერების მეორე, ბნელ მხარეზე მინიშნებით, ეტვუდს საკუთარი ნაშრომი მეტად სარწმუნო მოსალოდნელ შედეგებზე აქვს აგებული, რაც წარღვნის წელს შემაძრწუნებლად ავბედით საკითხავად აქცევს.
ლინგ მას კავშირის დასასრული
პანდემიის შესახებ დაწერილ წიგნებში მკითხველს ყველზე მეტად სიუჟეტის ის ხაზი ხიბლავს, რომელშიც ადამიანები ერთიანდებიან იმ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, რომელიც ადამიანი არაა. აქ "გმირები" და "ანტიგმირები" არ არსებობენ; ყველაფერი უფრო ჩახლართულია. თითოეულ პერსონაჟს გადარჩენის და დაღუპვის თანაბარი შანსი აქვს. საშინელ გარემოებებთან ინდივიდუალური გამკლავების არაერთი მაგალითი, რომელიც ასეთ წიგნებშია აღწერილი, მეტად მიმზიდველ მასალად აქცევს მას როგორც მწერლისთვის, ასევე — მკითხველისათვის.
ლინგ მას 2018 წელს გამოცემულ წიგნში, კავშირის დასასრული, რომელიც ავტორმა მიგრანტების ისტორიის "აპოკალიფსურ სამსახურებრივ რომანად" აღწერა, მთხრობელი ქენდის ჩენია — მილენიალი, რომელიც ბიბლიის გამომცემელ კომპანიაში მუშაობს და საკუთარი ბლოგი აქვს. იგი მწერლის მიერ გამოგონილი 2011 წლის შენის გრიპის პანდემიის დროს ნიუ-იორკიდან გაქცეული ცხრა გადარჩენილიდან ერთ-ერთია. მა აღწერს ქალაქს მას შემდეგ, რაც "ინფრასტრუქტურა... განადგურდა, ინტერნეტის და ელექტროობის ქსელი კი მწყობრიდან გამოვიდა".
ქენდისი მოგზაურთა ჯგუფს უერთდება, რომელიც ჩიკაგოს სავაჭრო ცენტრში აპირებს დასახლებას. ისინი მოგზაურობენ იმ ადგილების გავლით, რომლებიც "დაავადებულებითაა" დასახლებული — "არსებებით, რომლებიც ძველებურ ჩვეულებებს, რუტინასა და ქცევას ბაძავენ" მანამ, სანამ არ დაიხოცებიან. გადარჩენილები შემთხვევითი იმუნიტეტის მქონენი არიან თუ — ღვთის რჩეულები? ქენდისი აღმოაჩენს, რომ თუ უნდა, ჯგუფში უსაფრთხოდ იყოს, მათი ლიდერის და ყოფილი IT სპეციალისტის, ბობის რელიგიურ წესებს უნდა დაემორჩილოს. მაგრამ ეს მორჩილება მხოლოდ დროებითია — ქენდისი მალე აჯანყებას გადაწყვეტს.
ჩვენი ამჟამინდელი სიტუაცია, რასაკვირველია, ახლოს არ არის ისეთ უკიდურესობასთან, როგორიც კავშირის დასასრულში არის აღწერილი. ლინგ მა ყველაზე საშინელ სცენარს წარმოგვიდგენს, რომელთან გამკლავებაც, საბედნიეროდ, ჩვენ არ გვიხდება. მის რომანში იგი იძიებს, რა ხდება წარმოსახვით სამყაროში, როცა პანდემია ქრება: ყველაზე ცუდის ჩავლის შემდეგ ვინ უნდა აღადგინოს საზოგადოება. კულტურამ? წიგნი ასევე სვამს კითხვას — შემთხვევით შეხვედრილი გადარჩენილებით დაკომპლექტებულ ჯგუფში ვინ წყვეტს, ვის უნდა ჰქონდეს ძალაუფლება? ვინ აწესებს დოგმებს რელიგიურ პრაქტიკაში? როგორ იკავებენ ადამიანები ძალაუფლებრივ პოზიციებს?
ემილი სენტ ჯონ მენდელის სადგური თერთმეტი
მსგავსი ნარატივი გრძელდება ემილი სენტ ჯონ მენდელის 2014 წელს გამოქვეყნებულ რომანში სადგური თერთმეტი. მასში მოქმედება ვითარდება გადამდებ დაავადება "ქართულ გრიპამდე", მისი მძვინვარების დროს და მას შემდეგ. დაავადებამ, რომელიც საქართველოდან გავრცელდა, "დედამიწის ზედაპირზე ნეიტრონის ბომბივით იფეთქა" და მსოფლიო მოსახლეობის 99 პროცენტი შეიწირა. პანდემია იმ ღამეს იწყება, როცა მეფე ლირის შემსრულებელ მსახიობს სცენაზე გულის შეტევა დაემართება. მისი ცოლი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კომიქსების ავტორია, სადაც მოქმედება პლანეტაზე, სახელად "სადგური თერთმეტი" ხდება. ეს კომიქსები პანდემიის დაწყებიდან 20 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
სადგურ თერთმეტში იგრძნობა ჩოსერის კენტერბერიული მოთხრობების გავლენა, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნეში მსგავსი სითამამით აღწერს შავი ჭირის დროს მომხდარ ამბებს.
ვინ და რა განსაზღვრავს ხელოვნებას? — კითხულობს მენდელი. როგორ შევძლებთ სამყაროს აღდგენას უხილავი ვირუსის გავრცელების შემდეგ? როგორ შეიცვლება ხელოვნება და კულტურა?
ეჭვგარეშეა, უამრავი რომანი არსებობს, რომელიც ამჟამინდელ სიტუაციას მოგვაგონებს. თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ მოგვიყვებიან კორონავირუსის პანდემიაზე მწერლები მომავალში; როგორ აღწერენ საზოგადოებრივი სულის გაძლიერებას, ჩვენ შორის კი უამრავი გმირის აღმოჩენას. ეს არის ის კითხვები, რომლებზე დაფიქრებაც მაშინ გვმართებს, როცა ფიქციურ სამყაროებში გახვევას გადაწყვეტთ და ახალ მსოფლიოსთან შესახვედრად მოვემზადებით.
კომენტარები