ანთროპოგენულ ზემოქმედებას პლანეტის ხმელეთის მხოლოდ 3% გადაურჩა — კვლევა
გასულ კვირას გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ კაცობრიობის გავლენამ გარემოზე უკვე დედამიწის 97%-ს უცვალა სახე.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, რომელიც გასული კვირის ხუთშაბათს ჟურნალ Frontiers in Forests and Global Change-ში გამოქვეყნდა, ხმელეთის ძალიან მცირე ნაწილი — სულ რაღაც 2.8% შეიძლება მივიჩნიოთ ფუნქციურად ჯანმრთელად. კვლევაში მონაწილეობდნენ მეცნიერები ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ინსტიტუტებიდან. მათი რეკომენდაციის მიხედვით, სანამ ძალიან გვიან იქნება, ბუნების დამცველები სასწრაფოდ უნდა ორიენტირდნენ "დარჩენილი ტერიტორიების დაცვაზე, რომლებიც ეკოლოგიური მთლიანობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენენ".
Earther-ის მიხედვით, ახალი კვლევა, შესაძლოა, ერთგვარი უხეში გამოღვიძება იყოს ეკოლოგებისა და ბუნების დამცველებისთვის, რადგან აქამდე გამოქვეყნებული მოხსენებების მიხედვით, დედამიწის ხმელეთის 20-40% ჯერ კიდევ ჯანსაღია ეკოლოგიურად. ეს შედეგები, უმეტესად, სატელიტიდან გადაღებულ სურათებს ეყრდნობა, გასულ კვირას გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში კი, ეკოსისტემების სიჯანსაღის შესასწავლად, მეცნეირებმა ამ ადგილებზევე ჩაატარეს საველე სამუშაოები.
"უამრავი ადამიანის მიერ ჩატარებული საველე კვლევები აჩვენებს, რომ ამ ჯანსაღი ჰაბიტატებიდან გარკვეული სახეობები დაიკარგა — უფრო კონკტერულად, დიდი და საშუალო ზომის ხორცისმჭამელები და ბალახისმჭამელები", — განუცხადა Earther-ს კვლევის თანაავტორმა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ზოოლოგმა, ენდრიუ პლამპტერმა. "ამ სახეობების ჰაბიტატებიდან გაქრობა თუ მათი რიცხვის შემცირება ნადირობასთან, ინვაზიური სახეობების შემოყვანასთან თუ სხვადასხვა დაავადებებთანაა დაკავშირებული".
ადრინდელი კვლევებისგან განსხვავებით, ამ კვლევამ შეისწავლა კაცობრიობის გავლენა ველურ ბუნებაზე, რაც მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა, მაგალითად, ადგილობრივი სახეობების პოპულაციების შემცირება თუ გაქრობა, ინვაზიური სახეობების რიცხვი და ა.შ. ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ხმელეთის სულ რაღაც 2.8%-ია ეკოლოგიურად ჯანსაღი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
"ეს ნიშნავს, რომ ხმელეთის 97% უკვე სახეცვლილია მრეწველობის, ნადირობის, ინვაზიური სახეობების შემოყვანისა თუ სხვა ანთროპოგენული ფაქტორების გავლენის შედეგად", — განუმარტა პლამპტერმა Earther-ს.
კომენტარები