ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ბავშვობიდან ჩაგვჩიჩინებენ, თუმცა, ზოგჯერ ისეც აღმოჩნდება ხოლმე, რომ სიცრუე სიმართლეზე მყარად დგას. ცხადია, ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალიცაა — ზოგჯერ ტყუილში ან ტყუილით ცხოვრება უფრო კომფორტულია, ვიდრე არასასურველ რეალობაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სოციალურ პრობლემებზე ოხუნჯობანს ეხება.

მოკლედ, წარმოგიდგენთ 5 საფირმო ტყუილს, რომელიც ჩვენთვის 1-ლ აპრილს არ შემოუთავაზებიათ.

1. "ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ჯანმრთელად"

ექვსი წლის წინ ეს ფრაზა რომ გაჟღერდა, ჯანსაღი და ჯანმრთელი ლარი დოლართან მიმართებაში ცინცხალი გაუფასურებული იყო — 1 დოლარი სულ რაღაც 2 ლარი ღირდა. მას შემდეგ ლარმა გამოჯანმრთელება განაგრძო და სულ რამდენიმე დღის წინ ისტორიულ ანტირეკორდსაც მიაღწია — 1-ლი აპრილის მონაცემებით მონაცემებით 1 დოლარი 3,44 ლარი ღირს და ეს საპირველაპრილო ხუმრობა არაა.

2. "მომდევნო ორი-სამი კვირა..."

ფოტო: კადრი ვიდეოდან / NCDC

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა სხვადასხვა სიტუაციაში 2020-მდეც ბევრჯერ თქმულა (თუმცა, ცხადია, ყველა კონტექსტში სიცრუედ), განსაკუთრებული პოპულარულობა გასულ წელს მოიპოვა, როცა დროის ფილოსოფიაზე ჩაგვაფიქრა — შესაძლოა, ეს განზომილება სულაც არაა ობიექტური ჭეშმარიტება; აბა, სხვა რით შეიძლება აიხსნას თვეობით გაწელილი ორი-სამი კვირა და, საბოლოოოდ, ჩვენი 2020 წლის ფრთიანი ფრაზების ჩამონათვალში მიჩენილი საპატიო ადგილი?!

3. "ლგბტ საზოგადოება დღეს პრივილეგირებულ მდგომარეობაშია"

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ამ განცხადების განსამტკიცებლად ავტორმა დასძინა, "კანონის წინაშე ხომ ყველა თანასწორია". მართლაც, რა სამწუხაროა, რომ ამ თანასწორობის პირობებში "უპირატესობა ენიჭება" ლგბტქ თემის ინტერესების დაკმაყოფილებას — ეგ კი არა, ამ გამორჩეულ მდგომარეობაზე გადაღებულ ფილმში სახელმწიფომ იმის ძიებაც კი დაიწყო, ზედმეტად ხომ არ იყო პრივილეგიები ნამუშევარში ასახული.

4. "10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვა თავისუფლად შესაძლებელია"

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

რა გასაკვირია, რომ ნოსტალგიურად გვახსენდება ის დრო, როცა გუგული მაღრაძეს 20 თეთრზე ვედავებოდით — დეპუტატის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ 10 ლარად ოთხ ლიტრ ზეთს ვიყიდდით, თუმცა, მოგვიანებით მაღრაძემ აღნიშნა, რომ სულ ცოტათი შეცდა — ოთხი ბოთლი ზეთი "კარფურში" 10,2₾ ღირებულა.

ისე, ოთხ ბოთლს რა უჭირს, ბოლოდროინდელი მონაცემებით, ერთი ბოთლი ძლივს იშოვება 10 ლარად.

5. "პარლამენტში მხოლოდ საჩხუბრად არ შევდივარ"

ფოტო: კადრი ვიდეოდან

ფოტო: Web Screenshot

აქ კომიკურია არა მხოლოდ ის, თუ ვინ არის ფრაზის ავტორი, არამედ ისიც, რომ თუკი ქართულ პარლამენტს რამე არ აკლია, უპირველესად სწორედ ჩხუბია. ეს სადავო და სუბიექტურ შეფასებად ჩაითვლებოდა, რომ არა იუთუბის დასტური — პლატფორმაზე პარლამენტთან დაკავშირებული ყველაზე პოპულარული ვიდეოები სწორედ ჩხუბს უკავშირდება.