ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც არის ასეთი რთული დიალოგი, ყოველთვის უნდა ითქვას, რომ შეთანხმების მიღწევის ალბათობაა 50/50.

"არ ვიცი, როცა ასეთი რთულია, ზოგადად, დიალოგი, ალბათ, ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ არის 50/50, მაგრამ დავიტოვოთ კარგი 50%-ის იმედი", — განაცხადა კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მიშელის წარმომადგენელი პოლიტიკურ პარტიებს დღეს, 29 მარტს ხვდება.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.