რას ვსვამთ და რას ვსუნთქავთ — საქართველოს მომაკვდინებელი ეკოლოგიური სკანდალი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ეკოლოგიური სკანდალი, როგორც საჯარო ჯანდაცვის პრობლემა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური სკანდალი მიმდინარეობს, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის მიღმა ხშირად იკარგება. ვაშლიჯვარში დაძრული მეწყერი, ჰესების პრაქტიკულად ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე მშენებლობა და უპრეცედენტო დაბინძურება ძალიან კონკრეტული, სისტემური პრობლემის შედეგია: საქართველოში არ არსებობს რეალური სტანდარტები, სამეცნიერო ინსტიტუტები, რომლებიც მშენებლობებთან და სხვადასხვა ტიპის წარმოებასთან ასოცირებულ გვერდით ეფექტებს სისტემურად და დეტალურად შეისწავლის.

მეტიც, Clubhouse-ზე, NEXT.On.ge-ის მიერ გამართულ დისკუსიაში, სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ამბობდა, რომ კანონმდებლობაც კი არ არსებობს, რომელიც სახელმწიფოს და კომერციულ სექტორს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტანდარტების დაცვას მოსთხოვს.

ასევე იხილეთ: რა ვიცით ნამახვანჰესზე — რატომ არის ის პოლიტიკური და სამეცნიერო ტრაგედია

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში მდინარე ყვირილას ფოტოები გავრცელდა, რომელიც ქალაქ ჭიათურაზე გადის. ფოტოები დამთრგუნველია, მსუბუქად რომ ვთქვათ, თუმცა ჩვენს წინ დამდგარი სურათი სავსებით მოსალოდნელია თუ გავითვალისწინებთ, რომ მანგანუმის საბადოდან ნარჩენი პროდუქტები პირდაპირ ამ მდინარეში ჩაედინება.

სანახაობა ისეთია, რომ ავტომატურად ცხადია, რამდენად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მსგავს დისტოპიურ სურათს მხოლოდ ჭიათურაში არ შეხვდებით. საბადოების და საწარმოების საქმიანობის ნარჩენები მდინარეებში ხშირად პირდაპირ ჩაედინება, თან ისეთ მდინარეებში, საიდანაც ადამიანები სასმელ და სარწყავ წყალს იღებენ.

მაშ ნებისმიერი დაბინძურება, მით უმეტეს, ამხელა დროის მანძილზე და ასეთი მასშტაბების, რეალურად საჯარო ჯანდაცვის პრობლემაა. ამ მხრივ საქართველოში სკანდალური მდგომარეობაა. სამწუხაროდ, ამას, მეტნაკლებად, ყველა შეგუებულები ვართ.

უტოპიური წარსული დისტოპიურ აწმყოში

რამდენიმე წლის წინ, აქტივისტებთან ერთად ტყიბულში აღმოვჩნდი, სადაც საქართველოში შექმნილი ვითარების სიმძიმე პირველად გავაცნობიერე. როცა საბჭოთა ეპოქის დროს აშენებულ ნაგებობებს ვუყურებ, იქნება ეს ძველი მაღაროები თუ კვლევითი ინსტიტუტები, როგორიცაა ფიზიოლოგიის და ფიზიკის ინსტიტუტი, უსიამოვნო გრძნობა მეუფლება.

მსგავსი ნაგებობები, რომლებიც ერთ დროს კომუნიზმის გარდაუვალი გამარჯვების სიმბოლოებად გვევლინებოდა, დღეს ცოტა კომიკურად გამოიყურება. კომიკურია საბჭოთა კავშირის პრინციპული არქიტექტორების წინასწარმეტყველებები, რომლებიც დროის კაფსულებში ინახება. მეოცე საუკუნის დასაწყისში დატოვებულ წერილებში შემდეგნაირ სენტიმენტებს წააწყდებით;

"ძვირფასო შთამომავლებო, დღეს უნიკალურ დღეს ზეიმობთ: საბჭოთა მმართველობის 100 წლის თავს... ვიცით რომ აწმყო საინტერესოა, თუმცა არც ისე საინტერესო, როგორც თქვენი აწმყო. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ სრულად აღჭურვეთ ჩვენი ლურჯი პლანეტა, მოახდინეთ მთვარის კოლონიზაცია, გაგზავნეთ ექსპედიცია მარსზე და აგრძელებთ კოსმოსის კვლევას... და თქვენი ხომალდები გალაქტიკას იკვლევენ".

წარსულის უტოპიური სენტიმენტები და კომუნისტური პროგრესის ძეგლები დღეს ტოტალიტარული რეჟიმის მონოლითებად შემოგვრჩა. ფაქტი, რომ ეს საბჭოთა გადმონაშთები დღემდე ფუნქციურია და ისინი ახალი ვერაფრით ჩავანაცვლეთ, ნამდვილად დამთრგუნველია. მეტიც, იმ კვლევითი ინსტიტუტებისგან, რომლებიც ვახსენე, მხოლოდ აჩრდილებიღა შემორჩა. 2015 წელს, ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ლექციების სერიას ვესწრებოდი და კურსელებთან ერთად ინსტიტუტის სართულებზე დავეხეტებოდი. შევდიოდით დაცარიელებულ ოთახებში, სადაც საკვლევი აპარატურა იყო მიმოყრილი. ეს იყო ძველი ჩანაწერებითა და მონაცემებით გავსებული საარქივო ოთახები, რომლებიც ბოლოს ფუნქციური, სავარაუდოდ, 80-იან წლებში იყო.

დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად, საქართველოს არცერთ მთავრობას სათანადოდ არ დაუფასებია მეცნიერება, რომელიც ადამიანებს უნდა ემსახურებოდეს. ალექსანდრე თვალჭრელიძე, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვან პრობლემას უსვამს ხაზს, კერძოდ კი იმ ინსტიტუტების განადგურებას, რომლებიც უნდა ეხმარებოდეს მთავრობას, გაატაროს ფაქტებზე და მიგნებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. მისი თქმით:

"მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული საქართველოს გეოლოგიური სამსახურის მოსპობა იყო. ქართული გეოლოგიური სკოლა ცნობილი იყო მსოფლიოში, დღეს კი მხოლოდ რამდენიმე "აისბერგი" დარჩა, რომელიც მიმოფანტულია სხვადასხვა დაწესებულებაში".

თვალჭრელიძე ამბობს, რომ თბილისში არსებული ბუნებრივი პრობლემების დეტალური შესწავლისთვის და პრევენციული ზომების მიღებისთვის მან არაერთხელ მიმართა საქართველოს მაღალჩინოსნებს: ბიძინა ივანიშნვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს და გიორგი გახარიას, რათა აღდგენილიყო საქართველოს გეოლოგიური სამსახური, თუმცა, მოთხოვნებისთვის მთავრობას ყურადღება არ მიუქცევია.

თუ ეს სენტიმენტი პოლიტიზირებულად მიგაჩნიათ, სავსებით მართალი ხართ. მეცნიერება, რომელიც ადამიანთა უსაფრთხოებისთვის და მათი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირშია. ამის არშემჩნევა საოცარი უმეცრების ან ადამიანების კეთილდღეობის სრული უგულებელყოფის გამოვლინებაა. თუ რა შედეგებს იძლევა მთავრობის სრული ინდიფერენტულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეცნიერებისადმი, მარტივი საჩვენებელია და შემდეგ თავს ამ საკითხს დავუთმობ.

ეკოლოგიური პრობლემა კეთილდღეობის პრობლემაა

ტყიბული

ტყიბული

მდინარე ყვირილაში მანგანუმის "ჩარეცხვის" ეფექტები, პრაქტიკის არაეთიკურობიდან გამომდინარე, სავსებით აშკარაა, თუმცა ემპირიული მონაცემების სიმწირე საგრძნობია. მიუხედავად ამისა, დაახლოებით გვექმნება წარმოდგენა, რასთან გვაქვს საქმე.

2011 წლის კვლევაში მეცნიერები ასკვნიან, რომ მდინარის ფსკერზე დიდი რაოდენობით მანგანუმი და რკინაა დალექილი, რაც შეიძლება "მდინარის მეტალით დაბინძურების გრძელვადიან წყაროს წარმოადგენდეს, რომელსაც შეიძლება საგრძნობი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ეკოლოგიაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე".

რეკომენდაციების განხილვისას მეცნიერები მიანიშნებენ, რომ ყვირილას შესწავლილი ადგილები სასმელ წყლად იშვიათად გამოიყენება, ამიტომ ჭიათურელთა ჯანმრთელობისთვის მყისიერ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა როგორც თითქმის ყველა ბუნებრივი ფენომენი, გრძელვადიანი ეფექტები შეიძლება არასახარბიელო იყოს. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ "ყვირილას მდინარე მუდმივ შეფასებას და ნიმუშების შემოწმებას" საჭიროებს, "პეროქსიდით გამდიდრების ქარხნიდან მომავალი ნარჩენი წყლის მდინარეში ჩაშვება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს და გამფილტრავი საშუალებები უნდა დაინერგოს".

ჭიათურაში სასმელი წყლის რეზერვებიდან (გრუდო, მონასტერი, ლეჟუბანი) აღებული ნიმუშები დაბინძურებული იყო ბაქტერიებით, მაგალითად E.Coli-ის კოცენტრაცია მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიათურაში სასმელი წყალი სერიუზულად დაბინძურებულია.

მეცნიერების რეკომენდაციით ცენტრალური წყალმომარაგება რუტინულად უნდა იყოს შემოწმებული ისე, რომ "ჯანმრთელობის დაცვისთვის, სტანდარტული საერთაშორისო პრაქტიკა იყოს დაცული".

მდინარე ყვირილა, რაღაც გაგებით, "მსუბუქი" შემთხვევაა. სასმელი წყლის დაბინძურების პრობლემა საქართველოში ბევრგან უფრო გამოკვეთილია. სამწუახროდ, პრობლემა სრულად შესწავლილი არაა და არავინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა საგრძნობლად იმის გამო, რომ ქვეყნის კანალიზაცია ზოგან პირდაპირ სასმელ წყალში ჩაედინება.

რას ვსვამთ და რას ვსუნთქავთ?

გაეროს კვლევის მიხედვით, სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები სულ უფრო აშკარაა. კვლევის მიხედვით, "სუფთა სასმელზე წვდომა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში პრობლემაა". იგივე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ "ბოლო წლებში სასმელი წყლის მონიტორინგის სისტემა მნიშვნელოვნად გაუარესდა". საინტერესო ისაა, რომ "გაუარესება" აქ ევფემიზმია, რადგან სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს განშტოება იყო, რომელიც წელიწადში 50 000-მდე ნიმუშს იღებდა და ამოწმებდა, 2006 წელს უბრალოდ გაუქმდა და მხოლოდ 2012 წელს აღდგა. ამის მიუხედავად, მონიტორინგი ევროპული და 2006 წლამდე არსებული სტანდარტებისგან შორსაა.

გაეროს ანგარიშში მუდმივად ჟღერდება ერთი და იგივე სენტიმენტი, საქართველოს მდგრადი განვითარების, ბუნებრივი რესურსების შეფასების და დაბინძურების შემცირების ეროვნული სტრატეგია არ გააჩნია. ხანდახან ეს სენიმენტი მკვეთრადაა გაჟღერებული: "ეროვნული მდგრადი განვითარების სტრატეგიის განვითარებაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა", ან "გარემოს დაცვის სტანდარტების მხრივ პროგრესი მწირია".

ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ არსებული, საკმაოდ მიზერული გარემოსდაცვითი რეგულაციების მხრივ, ძირითადად, "მოძველებული საბჭოთა სტანდარტებია გადმოღებული... დამაბინძურებელი ემისიების სტანდარტების განსაზღვრისთვის და შეფასებისთვის საჭირო კომპიუტერული მოდელირება მოძველებულია". 2008-2013 წლებში, აზოტის დიოქსიდის დონე (სათბური აირი) ასტრონომიულად არის გაზრდილი.

ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების აღრიცხვა და შეფასება მიზერულია და ხშირ შემთხვევაში, არსებულ ანგარიშებს "აუცილებელი ელემენტები აკლია".

კანალიზაცია და ინდუსტრიული დაბინძურება

გაეროს ეს და სხვა ანგარიშები მანამდე, საქართველოში არსებული სანიტარული ნორმების განხილვისას ვახსენე. მუნიციპალური ჩამდინარე წყალი (კანალიზაციის ან ინდუსტრიული აქტივობის შედეგად შემორჩენილი წყალი) ძირითადად, მდინარეებში, ყველანაირი გაფილტვრის გარეშე ჩაედინება. ინდუსტრიულ საქმიანობაში დახარჯული წყლის დიდი ნაწილი, თითქმის 50% ქვეყნის მდინარეებში გაუფილტრავად ხვდება, თან ეს 2013 წლის მონაცემებით. მას შემდეგ ამის შეფასება არ მომხდარა, სავარაუდოდ ინდუსტრიის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ანგარიშის მიხედვით, "საქართველოს კანალიზაციის და ნარჩენების მენეჯმენტის არც სტრატეგია აქვს, არც პოლიტიკა". დაბინძურების ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი, ცხადია, კომერციული და ენერგეტიკული სექტორია. საგანგაშოა ისიც, რომ ინდუსტრიული ნარჩენებისთვის ცალკე გამოყოფილი ნაგავსაყრელები არ არსებობს.

ინდუსტრიული წარმოებისთვის ცალკე ნაგავსაყრელები მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ისინი სხვა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ყოველდღიური ცხოვრების ნარჩენებია პრევალენტური, მაშინ როცა ინდუსტრიული წარმოების ნარჩენები, ძირითადად, ტოქსიკური ნივთიერებებისგან და მძიმე მეტალებისგან შედგება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მძიმე მეტალებით დაბინძურება ყველაზე ხშირი იმერეთის რეგიონშია, კერძოდ ინდუსტრიული ნარჩენების 85% იმერეთზე მოდის.

საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის კვალდაკვალ

ის, რომ ეკოლოგიური ფაქტორები და მათი პოტენციურად დამანგრეველი გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც ენერგეტიკული რესურსი შესწავლილი არაა, ნაწილობრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ნაკლოვანებების გამოვლინებაა.

2003 წელს, როცა "ახალი საქართველო" იქმნებოდა, ქვეყანა გაყვა სტანდარტულ რეკომენდირებულ ეკონომიკურ დოქტრინას — დაბალი გადასახადები, ბიზნესის განვითარება და მაღალი ეკონომიკური ზრდა. იმის განხილვა, მისაღებია თუ არა განვითარების ეს გეგმა, ამ შემთხვევაში არარელევანტურია, პრობლემა ისაა, რომ ეს "გეგმა" ნაკლოვანებებითაა სავსე. სტატიის მიზნებისთვის და ნაწილობრივ ჩემი კომპეტენციის ნაკლებობის გამო, საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის რაობის განხილვაზე დროს არ დავხარჯავ, თუმცა მნიშვნელოვან გარემოებაზე გავამახვილებ ყურადღებას;

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა ისე დილეტანტურადაა გაწერილი და იმდენად მოკლებულია აუცილებელ ანალიზს, რომ პირველ კურსელი ეკონომისტი ალბათ უფრო დეტალურ გეგმას შეადგენს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური ფაქტორები ეკონომიკურ განვითარებაში გათვალისწინებული არაა, დილეტანტობაზე მიანიშნებს.

განა მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სასმელი წყლის, კანალიზაციის და ენერგომომარაგების საკითხები ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი არ არის? თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყნის ენერგეტიკული რესურსი სათანადოდ 1986 წლის მერე არ შეფასებულა, ქვეყნისთვის პოტენციურად ძალიან დიდი ფინანსური რესურსის დანაკრგია. ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევა არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა.

მინდა საინტერესო გარემოებაზე მივიქციო თქვენი ყურადღება. გაეროს ანგარიშის მიხედვით, "საქართველოში 1 მეტრ კვადრატის გასათბობად საშუალოდ 40-50%-ით მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე იგივე კლიმატის ევროკავშირის ქვეყნებში და რეგიონებში". ეს ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, მაგალითად ინსულაცია აიღეთ: თბილისში, საცხოვრებელ და საოფისე ფართების გათბობისას, სითბოს დანაკარგი რეკომენდირებულზე 3-4-ჯერ მეტია.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონკრეტული სტრატეგიის და ბუნებრივი გარემოებების შეუფასებლობის გამო, საქართველოში, სავარაუდოდ, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა სერიოზულ ზიანს იღებს. მაგალითად, GAHP-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა გარემოს დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით ევროპაში მეორე ადგილზეა (პირველობას სერბეთი გვართმევს).

ალბათ შენიშნავდით, რომ მთავარი პრობლემა რომელსაც ვაწყდებით, მონაცემების ნაკლებობაა. მეტიც, ამ სტატიის ოდნავ ემპირიული ხასიათი გაეროს მიერ ჩატარებული კვლევების გამოა შესაძლებელი. მონაცემთა ნაკლებობის გამო, ეკონომიკური და ადამიანური ზარალი გარდაუვალია. ზარალი, რომელიც მინიმალური სახელმწიფო დანახარჯებით არიდებადია. რაც საქართველოში ბუნების დაცვის და ენერგოპოლიტიკის მხრივ ხდება, გარდა იმისა, რომ ტრაგიკულია, ცოტა კომიკურიცაა.

თვალჭრელიძის მოყვანილი მაგალითი განვიხილოთ, კერძოდ "გეოლოგიური სამსახურის" გაუქმება. მსგავსი სამსახური შეიძლება კერძოც იყოს, მაინცდამაინც ეროვნული ინსტიტუტი არაა საჭირო, რომ რაღაც ანალიზი გაკეთდეს, თუმცა ჩემი და ბევრი მეცნიერის აზრით, მსგავსი ეროვნული ინსტიტუტის ქონა უმჯობესია. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს საქართველომ საჯარო ტრანსპორტი ან ენერგომომარაგების სამსახურები (ხშირად სახელმწიფოს ტენდერით მომუშავე კერძო კომპანიებია, მაგრამ ეს დროებით გვერდზე გადავდოთ) გააუქმოს ან დენის მიწოდების სტანდარტები მოსპოს, თან ისე, რომ ის არც არაფრით ჩაანაცვლოს: არც პრივატიზება, არც არაფერი... უბრალოდ რომ აღარ იარსებოს. ამის ეკონომიკური ზარალის მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია.

"გეოლოგიური სამსახურის" გაუქმების, კვლევითი ინსტიტუტებისთვის დაფინანსების შემცირების და აღნიშნულ საკითხებზე კანონმდებლობის გაუქმების ან არარსებობის შედეგები მყისიერი არაა, თუმცა, დროთა განმავლობაში საგრძნობი ხდება.

პარტიებს შორის ზედაპირულ დაპირისპირებებს და "ფასილიტაცია-მედიტაციის" პრობლემებს მიღმა, ძალიან სერიოზული სისტემური რღვები არსებობს, რომელიც ქვეყანას სავარაუდოდ, ძალიან ძვირი უჯდება. სამწუხაროდ ეს საკითხები პოლიტიკური განხილვის საგანი იშვიათადაა. მიუხედავად ამისა, ქართველ მეცნიერთა ნაწილის მონდომებით და ბოლო დროს თუნდაც ენერგეტიკის და გარემოს დაცვის მხრივ გაძლიერებული აქტივიზმით, ისევე როგორც საზოგადოებაში მიმდინარე დებატების დახმარებით, ნელი ნაბიჯებით წინსვლა შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში ოპტიმიზმის მიზეზები ნამდვილად არსებობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ