ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ჰაკათონი Fintech-integrator გაიმართა. ჰაკათონის მიზანი ფინტექ სტარტაპების წახალისება და ახალგაზრდებში ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება იყო.

ჰაკათონზე 60 ადამიანი იყო დარეგისტრირებული და ისინი 14 გუნდად გადანაწილდნენ. გუნდების მონაწილეები 48 საათის განმავლობაში ახალი ციფრული პროდუქტების მოსაფიქრებლად და სამუშაო პროტოტიპების შესაქმნელად მუშაობდნენ. საუბარია ფინანსური ტექნოლოგიების სამ მიმართულებაზე:

  • გადახდები;
  • ფინანსების ციფრული მართვა;
  • Embedded Finance.

ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. სამივე გუნდმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ბიზნეს კლინიკის საკონსულტაციო სესიების სრული პაკეტი მიიღო. ეს მენტორებთან ინდივიდუალური კონსულტაციებს მოიცავს. კონსულტაციები ისეთი მიმართულებებით იქნება, როგირიცაა პროდუქტის დიზაინი, ბიზნესის გეგმის დაწერა, მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა, საგრანტო განაცხადების მომზადება და სხვა.

ასევე, პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა საქართველოს ბანკისგან 2000 ლარიანი ვაუჩერი მიიღო.

როგორც გამარჯვებული გუნდის წევრი, დავით ბერულავა გვიყვება, მსგავს ჰაკათონში მონაწილეობა დიდი ხნის მანძილზე უნდოდა. შესაბამისად, თემასთან დაკავშირებულ სიახლეებს თვალს ხშირად ადევნებდა. ცოტა ხნის წინ კი, BTU-ს განცხადება ნახა, სადაც "ინიციატივა 5.0"-ის ფარგლებში ფინტექ ჰაკათონი ტარდებოდა. მას და მის გუნდს ფინტექის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და ჰაკათონში მონაწილეობაც გადაწყვიტეს.

რაც შეეხება უშუალოდ გუნდის წევრებს, ესენი არიან: რეზი ჯიხვაძე, ალექსი ტაბიძე, მირიან ქურციკიძე და დავით ბერულავა. რეზი, ალექსი და დავითი კრედო ბანკის თანამშრომლები არიან, მირიანთან კი დავითს, საოლიმპიადო პროგრამირების განხრით, 6 წლიანი საერთო გამოცდილება აკავშირებს.

დავითი ჰაკათონის დავალებაზე და მათ მიერ მისი გადაჭრის შესახებ მესაუბრა:

"ჩვენ ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით, ინოვაციური პროდუქტის იდეის მოფიქრება და მისი პროტოტიპის შექმნა გვევალებოდა. სამი ასარჩევი მიმართულებიდან, ჩვენ Embedded Finances ავირჩიეთ. შედეგად შევქმენით იპოთეკური სესხის კალკულატორი, რომელიც მომხმარებელსა და საბანკო სექტორს ეხმარება უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებაში", — მითხრა დავითმა.

მსგავს ჰაკათონებში მონაწილეობა ყოველთვის ახალ ცოდნასა და გამოცდილებას უკავშირდება. ამ შემთხვევაში კი მისი შედეგი უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ ცოდნის დაგროვება. გუნდი პროდუქტის დახვეწასა და რეალურ სამყაროში ინტეგრირებაზე იმუშავებს.

"ჰაკათონი ჩვენთვის იყო პროფესიული გამოცდილება, იმისთვის რომ დროის მცირე მონაკვეთში, ჩვენი შესაძლებლობები უკეთ გამოგვევლინა. ვფიქრობ, ეს ცოდნა მომავალში ყოველ ჩვენთაგანს გამოადგება გუნდური მუშაობისას მაქსიმალური შედეგის დასადებად. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ვგეგმავთ პროდუქტი დავხვეწოთ, განვავითაროთ და რეალურ სივრცეში დავაინტეგრიროთ", — ამბობს დავით ბერულავა.

თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.