რატომ ენათმეცნიერება: გენერაციული გრამატიკა — ინტერვიუ ლეა ნეშთან და დენიელ ჰარბორთან
ენათმეცნიერება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი დარგია, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით საინტერესოა ენათმეცნიერების თანაკვეთა სხვა დისციპლინებთან, იქნება ეს ფილოსოფია, ფსიქოლოგია თუ ბიოლოგია.
მეოცე საუკუნის კოგნიტურმა რევოლუციამ ენათმეცნიერების ახალი მიმდინარეობები გააჩინა, იქნება ეს გენერაციული გრამატიკა, რომელზეც არაერთხელ დამიწერია, კოგნიტური ლინგვისტიკა, ლექსიკურ-ფუნქციური გრამატიკა და ა.შ. ენათმეცნიერებაში კვლევის დიდი ნაწილი ეთმობა არა უშუალოდ რომელიმე ენის და მისი წარმომავლობის შესწავლას, არამედ ენის "ფსიქოლოგიურ" კომპონენტს. როგორ ვსწავლობთ ადამიანები ენას? რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში და საერთოდ, რა არის ენა და რითი გამოირჩევა ის სხვა კოგნიტური უნარებისგან.
ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც ამ კითხვისთვის პასუხის გაცემას ცდილობს, გენერაციული გრამატიკის სახელითაა ცნობილი. ამ მიდგომაზე სტატია ცოტა ხნის წინ დავწერე, მას შემდეგ რაც ორ გენერატივისტ ენათმეცნიერს, ლეა ნეშს და დენიელ ჰარბორს ვესაუბრე.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, გენერაციული გრამატიკის მიმდევრები რამდენიმე ფუნდამენტურ დაშვებას აკეთებენ: ენას აქვს გენეტიკური კომპონენტი, რომლის მეშვეობითაც მის ათვისებას ვახერხებთ. სინამდვილეში ენას კი არ ვსწავლობთ, არამედ ვითვისებთ. იგივენაირად, ბავშვი სიარულს კი არ "სწავლობს", არამედ განვითარების რაღაც მომენტში ის ფეხს იდგამს, რადგან ეს უნარი მისთვის თანდაყოლილია, როგორც ფრინველებისთვის ფრენა და ა.შ.
შესაბამისად გენერატივისტები ვარაუდობენ, რომ ყველა ენა საერთო პრინციპებს ექვემდებარება. პრინციპებს, რომლებიც ბიოლოგიურად შესწავლილი არ გვაქვს, ამიტომ გენერატივისტები ფორმალურ წესებს და თეორიებს ადგენენ. ამგვარად, ენა "კომპუტაციურ მექანიზმს" გავს: ჩვენ თავში გვაქვს რაღაც მენტალური "პროგრამა", რომელიც იღებს ინფორმაციას და აგენერირებს წინადადებებს. პროგრამას, როგორ ყველა მენტალურ უნარს, თავისი შეზღუდვები აქვს და ამ შეზღუდვების სწავლაც საინტერესოა.
ენის ასე "ალგორითმად" და "პროგრამად" წარმოჩენა და ფორმალური თეორიების აგება, მეოცე საუკუნეში, მათემატიკაში და ლოგიკაში გაკეთებული მიგნებებიდან მომდინარეობს. "რეკურსია", მაგალითად მათემატიკური ცნებაა რომელიც ენათმეცნიერებაში, სასრული საშუალებებით უსასრულო წინადადებების გენერირების შესაძლებლობას იძლევა. მართლაც, უსასრულოდ გრძელი წინადადებები შეგიძლიათ თქვათ:
1. ტატომ თქვა რომ მაგარია 2. ივამ თქვა, რომ ტატომ თქვა, რომ მაგარია 3. მარიამმა თქვა, რომ ტატომ თქვა, რომ მაგარია...
ეს მიდგომა, რომ ადამიანური ენა, მისი სინტაქსი, მორფოლოგია, ფონეტიკა და ა.შ შეგვიძლია გარკვეული ფორმალური, ხშირად წმინდად მათემატიკური მიდგომით განვიხილოთ, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. იდეა მართლაც რევოლუციურია და ამან საფუძველი უამრავ ახალ კვლევას და საინტერესო დისციპლინას დაუდო.
გენერატივისტულ მიდგომას, პირველ რიგში, კოგნიტური ლინგვისტიკა უპირისპირდება. კოგნიტური ლინგვისტები ხშირად მიიჩნევენ, რომ მეტყველების უნარი და ენის ათვისება სხვა კოგნიტური პროცესების შედეგია და ამ დისციპლინაში მომუშავე მეცნიერები ცდილობენ აჩვენონ, რომ ის რაც ხშირად მეტყველებისთვის სპეციფიურად მიიჩნევა, სინამდვილეში სხვა მენტალურ უნარებს უდევს საფუძვლად. მარტივად რომ ითქვას, ენის რაობაზე და მის ათვისებაზე საინტერესო აკადემიური დებატი დღემდე მიმდინარეობს, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ გენერატივისტების გამოცდილებაზე ვისაუბრებთ.
განსხვავებული მიდგომა ენათმეცნიერებისადმი
"სკოლაში და უნივერსიტეტებში ამა თუ იმ ენას ძალიან ვიწრო წესების ფარგლებში ვსწავლობთ. მასწავლებლები სულ ამბობენ აი ამის თქმა არასწორია, ეს ასე არ იწერება, ეს შეცდომა... აი ასე უნდა დაწერო", — ამბობს დენიელ ჰარბორი. "იდეა, რომ ენათმეცნიერი ცდილობს კანონზომიერება იპოვოს ისეთ წინადადებებში, რომლების თქმაც არ შეიძლება, ყველაფერს თავდაყირა აყენებს".
ჰარბორი აქ მნიშვნელოვან გარემოაბას უსვავს ხაზს. გრამატიკის სტანდარტულ სახელმძღვანელოებში გარკვეულ წესებს გვასწავლიან, მაგალითად როგორ ვაბრუნოთ ზმნა, როგორ გავმართოთ წინადადება და ასე შემდეგ. თუმცა, რეალურად, როცა 2-3 წლის ბავშვები ლაპარაკს სწავლობენ, ისინი წინადადებების გამართულობას შანიძის ნამუშევრებით არ აფასებენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ბავშვები მაინც ითვისებენ ენისთვის სპეციფიურ ისეთ წესებს, რომლებიც ექსპლიციტურად მათთვის არავის უსწავლებია, თან იმდენად ეფექტურად, რომ ძალიან მალე ისინი პრაქტიკულად სრულად გამართული სინტაქსით საუბრობენ.
როგორ იქმნის ბავშვი წარმოდგენას გრამატიკულ და არაგრამატიკულ წინადადებებზე? როგორ ახერხებს ისე სრულიად ახალი წინადადებების წარმოთქმას, რომელიც სინტაქსურ წესებს ემორჩილება? ეს საიტნერესო კითხვებია, რომელზეც აქტიური დებატი მიმდინარეობს.
ლეა ნეში, რომელიც ასევე ენათმეცნიერია, ამბობს რომ გენერაციული გრამატიკის შესახებ პირველად იერუსალიმში უნივერსიტეტში სწავლისას შეიტყო.
"უცებ გავაცნობიერე, რომ ენის შესწავლა მარტო იმის სწავლას არ ნიშნავს, რაც წიგნებში წერია. ენათმეცნიერებაზე ენის სწავლა, რეალურად, ტექსტის შესწავლა იყო".
ლეა კიდევ ერთ საინტერესო გარემოებაზე საუბრობს: ენა ბევრნაირი შეიძლება არსებობდეს. მთავარია ის ემორჩილებოდეს გარკვეულ სინტაქსურ წესებს. მაგალითად, შემიძლია მოვიგონო ენა, რომელიც მხოლოდ a და b სიმბოლოებისგან შედგება და მისი მეშვეობით ინფორმაცია ისევე გადავცე, როგორც ამას ქართულ ენაზე ვიზამდი.
მაგალითად, შემიძლია მოვიგონო წესი სადაც ერთდროულად ორი a-ს დაწერა (aa) უარყოფას ნიშნავს, ხოლო aaaa ხეს, aaaaa მთვარეს bbbb განათებას და ჩავწერო, რომ
aaaaa aa bbbb — მთვარე არა განათება, ანუ მთვარე არ ანათებს. მაგრამ ასეთი ენა ბუნებაში არ არსებობს. რატომ? რატომაა ყველა ენა მსგავსი? ეს საინტერესო კითხვა, რომელიც ასევე კვლევის საგანია. "იდეა, რომ მხოლოდ რაღაც ტიპის ენები არსებობს და რაღაც ტიპის ენები არ არსებობს, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო", — ამბობს ლეა.
"ზოგადად, ენათმეცნიერობას არ ვაპირებდი. მესამე კურსზე ისეთი "აჯანყების" ფაზა მქონდა, როცა უნივერსიტეტში სწავლა დიდად აღარ მომწონდა. თუმცა, ფონოლოგიის კურსის გამოცდისთვის მომზადება გადავწყვიტე. არცერთ ლექციას არ დავსწრებივარ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ გამოცდისთვის სახელმძღვანელოს გადავიკითხავდი. წიგნს, რომელზეც ჩემი ლექტორი საუბრობდა ერქვა 'Sound patterns of English'... ვიფიქრე უბრალოდ წავიკითხავ, რამეს გავიგებ და გამოცდას დავწერ თქო. წიგნი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე და ენათმეცნიერებისადმი დაუოკებელი ინტერესი გამიჩნდა".
"მეც ზუსტად იგივე რაღაც ვქენი", — ამბობს დენიელი. "მათემატიკაზე როცა ვსწავლობდი და უნივერსიტეტი ყელში მქონდა, გადავწყვიტე რომ უბრალოდ სახელმძღვანელოს წავიკითხავდი. მათემატიკის და ფილოსოფიის კურსზე, ენას ლოგიკის ჭრილში ვსწავლობდით, რაც რაღაც ეტაპზე მოსაწყენი გახდა იმიტომ, რომ წარმოდგენა მრჩებოდა, რომ ხანდახან ენის ფორმალური ლოგიკით აღწერა არასათანადო იყო. ის კი არ მაინტერესებდა, რა შეიძლება იყოს ენის ბუნება, არამედ მაინტერესებდა რეალურად როგორია ენა".
გენერაციული გრამატიკის wow მომენტი
მიუხედავად იმისა, რომ გენერაციული გრამატიკა მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში იღებს სათავეს, ის დღემდე ძალიან განვითარებადი სფეროა, საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ენის შესწავლისადმი სხვადასხვა მიდგომები უკვე არსებობს, რომლებიც არანაკლებ საინტერესოა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან განსხვავებით, ბევრი სფერო ემპირიულ კვლევებს თავდაჯერებულობით ვერ ეფუძნება და შესაბამისად, ასეთ სფეროებში არსებული თეორიები, ისევე როგორც ფუნდამენტური დაშვებები, ნებისმიერ მომენტში, ახალ ინფორმაციასთან ერთად შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.
მე თუ გენეტიკოსობა გადავწყვიტე, რაღაც გაგებით "დაცული" ვარ იმიტომ, რომ ვერავინ გაამცდარებს იმას, რომ მაგალითად დნმ ორჯაჭვიანია, რომ ის ნუკლეოტიდური წყვილებისგანაა აგებული, რომ ცილას აკოდირებს და ა.შ. ამ საკითხებზე არც არავინ დავობს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ თეორიებზე შესაძლოა აქტიური დებატი მიმდინარეობდეს. გენერაციული გრამატიკის ფუნდამენტური დაშვებები კი ასე გამყარებული არ არის და მთლიანი დისციპლინა მეტწილად ჰიპოთეზებს, ვარაუდებს და დაშვებებს ეყრდნობა.
"სიმართლე ისაა, რომ როცა 22-23 წლის ვიყავი ამაზე უბრალოდ არ ვფიქრობდი. ახალგაზრდები ზოგადად სულელები არიან და მე გამონაკლისი არ ვყოფილვარ. უბრალოდ ინტერესი მქონდა და ამ ინტერესს მივყევი," — ამბობს დენიელი.
"ენათმეცნიერებაში ძალიან შემთხვევით აღმოვჩნდი. სტუდენტობისას, ოქსფორდში სადაც ვსწავლობდი, MIT-იდან ძალიან გავლენიანი პროფესორი ჯეიმს ჰიგენბოთემი ჩამოვიდა, ვისი რჩევითაც MIT-ში გავაგრძელე მაგისტრატურაზე სწავლა. კონკრეტულად მორფოლოგიაც იმიტომ ავირჩიე საკვლევად, რომ კარგი ლექტორი მყავდა", — დასძენს ის.
ლეაც მსგავს ისტორიას ყვება: "ფონოლოგიის ლექტორი რომ მყოლოდა, ფონოლოგიას გავყვებოდი. მორფოლოგიის საინტერესო კურსი რომ მქონოდა, მორფოლოგიას ავირჩევდი".
ლეა და დენიელი ამბობენ, რომ თავის დროზე, გენერაციული გრამატიკა ენათმეცნიერებაში დისციპლინის ბუნებრივ ევოლუციად ეჩვენებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ გენერაციული ლინგვისტიკა ახლანდელი გადმოსახედიდან რევოლუციურ იდეად და ხშირად მოძველებულ პრაქტიკად მოიაზრება, ლეა და დენიელი ამბობენ, რომ სტუდენტობისას ისინი ამას ვერ გრძნობდნენ.
ადამიანებს ხშირად გვაქვს ხოლმე "გაცნობიერების მომენტი", როცა გარკვეული საკითხის კვლევისას თითქოს ლოგიკური ჯაჭვი იკვრება და ეს ძალიან შთამბეჭდავი გრძნობაა. ლეას თქმით რაც არ უნდა იყოს ენის საიდუმლო, გენერაციული გრამატიკა როგორც დისციპლინა, ენის აღწერის უნიკალურ და საინტერესო საშუალებას იძლევა.
კომენტარები