ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია ყველაფერს გააკეთებს დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის და განიხილება ყველა რაციონალური წინადადება.

"ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. რა თქმა უნდა, განიხილება ყველა რაციონალური წინადადება, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პოზიცია და გარწმუნებთ, რომ ქართული ოცნება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით ჩვენი საზოგადოების წინაშე და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე", — განაცხადა კობახიძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: