ერთი კაცის პროტესტი
ბოლო 10 თვის განმავლობაში ბათუმში თუ ყოფილხართ, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ალბათ შენიშნავდით კაცს საპროტესტო ბანერით. ეს ვაჟა ანინიძეა, ბათუმის საზღვაო აკადემიის უკვე ყოფილი ლექტორი — 10 თვეა, წვიმასა თუ ქარში, თოვლსა თუ სიცხეში ის სასწავლო დაწესებულებასთან სხვადასხვა ბანერით დგას და სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს.
საზღვაო აკადემია ის უნივერსიტეტია, რომელიც, მეტწილად, მეზღვაურებს ამზადებს. ბათუმში ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, თუმცა საფრთხილოც — ღია ზღვაში დარჩენა რამდენიმე თვის, ხანდახან კი მთელი წლის განმავლობაშიც უწევთ. რამდენად უსაფრთხოდ იქნებიან მეზღვაურები წყალში, დამოკიდებულია იმაზეც, როგორი მომზადებულები დატოვებენ ისინი ხმელეთს. მათი მომზადება და განათლება კი პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციასა და კომპეტენციაზეა დამოკიდებული. სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს კითხვები და პროტესტი ვაჟა ანანიძეს, რომელიც 2020 წელს საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს. ამას წინ უძღოდა აკადემიის რექტორის პლაგიატში დადანაშაულება. ანანიძე ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
On.ge-მ ვაჟა ანანიძისგან მოისმინა, რა კონკრეტული პრობლემების გამო მოუწია საზღვაო აკადემიასთან დაპირისპირება, რას აპროტესტებს უკვე თითქმის ერთი წელია და როგორია მისი სიმართლე.
რა ხდებოდა პროტესტამდე
ვაჟა ანანიძე ამტკიცებს, რომ აკადემიის რექტომა, ირაკლი შარაბიძემ სამეცნიერო ნაშრომი კი არ დაწერა, მოიპარა. მიიჩნევს, რომ სწორედ ამ თემაზე კითხვების დასმის გამო გაუშვეს სამსახურიდან. ანანიძე საუბრობს ლექტორების აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე და ამბობს, რომ ისინიც, შარაბიძის მსგავსად, ან პლაგიატს მიმართავენ, ან ერთგვერდიან ნაშრომს რამდენიმე თანაავტორი ჰყავს. უკვე ყოფილი ლექტორი აპროტესტებს არაპროფესიონალი კადრების საპასუხისმგებლო თანამდებობეზე დანიშვნასაც.
ანანიძემ საზღვაო აკადემიაში მუშაობა 2008 წელს დაიწყო. მას აკადემიური დოქტორის ხარისხი აქვს, იყო მოწვეული პროფესორი, შემდეგ კი ასოცირებულ პროფესორად აირჩიეს. გათავისუფლებამდე უნივერსიტეტის სარედაქციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ასევე, იყო სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის კოორდინატორი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობაა.
"ამ თანამდებობაზე რექტორს არ შევურჩევივარ. იმ პერიოდში მისთვის სულერთი იყო, ვინ იქნებოდა ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი, რადგანაც რაიმე ტიპის პირად სარგებელს ამ საქმიანობაში ვერ ხედავდა. ამ სფეროთი მაშინ დაინტერესდა, როცა გაიგო, რომ უმაღლესი სასწავლებელი კვლევებში გარკვეულ (აკადემიის ბიუჯეტის 2-3%) თანხებს თუ არ ხარჯავს, მისთვის რთული იქნება ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლა", — გვეუბნება ანანიძე.
ანანიძის თქმით, აკადემიამ ავტორიზაციის პროცესი 2018 წლის 1 სექტემბერს დაასრულა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მორიგი 7-წლიანი უფლება მოიპოვა. კვლევებს შორის იყო რექტორის ნაშრმომიც. მისი აზრით, ირაკლი შარაბიძე ამით დარწმუნდა, რომ მისი ნამუშევრები არავის შეუმოწმებია და შეეძლო, უფრო "დიდი ზომის ნაშრომები" შეექმნა და კვლევა დაერქმია.
ანანიძის თქმით, რექტორი გეგმავდა, ე.წ. თაღლითური კონკურსების ჩატარება დაეწყო, სადაც თანხებს უკან დაიბრუნებდა და სწორედ აქ გაჩნდა მთავარი დაპირისპირება.
"თანხებს გამოუყოფდა, ანუ კონკურსში გაამარჯვებინებდა მხოლოდ იმ მეცნიერ-მკვლევრებს, რომლებმაც ამ საქმის არა იციან რა და დაიწყებოდა გაცემული თანხების უკან დაბრუნების პროცესი, ე.წ. ატკატი — რეალური დაპირისპირება ამ პროცესს უკავშირდება", — ამბობს ის.
გარდა ამისა, ანანიძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც რექტორის, ირაკლი შარაბიძის სრულ პროფესორად არჩევის მექანიზმს, ასევე, მისი გამოცდილებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხს.
"2015 წელს შარაბიძე იცავს დისერტაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხდება აკადემიური დოქტორი და რამდენიმე თვეში, ეტაპების გაუვლელად, სრული პროფესორი. უმაღლესი განათლების კანონის მიხედვით, სრულ პროფესორად აირჩევა ისეთი პირი, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობის 6-წლიანი სტაჟი აქვს. შარაბიძეს კი ჰქონდა სამი.
ვაჟა ანანიძე ამბობს იმასაც, რომ შარაბიძის დისერტაცია სათაურს სანახევროდ პასუხობს და ამავდროულად, მითვისებულია სხვა ავტორებისგან. ამიტომ, მას მოიხსენიებს როგორც "არადოქტორს და თვითმარქვია პროფესორს".
მისი თქმით, მოუწოდებდა რექტორს, გაეტანა აკადემიური ნაშრომები შესამოწმებლად, თუმცა ის ამას "ვერ ბედავს".
"აკადემიას ჰყავს ერთმმართველი უკანონო, არამეცნიერი, არადოქტორი და იმავდროულად თვითმარქვია პროფესორი რექტორი. გარდა ჩამოთვლილისა, იგი არის არალექტორი — 9 წლის მანძილზე აუდიტორიაში არავის უნახავს. მის წილ ლექცია-პრაქტიკულებს მისი მეგობრები ატარებენ და შარაბიძის წლიური სააუდიტორიო დატვირთვა შეადგენს 30 საათს, მაშინ როცა ნორმა 340 საათია".
ყოფილი ლექტორი იხსენებს, რომ აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები სხვა პროფესორ-ლექტორებთანაც აღინიშნებოდა. კერძოდ, ხშირად, 1-გვერდიან ნაშრომებს ოთხი თანაავტორი ჰყავდა, ხშირად კი — ეს ნაშრომებიც მითვისებულ პროდუქტს წარმოადგენდა.
ვაჟა ანანიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინ
ფოტო: ვაჟა ანანიძე/Facebook
მას შემდეგ, რაც ანანიძე სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, კონფერენცია გააუქმა, რადგან მისი თქმით, სულ 4 რეალური ნაშრომი დარეგისტრირდა.
"2017 წლიდან, როცა სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე გავხდი, მე და ამ კომიტეტის კიდევ რამდენიმე წევრმა, არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საწყის ეტაპზე, საქმეს შერბილებული პასუხისმგებლობით მოვკიდებოდით, თუმცა ამას მაინც მოჰყვა ნაშრომების შემოსვლის შემცირება და 2018 წელს გასამართი კონფერენცია ჩაიშალა, რადგან სულ 4 რეალური ნაშრომი შეგვრჩა ხელთ".
ყოფილი ლექტორი გვიყვება, რომ აკადემიის რექტორმა ამ პირობებში კონფერენციის გამართვაზე უარი განაცხადა და გადაიდო შემოდგომისთვის. ამას აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან პროტესტი მოჰყვა — "აქაოდა, პლაგიატი არ მტკიცდება და თქვენ რას იგონებთო, ვინ ჰკითხავს მაგას, ჩვენ რას დავწერთ და რას გამოვაქვეყნებთო". ანანიძე ამბობს, რომ იმ პერიოდში, რექტორი შარაბიძე "გარეგნულად" მხარს უჭერდა მის პოზიციას.
ფოტო: ვაჟა ანანიძე/Facebook
ის გვიყვება, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, როცა აკადემიის მართვის ერთ-ერთ ორგანოში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, 2019 წლის გაზაფხულზე ხელმძღვანელად დაინიშნა ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (BAU) გადმოყვანილი ქიმიის დოქტორი, ნინო ყურშუბაძე. როგორც ანანიძე ამბობს, იგი აკადემიაში გადმოსვლიდან მოკლე დროში რექტორმა შარაბიძემ ნავიგაციის პროფესორად აირჩია.
"ალბათ დამეთანხმებით, ჯერ იმის წარმოდგენაა რთული, სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოყვანილი ქიმიის აკადემიური დოქტორი როგორ აქციეს ნავიგაციის პროფესორად, ხოლო შემდეგ იმისი, უმაღლეს სასწავლებელს ხარისხის უზრუნველმყოფად რომ მოუვლინეს იგი. აკადემიაში ყველამ იცის, რომ ყურშუბაძე ახლო ურთიერთობაშია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, თამარ იოსელიანთან", — გვიყვება ანანიძე.
მისივე თქმით, ამ გადაადგილებით შეიკრა წრე იმათ მიერ, ვისაც უფრო "დიდი გეგმები" ჰქონდა. ამ გეგმების "ავტორებად" ის იოსელიანსა და შარაბიძეს მოიხსენიებს, მათ "ადგილობრივი დონის გამპრავებლად" კი — ყურშუბაძეს.
ფოტო: ვაჟა ანანიძე/Facebook
ანანიძე აღნიშნავს, რომ გეგმებს შორის იყო საზღვაო აკადემიაში დაჩქარებული წესით დოქტორანტურის შემოღება, რაც 2020 წლის ბოლომდე ჰქონდათ განზრახული, მაგრამ პროტესტი გამო გაურკვეველი ვადით გადადეს.
"ალბათ რთული არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა ტიპის დოქტორანტურას შექმნიდნენ და როგორ წარმართავდნენ პროცესებს აქ ხსენებული პირები სამეცნიერო რესურსის 80-90%-ით უქონლობის პირობებში".
ყოფილი ლექტორი ამბობს, რომ გეგმაში იყო საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციაც, რაც გულისხმობდა გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საზღვაო სასწავლებლების ჩართულობით მესამე ქვეყნებიდან სტუდენების ბათუმში მოწვევას და მათზე ერთობლივი დიპლომის გაცემას. ვაჟა ანანიძის თქმით, ეს მოხდა იმ პირობებში, როცა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს არ ჰყავდა ხელმძღვანელი და კადრებიც არასაკმარისი იყო.
ვაჟა ანანიძე იხსენებს, რომ როგორც კი დოქტორანტურის იდეაზე შეიტყო, რექტორთან მივიდა და სთხოვა, არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, რაზეც ის დაეთანხმა, თუმცა რადიკალურად განსხვავებულად მოიქცა.
ფოტო: ვაჟა ანანიძე/Facebook
"როცა პირველად გაჟღერდა დოქტორანტურის შემოღების იდეა, 2019 წლის ნოემბრის
მიწურული იყო. რექტორ შარაბიძესთან შევედი და ვთხოვე, ამ პირობებში არ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება. მან მითხრა: არც ვაპირებო. მინდა დავრწმუნდე, რა რესურსი აქვთ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებსო. თავად კი, იმავე წლის 16 დეკემბერს, სენატის ბრძანება გამოსცა დაჩქარებული წესით დოქტორანტურის შემოღების შესახებ".
ანანიძის განცხადებით, თავად ეს დოკუმენტი 2020 წლის იანვრის ბოლოს ნახა, რის შემდეგაც გამოიტანა დასკვნა, რომ რექტორი შარაბიძე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელმძღვანელის გვერდის ავლით თავისი სრულიად სხვა ტიპის ჩანაფიქრის განხორციელებას ცდილობდა.
ყოფილი ლექტორი ამბობს, რომ რექტორთან, აკადემიურ პერსონალთან და ზოგადად, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის არაერთი ფორმა სცადა, თუმცა მათ არაფერი მოიმოქმედეს.
"როგორც შარაბიძეს, ისე მის მოადგილეებს, 2020 წლის თებერვალში, შიდა სააკადემიო ფოსტით ვუგზავნიდი წერილებს აქ არსებული სამეცნიერო თუ სხვა პრობლემების შესახებ. ისინი არ მპასუხობდნენ. მარტში ადრესატებში აკადემიური პერსონალიც შევიყვანე, დაახლოებით 80 ადამიანი. აპრილში კი დავიწყე წერილების დაგზავნა All-ზე, სადაც იყო დაახლოებით 250 ადამიანი. All-ში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობაც შედიოდა.", — გვიყვება ვაჟა ანანიძე.
მისივე თქმით, მაისიდან დაიწყო ოფიციალური წერილების ფოსტით დაგზავნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის, რომელსაც, მისი თქმით, პასუხი დღემდე არ გაუცია, და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, რომელიც კანონით გათვალისწინებულ ვადებში აწვდიდა პასუხებს, მაგრამ "რეალურად არაფერი მოუმოქმედებია".
ფოტო: vaja ananidze/facebook
"ჩვენ, ფაქტობრივად, უშუალო სიტყვიერი დაპირისპირებაც კი არ გვქონია. ეს იყო პოზიციური დაპირისპირება — ის ცდილობდა ადმინისტრაციული რესურსის, მათ შორის ეთიკის კომისიის გამოყენებით თავიდან მოვეშორებინე, მე კი წერილობით ვამხელდი მის ქცევებს და იმას, რაც გაუკეთა აკადემიას".
ვაჟა ანანიძე გვიყვება, რომ ივნისის დასაწყისში რექტორმა თავისი ერთ-ერთი მოადგილე "გამოუგზავნა", რომელმაც აკვარიუმის აკადემიაზე მიერთების შემდეგ გაერთიანებული სამეცნიერო სტრუქტურის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზა, გაზრდილი ხელფასით, რაზეც მან უარი უთხრა — თევზების მეცნიერი არ ვარო.
ამ ამბიდან ერთ კვირაში კი, მისი თქმით, დანიშნეს ეთიკის კომისიის პირველი სხდომა და დაიწყეს აკადემიიდან "ოფიციალური გაძევების" პროცესი.
ფოტო: ვაჟა ანანიძე/Facebook
რექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ანანიძე სასწავლებლიდან 2020 წელს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, 22 ივლისიდან, ის პროტესტის აქტიურ რეჟიმში გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში მიმართა კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას, შესაძლებლობასა და მეთოდს.
დავა სასამართლოში
ვაჟა ანანიძე სამსახურიდან გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებს, სადაც მის ინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ბათუმის ფილიალი იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენელი, თეო ზაქარაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ სარჩელით ანანიძის გათავისუფლების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის მიღებას ითხოვენ. ამასთან, განხილვების პროცესში, უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვეს ვაჟა ანანიძის ორივე ვაკანტურ პოზიციაზე ახალი თანამშრომლის დანიშვნის შეზღუდვა, გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა.
სასამართლომ აკადემიას ახალი თანამშრომლის დანიშვნა აუკრძალა, თუმცა, როგორც ზაქარაშვილი ამბობს, 4 დღით ადრე, ისე, რომ არც მათთვის და არც სასამართლოსთვის ამის შესახებ ცნობილი არ იყო, აკადემიამ ანანიძის თანამდებობა საერთოდ გააუქმა.
"მოცემული გარემოება ეჭვს იწვევს, რადგან დროში ემთხვევა და რამდენიმე დღით უსწრებს მხარის სასარგებლოდ მიღებულ განჩინებას", — ამბობს იურისტი.
ფოტო: On.ge
ამავდროულად, აკადემიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი ის ნაწილობრივ ძალაში დატოვა — უნივერსიტეტს მხოლოდ ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე სხვა ადამიანის დანიშვნა აუკრძალა.
რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს ჯერ კიდევ არ დაუწყია.
გარდა ამისა, იურისტი ამბობს, რომ ვაჟა ანანიძეს მუშაობის განმავლობაში აკადემია ხელფასს არ ურიცხავდა, რის შესახებაც სხვადასხვა უწყებას მიაწოდეს ინფორმაცია და რეაგირება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მოახდინა, თუმცა ნაწილობრივ.
"მათ მიერ საკითხის შესწავლის შემდგომ ბათუმის საზღვაო აკადემიას დაუდგინა მთელი რიგი დარღვევები ვაჟა ანანიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. თუმცა რაიმე სხვა ქმედითი ღონისძიება არ მოჰყოლია", — აცხადებს ის.
ვაჟა ანანიძე თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ.
ფოტო: vaja ananidze/Facebook
უპასუხო კითხვები
On.ge დაუკავშირდა საზღვაო აკადემიასაც, სადაც აცხადებენ, რომ ვაჟა ანანიძის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო დისციპლინური საქმისწარმოება, რომელიც დაიწყო 2020 წლის 25 მაისს.
"გამომდინარე იქედან, რომ დისციპლინური კომისია განიხილავდა ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხებს და საქმეში ფიგურირებს როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები, მათი ინეტერესების დაცვიდან გამომდინარე, სხდომები იყო დახურული", — აცხადებენ აკადემიაში.
მათივე თქმით, "თანამშრომელთა ინტერესების დაცვის სურვილის გათვალისწინებით" და "პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპის მიხედვით", კონკრეტულ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ.
"ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი თავად ამ პირების თანხმობის გარეშე გაასაჯაროვოს ან გასცეს რაიმე ინფორმაცია. თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებას მიეწოდება არასწორი ინფორმაცია. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო არა პლაგიატთან დაკავშირებული საკითხები, არამედ თანამშრომლის მიერ ჩადენილი დისციპლინური/ეთიკური გადაცდომები", — აცხადებენ აკადემიაში.
On.ge დაუკავშირდა აკადემიის რექტორს, ირაკლი შარაბიძესაც. მან კითხვებზე პასუხი არ გაგვცა.
"ბოდიში, მაგრამ მაგ თემაზე მე კომენტარს არ ვაკეთებ, დიდი მადლობა", — გვითხრა შარაბიძემ.
საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე.
ფოტო: ბათუმის საზღვაო აკადემია/Facebook
მივმართეთ განათლების სამინისტროსაც, სადაც თავდაპირველად გვითხრეს, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით შეგვეძლო მიგვეღო. საჯარო წერილის გაგზავნის შემდეგ კი, განაცხადეს, რომ ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია საქმეში ჩართული ყველა უწყების ოფიციალური თანხმობა, დადასტურებული ნოტარიუსის მიერ. ამის მიზეზად უწყებაში პერსონალურ მონაცემებს ასახელებენ.
პროტესტი გრძელდება
ანანიძე გვიყვება, რომ რექტორი ან მისი მოადგილე რომ არ გაღიზიანდნენ, ზოგიერთი კოლეგა ცდილობს, თვალი აარიდოს, ზოგიერთი კი პირიქით — მისი ამბით ინტერესდება, რისთვისაც ის მადლიერებას გამოხატავს.
რაც შეეხება სტუდენტებს, როგორც ანანიძე აცხადებს, მათგან უპირობო მხარდაჭერა მიიღო, თუმცა აქციებში მონაწილეობაზე უარი უთხრა, რადგან არ უნდოდა, მის გამო პრობლემები შექმნოდათ.
"სტუდენტები მადლიერების გრძნობით და უარით გავისტუმრე. რატომ? ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ საზღვაო აკადემიის პრობლემები აქციებით ვერ გადაწყდება, ვინაიდან მოკლევადიან გამოვლინებებთან გვექნებოდა საქმე. გარდა ამისა, არ მსურდა, რომელიმე მათგანს რაიმე პრობლემა შექმნოდა აკადემიის ხელმძღვანელობისგან", — ამბობს ის.
ვაჟა ანანიძეს სურს, უმაღლეს სასწვლებლებთან მიმართებაში მედიის, როგორც დამოუკიდებელი შემფასებლის, არბიტრის როლი გაიზარდოს და გააკონტროლოს, როგორ წარიმართება კონკურსები, რა კვალიფიკაცია აქვთ დასაქმებულებს და ა.შ.
ანანიძისთვის გაუგებარია, რატომ არ ექცევა უმაღლეს სასწავლებლებში "კლანურ მმართველობას" ყურადღება, მაშინ, როცა სახელმწიფო უწყებებში მსგავს ფაქტებს მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე.
ფოტო: ვაჟა ანანიძე/Facebook
ამბობს, რომ მისმა პროტესტმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, რაც უფრო მეტი პოზიტიური ცვლილების იმედს აძლევს.
"ერთ შედეგზე უკვე მოგახსენეთ — ეს არის დოქტორანტურის დაჩქარებული წესით შემოღების გადადება განუსაზღვრელი დროით. მეორე შედეგი გახლავთ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში რექტორის ერთ-ერთი მოადგილის, კახიძის გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან. მესამე შედეგი — საზღვაო აკადემიაში არსებული სიტუაციის შესახებ ახლა სახელმწიფომაც, ცალკეულმა უწყებებმაც და საზოგადოებამაც უფრო მეტი იცის, ვიდრე მანამდე. ეს კი იმის იმედს მიჩენს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც ექნება ადგილი აქ უფრო მეტ პოზიტიურ ცვლილებებს".
ფოტო: ვაჟა ანანიძე/Facebook
ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიასთან პროტესტს დღემდე აგრძელებს — ყოველდღე სხვადასხვა "მესიჯით" მიმართავს პასუხისმგებელ პირებს, მთავრობის წევრებს, აკადემიის რექტორს, რომ მისი პრობლემით დაინტერესდნენ და აკადემიაში მდგომარეობა შეისწავლონ, თუმცა პასუხები არ ჩანს.
კომენტარები