ანტარქტიდას ლონდონზე დიდი აისბერგი გამოეყო
პარასკევს ანტარქტიდაზე, გაერთიანებული სამეფოს სადგურთან ახლოს, ბრანტის ყინულის საფარის გახლეჩა დაფიქსირდა. ამჟამად, სადგურზე არავინ იმყოფება, ამიტომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია.
შემოწმებები ბრიტანეთის ჰალის კვლევით სადგურზე, მოსალოდნელი ყინულის საფარის გახლეჩვის გამო, 2017 წლიდან შედარებით ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობდა. კვლევითი სადგური გახლეჩვის ადგილიდან სულ რაღაც 20 კილომეტრითაა დაშორებული.
მეცნიერებს თანამგზავრიდან გადაღებულ სურათები ჯერ არ მიუღიათ. ამ სურათების შესწავლის გარდა, ისინი მიზნად ისახავენ იმის გარკვევას, არის თუ არა დარჩენილი ყინულის საფარზე რამე გაუთვალისწინებელი არასტაბილურობა, რამაც შეიძლება ჰალის კვლევით სადგურს შეუქმნას საფრთხე.
"მიუხედავად იმისა, რომ აისბერგის გამოყოფა ანტარქტიდის ყინულის საფარისთვის სავსებით ნორმალური მოვლენაა, ისეთი დიდი ნაწილის გახლეჩვა, როგორიც ბრანტის ყინულის საფარზე შეინიშნება, მაინც უჩვეულო და ამაღელვებელია", — ამბობს სუონის დისტანციური ზონდირების ექსპერტი, პროფესორი ადრიან ლუკმანი.
"გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი საფარიდან სხვა აისბერგების მოხლეჩვას მომდევნო დღეებისა თუ კვირების მანძილზე? ამას დრო გვიჩვენებს. სუონის უნივერსიტეტში აქტიურად შევისწავლით ყინულის ფენათა გადაადგილების დინამიკას, რადგან ზოგიერთი მათგანის მოძრაობა შედეგად იწვევს დამატებით სხვა აისბერგების წარმოქმნას, თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. აღნიშნულის მიზეზების შესწავლამ კი შეიძლება მიგვიყვანოს იმ ახსნამდე, თუ საერთოდ რატომ არსებობს ყინულის საფარი", — განუცხადა მან BBC News-ს.
აღსანიშნავია, რომ ბრანტის ყინულის საფარი უედელის ზღვის აღმოსავლეთითაა განთავსებული. ასეთი გახლეჩვა უკანასკნელად 1970-იანი წლების დასაწყისში დაფიქსირდა.
მკვლევრების შეფასებით, აისბერგის ფართობი დაახლოებით 1 270 კვადრატული კილომეტრია. ამ მაჩვენებლით იგი ლონდონის ფართობს უახლოვდება (1 500 კვადრატული კილომეტრი). თუმცა, ამაზე უფრო ვრცელი აისბერგი 2017 წელს გამოეყო ლარსენ სის ყინულის საფარს, უედელის ზღვის დასავლეთ მხარეს.
"მონაცემები ანალიზისთვის კემბრიჯშია გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენ ვიცით რა ხდება ანტარქტიდაზე ზამთარშიც კი — როდესაც სადგურზე არც ერთი თანამშრომელია", — დაამატა ლუკმანმა.
არის თუ არა ეს კლიმატის ცვლილების შედეგი? — არა
აისბერგების გახლეჩვა ყინულის საფარის ნაპირიდან ძალიან ბუნებრივი მოვლენაა. საფარმა უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა და აისბერგის გამოყოფა ამ ბალანსის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. უედელის ზღვის სხვა მხარეს არსებული ანტარქტიდის ნახევარკუნძულისგან განსხვავებით, აქ მეცნიერებს კლიმატის ცვლილების ნიშნები არ შეუნიშნავთ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა ზემოთ აღწერილ პროცესს.
მეტიც, მკვლევრების შეფასებით, ბოლო ასი წლის მანძილზე მაინც, ბრანტის საფარმა ყველაზე დიდ ზომას მიაღწია. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს მოვლენა ბევრად უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო.
კომენტარები