ვეშაპები და დელფინები სიმსივნურ დაავადებებს ადამიანებზე უკეთ უმკლავდებიან. ამის მიზეზი კარგად ცნობილი არ არის, თუმცა ახალი კვლევა სიმართლესთან გვაახლოებს.

"თუ უფრო მეტი უჯრედი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ სიმსივნური დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალია", — ამბობს ჩილეს აუსტრალის უნივერსიტეტის მკვლევარი, დანიელა ტეჯადა-მარტინეზი. "ანუ, თუ დიდი ზომის ხარ და დიდ ხანს ცოცხლობ, უჯრედის სიმსივნურ უჯრედად გარდაქმნის რისკი უფრო მაღალია".

ფაქტი, რომ უზარმაზარ ვეშაპებში კიბო იშვიათია, პარადოქსულია. მეცნიერები ხანდახან ხუმრობენ, რომ ვეშაპების ზომის გათვალისწინებით, ისინი საერთოდ არსებობას ვერ უნდა ახერხებდნენ ისე, რომ კიბო არ დაემართოთ. როგორც ირკვევა, სიმსივნური დაავადებებისადმი რეზისტენტულობა, ვეშაპების და დელფინების ევოლუციური შეგუებულობის შედეგია. ამას მათი დნმ-იც მოწმობს.

ტეჯადა-მარტინეზმა და კოლეგებმა 1077 სიმსივნის სუპრესორი გენი-ის (TSGs) ევოლუცია შეისწავლეს. გენების ევოლუცია მკვლევრებმა 15 ძუძუმწოვარ სახეობაში შეადარეს. გაირკვა, რომ ვეშაპისნაირები, სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით 2,4-ჯერ უფრო სწრაფად წარმოქმნიდნენ და კარგავდნენ TSG-ებს.

სიმსივნის სუპრესორი გენები, სიმსივნური დაავადებების წარმოქმნას თრგუნავს და მნიშვნელოვან რეგულაციურ ფუნქციას ასრულებს. ცხადია, ადამიანებში ვეშაპის გენებს უბრალოდ ვერ გადავნერგავთ, თუმცა, მათი კვლევა საშუალებას მოგვცემს ისეთი წამლები ვაწარმოოთ, რომლებიც ვეშაპისნაირთა "ანტი-სიმსივნურ" ბიოლოგიურ მექანიზმებს მიბაძავს.