როცა გჯერა, რომ არ იმსახურებ — ანუ ცხოვრება თვითმარქვიას სინდრომით
გაფრთხილება: თვითმარქვიას სინდრომი ხშირად ამძაფრებს შფოთვას და შესაძლოა, გადაიზარდოს დეპრესიაში. თუ სტატიაში აღნიშნულ სიმპტომებს მუდმივი ხასიათი აქვს და ხელს გიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, უმჯობესია, პროფესიონალს მიმართო.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს შორის აღმოვჩნდი. ბავშვობის ოცნება ამიხდა. წესით, ჩემს სიხარულს სახლი, შემდეგ კი სამყარო უნდა შეეზანზარებინა, მაგრამ შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე მთელი კვირა შფოთვაში გავატარე. ყოველ წამს ველოდი, რომ ვიღაც დამირეკავდა და მეტყოდა, რომ შეცდომა გაეპარათ, ამიტომ ეიფორიის ერთი ტალღის შემდეგ მხოლოდ შიში ვიგრძენი — შიში იმისა, რომ ჩემს თვითმარქვიობას მალე ფარდა აეხდებოდა.
"მორჩა! ახლა ხომ გამოგიჭირეთ? გეგონა, ვერ გავიგებდით? აქ აშკარად შემთხვევით მოხვდი და არც არაფერი გესაქმება! ყველა შენზე კომპეტენტურია! წადი და აცადე იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რასაც აკეთებენ! მთელი ეს დრო უბრალოდ გიმართლებდა, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ თვითმარქვია ხარ!" — თუ მსგავსი სიტყვები ახალი სამსახურის დაწყებისას, დაწინაურებისას, კონკურსში გამარჯვებისას ან ნებისმიერი სხვა სახის წარმატების მიღწევის შემდეგ გონებაში გაფუჭებული კასეტასავით გიტრიალებს - კეთილი იყოს შენი მობრძანება თვითმარქვიათა სამეფოში!
რა არის თვითმარქვიას სინდრომი?
თვითმარქვიას სინდრომი [Impostor syndrome] იმის შინაგანი რწმენაა, რომ იმდენად განათლებული, კომპეტენტური თუ შესაფერისი არ ხარ, რამდენადაც ეს სხვებს სჯერათ. ფიქრობ, რომ წარმატებას შენი შრომისა და უნარების დამსახურებით კი არ მიაღწიე, არამედ უბრალოდ გაგიმართლა, ამიტომ მიღებულს არ იმსახურებ.
გეუფლება შეგრძნება, რომ ყველამ შენზე მეტი იცის. გგონია, რომ ადამიანები, რომლებიც კარგად გაფასებენ შეცდომაში შეგყავს და გარშემომყოფებმა შენი "ტყუილების" შესახებ ნებისმიერ წამს შეიძლება გაიგონ. წვეულებაზე ნიღბით დადიხარ, რომელსაც მალე საქვეყნოდ ჩამოგხსნიან და ყველა მიხვდება, რომ თვითმარქვია ხარ.
პაულინ როუზ კლენსი და სიუზენ აიმსი პირველები იყვნენ, ვინც აღნიშნული მდგომარეობისთვის ტერმინი "თვითმარქვიას სინდრომი" 1978 წელს გამოიყენეს. ამ ფენომენის აღწერისას წარმატებულ ქალებზე დაკვირვებით ხელმძღვანელობდნენ, ამიტომ თავდაპირველად, მიიჩნეოდა, რომ თვითმარქვიას სინდრომი მხოლოდ ქალების პრობლემა იყო, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მსგავსი ფიქრები კაცებსაც აწუხებთ.
კლენსისა და აიმსის მიხედვით, მიუხედავად აკადემიური და პროფესიული წარმატებებისა, თვითმარქვიას სინდრომის მქონე ქალები მიიჩნევენ, რომ რეალურად გონიერები სულაც არ არიან და ყველა ცდება, ვინც მათ ამგვარად მიიჩნევს. მიღწეული წარმატებები თვითმარქვიას სინდრომის მქონე ქალების გადასარწმუნებლად საკმარისი არ არის.
თვითმარქვიას სინდრომი ადამიანებში განსხვავებულად ვლინდება. წიგნის The Secret Thoughts of Successful Women ავტორი, ვალერი იანგს თვითმარქვიას სინდრომის 5 ძირითად ტიპს გამოყოფს:
1. პერფექციონისტი — პერფექციონისტი საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროსაა. წარმატების მაგივრად, მუდამ დაშვებულ შეცდომებზე ფიქრობს, რაც, საბოლოოდ, მუდმივი შფოთვის მიზეზი ხდება.
2. სუპერადამიანი — სუპერადამიანს მიაჩნია, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვრო უნდა იყოს. ხშირად ზედმეტად ბევრს მუშაობს, რაც გადაწვას იწვევს.
3. ექსპერტი — ექსპერტი თავს მშვიდად მანამდე ვერ გრძნობს, სანამ კონკრეტული საკითხის შესახებ ყველაფერს არ გაიგებს. მასალების მოძიებასა და ზღვა ინფორმაციის კითხვის გამო კი საქმე ხშირად გაუკეთებელი რჩება.
4. სოლისტი — სოლისტი მარტო მუშაობს, რადგან სჯერა, რომ კითხვების დასმა და სხვებისათვის დახმარების თხოვნა მის არაკომპეტენტურობას გაუსვამს ხაზს.
5. ბუნებით გენიოსი — ასეთი ადამიანი ახალ უნარებს, უმეტესად, მარტივად ითვისებს, მაგრამ თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოსდის, თავს მაშინვე ცუდად გრძნობს.
მიზეზები
თვითმარქვიას სინდრომს უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: მომთხოვნი ოჯახი და გარემო, რომელშიც შენი ფასი მიღწეული წარმატებებით განისაზღვრება; ახალი სამსახური; ახალი სფერო; ახალი ადამიანები; დაწინაურება და სხვ. იგი ზოგიერთისთვის დროებითია და წინაპირობებთან ერთად ქრება, თუმცა სხვებს ის მუდამ თან დაჰყვება.
სხვების გამოცდილებაზე საუბარი ნაკლებად გულწრფელი გამომივა, რადგან თვითმარქვიები ჩვენს გულისტკივილსა და შიშებს სხვებს ხშირად ვერ ვუზიარებთ. საკუთარი გამოცდილებიდან კი იმის თქმა შემიძლია, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე პერფექციონისტიც, სუპერადამიანიც, ექსპერტიც, ბუნებით გენიოსიცა და სოლისტიც ვყოფილვარ.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმარქვიას სინდრომისთვის დამახასიათებელი ფიქრების ექო სკოლაშიც ხშირად ჩამესმოდა, მისი ძალა ყველაზე ნათლად უნივერსიტეტში ჩაბარებისას ვიგრძენი, როცა წლების განმავლობაში კლასის საუკეთესო მოსწავლიდან რიგით, არაფრით გამორჩეულ სტუდენტამდე "ჩამოვქვეითდი". ამის შემდეგ უნივერსიტეტში, სტაჟირებებსა და გასაუბრებებზე გამუდმებით დამყვებოდა ნიღაბი, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავდი.
გამკლავების გზები
სირთულეების მიუხედავად, ის ფაქტი, რომ აქ ვარ, წინსვლას ვაგრძელებ და აღნიშნულ სტატიას ვწერ იმის ნიშანია, რომ თვითმარქვიას სინდრომთან გამკლავება შესაძლებელია. ჩემი რჩევები ფსიქოლოგისას ნამდვილად ვერ შეედრება, თუმცა, ვფიქრობ, გამოცდილი თვითმარქვიას ფიქრები შესაძლოა, ვინმეს მაინც გამოადგეს:
1. ნუ შეგეშინდება შეცდომების დაშვებისა და შეკითხვების დასმის
შეცდომების დაშვების შემდეგ თავს სულელად ბევრი გრძნობს, თუმცა ეს იმას არ ადასტურებს, რომ ცოდნა ან კომპეტენცია გაკლია და შენს მიღწევებს არ იმსახურებ. შეცდომები აუცილებელია, რადგან ვინც არ ცდება - ვერც პროფესიულად თუ პიროვნულად იზრდება. იგივე შეიძლება ითქვას შეკითხვების დასმაზე. უნივერსიტეტის აუდიტორიაში ხშირად შემიკავებია თავი ლექტორის შეწუხებისგან, რადგან მეშინოდა, რომ ყველას თვალში უცოდინარი გამოვჩნდებოდი. ამასობაში კი ის დამავიწყდა, რომ უნივერსიტეტში არა არსებული ცოდნის საფრქვევად, არამედ ახალი ცოდნის მისაღებად ვიყავი მისული, რაც შეკითხვების დასმის გარეშე შეუძლებელია.
2. სხვა ადამიანების წარმატებაც დაუმსახურებელი გგონია?
თუ ამ კითხვაზე შენი პასუხი უარყოფითია, ალბათ, ხვდები, რომ საკუთარი თავის შეფასებისას, ხშირად, არაობიექტური ხარ. თუ სხვები იმსახურებენ, შენ რატომ არ იმსახურებ? ნუ დაუწესებ თავს იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე სხვას დაუწესებდი.
3. კონცენტრირდი დადებით მხარეზე
ნებისმიერი საქმის კეთებისას ეცადე, მიღწეული შედეგებით დატკბე, შეცდომები კი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობად აღიქვა. სრულყოფისკენ სწრაფვა კარგი მხოლოდ მაშინაა, როდესაც გზად დაშვებული შეცდომების გამო საკუთარ თავს არ აწამებ.
4. არ მოგერიდოს გრძნობების გამხელის
ჩვენი წარმოსახვა კალაპოტიდან ხშირად გადმოდის, რეალობაში დაბრუნების ერთადერთი გზა კი შესაძლოა, ობიექტური დამკვირვებლის შეფასების მოსმენა იყოს. როდესაც ჩემი პრობლემებისა და შიშების შესახებ მეგობრებს ვუყვები, პირის დახურვამდე ვხვდები, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც თავიდან მეგონა.
5. გაიხსენე, რომ მარტო არ ხარ
თუ ამხელა სტატიამ მაინც ვერ დაგარწმუნა, რომ მარტო არ ხარ, გეტყვი, რომ თვითმარქვიას სინდრომი უამრავ ადამიანს გამოუცდია, მათ შორის ცნობილ ვარსკვლავებსაც. ჯასინდა არდერნი, ჯოდი ფოსტერი, ემა უოტსონი, ნატალი პორტმანი, მაია ანჯელოუ, სერენა უილიამსი — სია გრძელია, თუმცა ჩემი საყვარელი მაგალითი ინგლისელი მწერალი ნილ გეიმანია, რადგან თვითმარქვიას სინდრომის შესახებ პირველად სწორედ ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნის, კორალაინის ავტორის ჩანაწერიდან გავიგე.
ჩანაწერში ნილ გეიმანი ასტრონავტ ნილ არმსტრონგთან საუბარს იხსენებს. ორი ნილი ერთმანეთს წლების წინ ხელოვანებისა და მეცნიერების შეკრებაზე შეხვდა. გეიმანს წარმატებული ადამიანების დანახვისას თვითმარქვიას სინდრომისთვის დამახასიათებელი გამოაშკარავების შიში დაეუფლა, თუმცა მალე აღმოაჩინა, რომ მარტო არ იყო:
"ამის შემდეგ მან დარბაზში მყოფი ადამიანებისკენ მიმითითა და, დაახლოებით, ასეთი რამ მითხრა: ვუყურებ ამ ადამიანებს და ვფიქრობ - აქ რას ვაკეთებ? მათ საოცრებები გააკეთეს, მე კი უბრალოდ იქ წავედი, სადაც გამიშვეს".
მე ვუპასუხე: "კი, მაგრამ თქვენ ხომ პირველი ადამიანი ხართ, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი. მგონი, ეგ რაღაცას უნდა ნიშნავდეს".
და თავი უკეთესად ვიგრძენი. თუ ნილ არმსტრონგი თავს თვითმარქვიად გრძნობდა, იქნებ სხვებიც ასე იყვნენ. შეიძლება, ბოლომდე გაზრდილი ადამიანები არც არსებობენ - სხვებმაც, უბრალოდ, ბევრი იშრომეს და გაუმართლათ კიდეც".
ყოველთვის, როცა თვითმარქვიას სინდრომი ნიღბით ხელში ხელახლა მიახლოვდება, ნილ გეიმანის სიტყვებს ვუბრუნდები და საკუთარ თავს ვახსენებ, რომ მარტო არ ვარ. წარმოვიდგენ, რომ მეც ხმაურიან ოთახში, ნილ გეიმანისა და ნილ არმსტრონგის ახლოს ვდგავარ. ეს ფანტაზია მეხმარება, გავიხსენო, რომ ნიღაბი არ მიკეთია და დავიჯერო, რომ აღნიშნულ სტატიას არა თვითმარქვია, არამედ ის ადამიანი წერს, რომელმაც ეს რეალურად დაიმსახურა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში – მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
კომენტარები