მართვის მოწმობის აღების, TikTok ვიდეოების გადაღების, გამოცდებისა და კიდევ უამრავი რამის გარდა, თინეიჯერებს ერთი ახალი საზრუნავი გამოუჩნდათ: გულის დაავადება.

MedStar Cardiology Associates-ის კარდიოლოგიური პრაქტიკის მიმართულების პრეზიდენტი, ექიმი რობერტ ლაგერი ამტკიცებს, რომ მუდმივად იზრდება იმ თინეიჯერების რიცხვი, რომლებსაც არტერიაში ნადები უვითარდებათ. საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ ეს მომავალში გულის დაავადებას ან რაიმე გართულებას მაინც გამოიწვევს.

"თინეიჯერებში ქოლესტერინის ნადების ფორმირების დაწყება შეიმჩნევა. აგრესიულ გულის დაავადებებთან ბრძოლა ბავშვობიდანვე უნდა დაიყწოს და არა მაშინ, როდესაც უკვე ასაკში შევდივართ", — უყვება WTOP-ს ლაგერი.

ექიმის განცხადების მიხედვით, კვლევა აჩვენებს, რომ ყოველი მეექვსე თინეიჯერის არტერიაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ქოლესტერინია დაგროვილი. კლივლენდის კლინიკაში ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც კვლევის ნაწილს არ წარმოადგენდა, აჩვენებს, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას გულის დაავადებების გამომწვევი რისკ ფაქტორების შესახებ.

"მოწევა, დიაბეტი, სისხლის მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, ჭარბწონიანობა, ნარკოტიკების მოხმარება — ეს ის რისკ ფაქტორებია, რომლებიც გულის დაავადებების განვითარებას უწყობენ ხელს, ადამიანთა 65%-მა კი მათი ამოცნობა ვერ შეძლო. ეს მართლა უჩვეულოა", — ამბობს ლაგერი WTOP-თან ინტერვიუში.

ლაგერი ფიქრობს, რომ ახალგაზრდებში გულის დაავადებებს უმეტესად, ალბათ, მოწევა იწვევს. მეტიც, მისი აზრით, პასიური თუ არაპასიური მწეველებისთვის მოწევა "ყველაზე მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს გულის არტერიული დაავადების განვითარებისთვის".

გამოსავალი ძალიან მარტივია, ამას ალბათ მშობლები ისედაც უმეორებენ თინეიჯერებს: არ მოწიოთ, იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ პერიოდულად. ამას გარდა, ლაგერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის კონტროლი 20 წლის ასაკიდან.