ამ უცნაურ დროს ბევრი ამბობს, რომ ჩვეულებრივზე ბევრად მკაფიო სიზმრებს ხედავს. ფსიქოთერაპევტი ფილიპა პერი გვიყვება, თუ როგორ გვეხმარება ხელოვნება სიზმრების გაგებასა და საკუთარი თავის შეცნობაში.

სიზმრები ფილოსოფოსებსა და ხელოვანებს საუკუნეების განმავლობაში ხიბლავდათ. ძველად გავრცელებული აზრით, სიზმრებს ზეციური შეტყობინებების გადმოცემა და შემოქმედებითობის გაღვიძება შეეძლოთ. მე-19 საუკუნიდან კი, ფსიქოანალიზის გამოჩენისთანავე, სიზმრები ჩვენს ქვეცნობიერში ჩაწვდომის გზად იქცნენ.

ახლა, როცა პანდემიისას ბევრი ჩვენგანი უჩვეულოდ მკაფიო სიზმრებს ხედავს, განსაკუთრებით დროულია იმის გარკვევა, თუ როგორ აღიქვავდნენ და გამოსახავდნენ სიზმრებს საუკუნეების განმავლობაში. ამ პროცესში, შესაძლოა, ჩვენ პირად გამოცდილებებთან დამაინტრიგებელი პარალელებიც გავავლოთ.

მაგრამ პირველ რიგში მაინც საინტერესოა, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ბოლო დროს გამორჩეულად მკაფიო სიზმრებს ვხედავთ. "შექმნილი სიტუაცია ჩვენთვის უცხოა, შესაბამისად, მუდმივად ახალ ემოციებს განვიცდით", — ამბობს ფსიქოთერაპევტი ფილიპა პერი. მას შემდეგ, რაც მან ტვიტერზე ადამიანებს სთხოვა, მისთვის თავიანთი სიზმრები მოეყოლათ, შეტყობინებების დაუსრულებელი ნაკადი მიიღო. ჩვენ მუდმივად სხვადასხვა ახსნას ვუძებნით იმ გრძნობებს, რომლებიც სიზმრებში "არა პირდაპირ, არამედ მეტაფორულად" ვლინდება, ამბობს ის.

ალბრეხტ დიურერის სიზმრისეული ხედვა (1525 წელი) დასავლურ ხელოვნებაში ისეთ პირველ ნამუშევრად არის მიჩნეული, რომელზეც მხატვრის პირადი სიზმარია გამოსახული.

ფოტო: Getty Images

ალბრეხტ დიურერის სიზმრისეული ხედვა დასავლურ ხელოვნებაში ჩვენთვის ცნობილ ისეთ პირველ ნამუშევრად არის მიჩნეული, სადაც ხელოვანის პირადი სიზმარია აღწერილი. აკვარელის საღებავი ტილოზე თითქოს ნაჩქარევად, გამოღვიძებისთანავეა დატანილი და ციდან დამავალ წყლის ნიაღვრებს გამოსახავს, რომლებიც ხელოვანის შთანთქმას ცდილობენ. "როდესაც გავიღვიძე, ყველა კიდური მიცახცახებდა, ძალების აღსადგენად ძალიან დიდი დრო დამჭირდა", — წერდა დიურერი.

პერის თქმით, მართალია, სიზმრების ამხსნელი უნივერსალური ლექსიკონი არ არსებობს, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მიღებულმა პრაქტიკამ მას აჩვენა, რომ ძილში ნანახი "კონკრეტული საგნები, როგორც წესი, კონკრეტულ მოვლენებს მიემართება". მაგალითად, "წყლის დასიზმრება გრძნობებს უნდა უკავშირდებოდეს". ამიტომ პერისთვის დიურერის სიზმარი "გრძნობებში ჩაძირვას ნიშნავს". რა თქმა უნდა, ის ვერ იტყვის, კონკრეტულად რა გრძნობებს გამოხატავდნენ მხატვრისეული ნიაღვრები. თუმცა ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, "ამას ვაღიარებთ თუ არა, ბევრ ჩვენგანს განადგურების და უკვალოდ გაქრობის ეშინია".

სწორედ ამიტომ პერისთვის არ იყო მოულოდნელი ის ფაქტი, რომ ტვიტერზე მიღებულ ბევრ შეტყობინებაში ადამიანები სიზმარში ნანახ წყალთან ბრძოლას აღწერდნენ. თუმცა ერთი ქალის მიერ აღწერილი სიზმარი, სადაც ის ცუნამიზე სერფინგობდა, იმაზე მიუთითებს, რომ ის საკუთარ ემოციებს დიურერზე გაცილებით უკეთ უმკლავდებოდა.

რენესანსის მხატვრებს ისეთი ბიბლიური ისტორიები იზიდავდათ, როგორიც იაკობის სიზმარია. სცენა 1518 წელს, ვატიკანის აპოსტოლური სასახლის ჭერზე რაფაელის მიერ არის დახატული.

თუმცა, სიზმრის დიურერისეული ასახვა გამონაკლისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რენესანსმა ანტიკურ ფილოსოფიაში სიზმრების როლისადმი არსებული ინტერესი ხელახლა გააღვივა, ის გავრცელებულ ქრისტიანულ იდეოლოგიას უნდა დამთხვეოდა, რომელიც წარმართულ ინტერპრეტაციებს არ ცნობდა. შესაბამისად, ნახატებზე გამოსახულ სიზმრებს უმეტესად ბიბლიური ხასიათი ჰქონდათ.

იაკობის სიზმრები და იოსების მიერ ფარაონისთვის ახსნილი სიზმრები განსაკუთრებით პოპულარული სიუჟეტები იყო. 1518 წელს რაფაელმა ვატიკანის აპოსტოლური სასახლის ჭერი ზუსტად ამ სცენების მიხედვით მოხატა. სიზმრების აშკარა მეტაფორები ცაში მოლივლივე სფეროებში თითქოს იმის ხაზგასასმელადაა გამოსახული, რომ მათი გაგება მოკვდავი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

მაგრამ, ამასთან, სიზმრების გამოსახვისას თავს იჩენდა მითოლოგიური თემებიც, რომლებიც ხელოვანებს საშუალებას აძლევდათ, სიზმარსა და შთაგონებას შორის არსებული კავშირი წარმოეჩინათ. ამის მაგალითია ლორენცო ლოტოს 1549 წლის მძინარე აპოლონი და სახელმოხვეჭილი მუზები. ამ ნამუშევრის მიხედვით, აპოლონის თვლემამ მუზებს ტანსაცმლის გახდის და მიმდებარე მინდვრებზე შიშვლად ნავარდობის შესაძლებლობა მისცა, რაც შემოქმედობითობის იმ თავისუფლებას გამოხატავს, რომელიც ძილში იბადება.

ბოსხი და მისი მიმდევრები სამოთხესა და ჯოჯოხეთს გროტესკულად ასახავდნენ. ამის მაგალითია ბოსხის ერთ-ერთი მიმდევრის ტილო, ტუნდალის ხედვა (დაახლოებით, 1520-1530 წლები).

ფოტო: Alamy

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჰიერონიმუს ბოსხის კოშმარული შინაარსის ნახატები, რომლებმაც უმარავი ადამიანის მონუსხვა შეძლო. ნამუშევრები არა მხოლოდ ხელოვანის მიერ წარმოდგენილ სამოთხედ და ჯოჯოხეთად, არამედ ერთგვარ გაფრთხილებადაც აღიქმება. მხატვარი თითქოს იმ კოშმარებს ასახავს, რომლებიც ცოდვილ ადამიანებს ძილში სტუმრობთ და მათ ცოდვების არმონანიების შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელის შესახებ აფრთხილებთ. ეს ყველაფერი ბოსხისეული შემოქმედების ერთ-ერთი მიმდევრის ტილოში, ტუნდალის ხედვა კარგად აიხსნა. ის ცოდვილ რაინდს ასახავს, რომელიც სიზმარში ჯოჯოხეთს ხედავს.

ჰენრიჰ ფუსელის ღამის კოშმარი (1781 წელი) სიზმრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოხატვადაა მიჩნეული და დღესაც ფართო განხილვის საგანია.

ფოტო: Getty Images

ხელოვნებაში სიზმრების გამოსახვის ტენდენციამ რაციონალურ განმანათლებლობის ეპოქაში საგრძნობლად იკლო, თუმცა მე-18 საუკუნის მიწურულს მხატვარმა ჰენრიჰ ფუსელიმ ამ თემატიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ღამის კოშმარი შექმნა. ეს ტილო არ მიემართება არც ბიბლიურ, არც ლიტერატურულ და არც ისტორიულ პასაჟს, რის გამოც მისი ინტერპრეტირება ძალიან ჭირს. თუმცა ზოგიერთი ადამიანი ნამუშევარში ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკურ თეორიების ჩანასახს ხედავს.

პერი ნამუშევარს ღამის კოშმარის პირდაპირ გამოსახვად არ აღიქვამს. ის ნახატში ქალის დაუცველ პოზას ხედავს, რასაც ფონზე მყოფი ცხენის მოურიდებელი მზერა ემატება. გრემლინის პოზა კი, შესაძლოა, იმაზე მიანიშნებდეს, რომ ის ქალის სხეულს რაღაც ავხორცულს უპირებს. "ეს ქალის სექსუალური სიზმრების იმგვარად ასახვის მცდელობა შეიძლება იყოს, როგორადაც ეს არაერთ კაცს წარმოუდგენია", — აღნიშნავს პერი, — "ან ეს იმის სიმბოლო შეიძლება იყოს, რომ, განურჩევლად გენდერისა, ჩვენი სიზმრები და სექსუალური ფანტაზიები პოლიტკორექტულობის ჩარჩოში იშვიათად არის მოქცეული".

სიზმრები ხელოვნებაში სიმბოლისტებმა დააბრუნეს. ისეთი შემოქმედებისთვის, როგორებიც, მაგალითად, გუსტავ მორო და ოდილონ რედონი იყვნენ, სიზმრები რეალობისა და არსებობის საიდუმლოებების შეცნობის მეთოდი გახლდათ. რედონის 1882 წლის ნამუშევარში, უცნაური საჰაერო ბუშტის მსგავსი თვალი მიიწევს უსასრულობისკენ, თვალის ფორმის საჰაერო ბუშტს ადამიანის თავი ღრუბლებისკენ მიაქვს. ნამუშევარი სიზმრების ხშირად აბსურდულ, რეალობასთან შეუთავსებელ ბუნებას გამოხატავს. თუნდაც ამ ერთი ნახატის ხილვის მერე გასაკვირი არ არის, რომ სიმბოლიზმმა სიურრეალისტებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

სიურრეალისტური სკოლის წევრთა შთაგონებას უპირველესად ფროიდის სიზმრების ინტერპრეტაცია წარმოადგენდა. ფროიდის მიხედვით, ჩვენი სურვილები სიზმრებში მანიფესტირდებიან. თუმცა ისინი, თვითცენზურის გამო, ისე სახეცვლილად წარმოგვიდგებიან, რომ გამოღვიძებულზე მათი აზრის გაგება გვიჭირს. ფროიდს სჯეროდა, რომ სიზმრების საიდუმლოებების ამოხსნით ფსიქოანალიზს ადამიანის განკურნება შეეძლო.

თუმცა თუ ფროიდი სიზმრების ამოცნობას სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდა, სიურრეალისტები ზმანებებს წარმოსახვის გამათავისუფლებლად აღიქვავდნენ. ამ გზით ისინი პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპის ბურჟუაზიულ კულტურას უპირისპირდებოდნენ.

რედონის 1882 წლის ნამუშევარმა, უცნაური საჰაერო ბუშტის მსგავსი თვალი მიიწევს უსასრულობისკენ, სიურრეალისტებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.

სიურრეალისტურ ხელოვნებაში, როგორც წესი, ადამიანი, რომელიც სიზმარს ხედავს, გამოსახული არ არის. ამის მაგივრად, მნახველი სიზმრის სიღრმისეულ ბუნებას პირდაპირ ეჯახება. ამგვარად, ჯორჯო დე კირიკოს შფოთით სავსე სიზმრისეული სიუჟეტები ან მაქს ერნსტის ზმანებათა ამსახველი უცნაური ნახატები, კოლაჟები და მულტიმედიური ნამუშევრები თავსატეხების ფორმას იღებს და მნახველს აიძულებს, რეალობის აღქმის საკუთარ უნარში ეჭვი შეიტანოს.

უნდა ითქვას, რომ ფროიდი სიზმრებისადმი სიურრეალისტებისეულ მიდგომას არ ამართლებდა. თუმცა მისი პოზიცია 1938 წელს, სალვადორ დალისთან შეხვედრის შემდეგ ოდნავ შეიცვალა. დალიმ მას თავისი ნახატი, ნარცისის მეტამორფოზები ანახა, სადაც გუბურაში მომზირალი ნარცისის სხეულის ორეული ხელის მტევნადაა გამოსახული. ხელი სამი თითით გატეხილ კვერცხს ებღაუჭება, კვერცხიდან კი ნარცისის ყვავილი ამოდის. თავდაპირველად ფროიდი სიურრეალისტებს ახირებულ ადამიანებად თვლიდა, თუმცა დალის "უზადო ტექნიკურმა ოსტატობამ" მას დამოკიდებულება შეაცვლევინა.

ისეთი სიურრეალისტური ნამუშევრები, როგორებიცაა სალვადორ დალის 1937 წლის ნარცისის მეტამორფოზა, სიზმრის ბუნებას აშიშვლებენ.

ფოტო: Alamy

პერიმ სიზმრებისადმი სიურრეალისტების დამოკიდებულება 2017 წელს აღმოაჩინა, როდესაც ის BBC FOUR-ისთვის დოკუმენტურ სერიებზე, როგორ გავხდეთ სიურრეალისტი ფილიპა პერისთან ერთად, მუშაობდა. მათი იდეების შთაგონებით, პერიმ სიურრეალისტური კვლევების ბიუროს თავისებური ვერსია შექმნა და საზოგადოების წევრებს თავიანთი სიზმრების დახატვამდე მათი მოყოლა სთხოვა. "ყველაზე ამაღელვებელი ის არის, თუ რა შედეგი მოაქვს ადამიანებისთვის თავიანთი სიზმრების გონებაში გაცოცხლებას", — ამბობს ის.

პაციენტებთან მუშაობისას პერი გეშტალტის თერაპიას იყენებს, რომელსაც საფუძველი გერმანელმა ფსიქიატრმა, ფრიც პერლზმა დაუდო. პროცესი მოიცავს სიზმრის საკუთარი თავისთვის მოყოლას ისე, რომ სიუჟეტი სიზმარში არსებული თითოეული ობიექტის პერსპექტივიდან გადმოიცეს. ამ მიდგომის იდეა ის არის, რომ სიზმარში ნანახი ყველა ობიექტი ჩვენი ნაწილია, ამიტომ ჩვენ მათი სათქმელის გაგების და შესაბამისად, საკუთარი თავის უკეთ გაცნობის უნარი შეგვწევს.

პერი ფიქრობს, რომ ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში სარგებელი სხვადასხვა მიდგომამ შეიძლება მოგვიტანოს. "დახატეთ თქვენი სიზმრები ან დაწერეთ ისინი. ორივე მეთოდი სიზმარში განცდილი ემოციებისა და გრძნობების გადამუშავებაში დაგეხმარებათ. ამ გზით თქვენს თავზე პასუხისმგებლობას იღებთ და შესაბამისად, მართვის სადავეებიც თქვენს ხელში გადმოდის", — ამბობს ის.

და, ვინ იცის, შესაძლოა, ამ პროცესში ჩვენთვის აქამდე უცნობი შემოქმედებითობაც გავაღვიძოთ.