ოდილონ რედონი — კოშმარებისა და კეთილი სიზმრების მხატვარი
ოდილონ რედონი სრულიად გამორჩეული ფრანგი სიმბოლისტი მხატვარია. მისი ნახატები — "შავები" (noirs), ბუდები, ეშმაკები, მითოლოგიური პერსონაჟები და უბრალოდ ყვავილებიც კი — რეალობისგან რადიკალურად განსხვავებული აღქმის თვალსაჩინო ნიმუშები, უნიკალური ნამუშევრებია.
"სევდიანი და სუსტი ბავშვი", — როგორც საკუთარ თავს უწოდებდა, რედონი უკიდეგანო ფანტაზიის უნარით იყო დაჯილდოებული. ბავშვობის დღეებს ის მარტოობაში, ღრუბლების ყურებასა და სახლის ბნელ კუთხეებსა თუ ფარდებს უკან დამალული ატარებდა. მას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, თუმცა რეალურ სამყაროში თავდაგასავლების უქონლობას წარმოსახვის უნარით ინაზღაურებდა.
ოდილონმა — რომელსაც, სინამდვილეში, ბერტარდი ერქვა და დედამისის, ოდილეს, სახელი მოფერებით შეარქვეს — ხატვა ჯერ კიდევ 10 წლისამ, 1850-იან წლებში დაიწყო. იგი ადრეული ასაკიდანვე ეცნობოდა რომანტიკოსების ნამუშევრებს — მათ შორის, დელაკრუასა და გოიას ტილოებს. მეტიც, ახალგაზრდა მხატვრის თავდაპირველი სტილი გოიას "შავი ნახატების" ზეგავლენით უნდა იყოს შექმნილი. სწორედ შავ ფერში შესრულებული ამ ნამუშევრების კრებულით გაიცნო ფრანგი მხატვარი საზოგადოებამ. მისი ყველასგან განსხვავებული მანერა, ნახშირით ხატვის ოსტატობა და ლითოგრაფიული ნამუშევრების ემოციურობა ვერავის დატოვებდა გულგრილს.
რედონის შავი პერიოდი
რედონის ბნელ ქმნილებებში რამდენიმე ელემენტი ჭარბობს: იგი ხატავდა თვალებს ყველაზე წარმოუდგენელ ფორმებში და ფანტასმაგორულ ანგელოზებსა და ღვთაებებს; მას შექმნილი აქვს ნამუშევრები ქრისტიანულ ისტორიებზე, მითოლოგიურ თუ ლიტერატურულ პერსონაჟებზე; მის ფუნჯს ეკუთვნის ედგარ ალან პოს პოემების შთაგონებით დახატული პორტრეტების სერია და ლუციფერის არაერთი გამოსახულება... მისი შემოქმედების თავდაპირველი სიშავე ბავშვობის სევდიანი წლებისა და საფრანგეთ-პრუსიის ომგამოვლილი ახალგაზრდობის გამოძახილი უნდა იყოს.
ფრანგი სიმბოლისტის შავი ტილოებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია წყლების მფარველი სული — უზარმაზარი, მეტყველი თვალებით მოცქირალი თავი, რომელიც პატარა იალქნიანი გემის თავზე დირიჟაბლივით ლივლივებს. ეს ნამუშევარი ნახშირითაა შესრულებული და მხატვრის მიერ შავი ფერის განსხვავებული განზომილებების გადმოცემის ოსტატურ უნარს ადასტურებს. უცნაური არსება თითქოს კეთილგანწყობილი, თუმცა მაინც ურჩხულისებურია; არავინ იცის, მართლაც შტორმისა და ავი სულებისგან იცავს გემებს, თუ ამ უკანასკნელებს თავად მისგან დასჭირდებათ დაცვა.
ეს ნახატი მხატვრის ბიოგრაფიას სიმბოლურად უკავშირდება. მართალია, რედონი საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ დედამისი ფეხმძიმედ იყო, როცა მისი მშობლები ლუიზიანადან ბორდოში გემით ბრუნდებოდნენ. მხატვარს ხშირად გამოუთქვამს სინანული, რომ ღია ზღვაში, "ქვეყანათა საზღვრებში მოუქცეველ უფსკრულში" არ დაიბადა, რადგან ალბათ ყველაზე მეტად სწორედ ასეთი ადგილი შეეფერებოდა მის განსხვავებულ შინაგან სამყაროს.
რედონის შავების კრებულიდან ჩემთვის კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი აბჯარია. ნახატში ქალის სახე ჩამალულია ეკლებით სავსე სამოსელს შიგნით. მას მხოლოდ პროფილის ნაწილი უჩანს და თითქოს დაუბრკოლებელი, ძლიერი მზერით იყურება ჩაფხუტიდან. ოდილონს ამ ტილოს იდენტური კიდევ ოთხი ნამუშევარი აქვს შექმნილი — ოთხივე მათგანი ნახშირში. მართალია, ნახატის რედონისეული შინაარსი უცნობია, თუმცა იგი ხშირად აღიქმება როგორც ავტორის ქვეცნობიერი შიში ქალური სექსუალობის მიმართ. სხვა ინტერპრეტაციის თანახმად კი, ის ნაყოფიერების მისეულ ხედვას წარმოადგენს.
მაგრამ მე ამ ფიგურაში ფსიქოლოგიურ, შინაგან აბჯარს უფრო ვხედავ, რომელიც ხშირად სხვა გზას არ გვიტოვებს, გარდა იმისა, რომ ვატაროთ. ნახატი 1891 წელს არის შესრულებული და შეიძლება ოდილონის მეუღლეს, კამილ ფალტესაც კი ასახავდეს. მათ პირველი შვილი დაბადებიდან ექვსი თვის შემდეგ დაეღუპათ და ამ ტრაგედიამ მხატვრის ისედაც სევდიან ბუნებას უმძიმესი დაღი დაასვა. მართლაც, უბედობის ვერცერთი ეკალი შეედრება შვილის დაკარგვის ტკივილს, რომელიც სხვა ყველა ტკივილთან ერთიანდება და გაიძულებს, აბჯარი მოირგო, შენი თავი დაიცვა.
დრუიდესა, 1891 წელი.
ფოტო: Odilon Redon / Public Domain
დრუიდესა, 1893 წელი.
ფოტო: Odilon Redon / Public Domain
ოდილონის შექმნილ ქალების პორტრეტებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული დრუიდესაც არის. ნახატი ჯერ რამდენიმე ლითოგრაფიად, მეტალზე ბეჭდვის განსაკუთრებული ხერხით შეიქმნა, მოგვიანებით კი რედონის კოლექციას ფერადი, მდიდრული ოქროსფერისა და ლურჯის სინთეზით დახატული კელტი შამანიც დაემატა. ამ ორ ნახატს შორის უტყუარ მსგავსებებთან ერთად მრავლისმთქმელი სხვაობებიც იკვეთება. შავ-თეთრ დრუიდესას თითქოს წმინდა ტექსტი უნდა ეჭიროს ხელში და ყველაზე საკრალური შელოცვები იცოდეს. თუმცა, ამავდროუოლად, მას დაღლილი სახე აქვს, გეგონება შეწუხებულია იმით, რომ მის ხალხს მხოლოდ არსებული განზომილება ჰგონია მთლიანი სამყარო.
იმავე ნახატის მოგვიანებით შექმილ ფერად ვერსიას კი, მართალია, განსხვავებული, მეტად შემწყნარებლური მზერა აქვს, თუმცა არც ის კარგავს მისტიკურობას. ერთი კია — რედონის ფერადი ნახატები პერსონაჟები რომ ყოფილიყვნენ, ალბათ უფრო კეთილები იქნებოდნენ, ვიდრე მისი შავების სერიის ქმნილებები.
მომღიმარი ობობა, 1887 წელი
ფოტო: Odilon Redon / Public Domain
თუმცა სიმბოლისტი სულაც არ ერიდება ბოროტებისა და სიკეთის, საშიშისა და სასაცილოს, სევდიანისა და მხიარულის ერთდროულად გადმოცემას. მისი ნახატების კონტრასტულობის ერთ-ერთი ნათელი ნიმუში მომღიმარი ობობაა, რომელიც სამზარეულოს იატაკზე წამომჯდარა და ათიდან ხუთი ფეხი ისე აქვს ჰაერში აწეული, თითქოს ნახატიდან გვესალმება და მეგობრულად გვიღიმის. ფრანგი სიმბოლისტი ბოტანიკით, ანატომიით და ყოველგვარი ცოცხალის კვლევით იყო დაინტერესებული. ის სწორედ ბუნებაზე დაკვირვებით იძენდა შთაგონებას და შემდეგ თვალით ნანახზე თავისი ფანტაზიის დამატებით, იმ დროისთვის ყოვლად წარმოუდგენელ, სიზმრისეულ ფიგურებს ქმნიდა.
რედონის არსებების უმეტესობა, ამ ობობის ჩათვლით, საოცრად ბუნებრივად ახერხებს შეძრწუნება, შიში და ერთგვარი მხიარულება თუ კომიკურობის განცდა ერთდროულად მოგვგვაროს. მომღიმარი ობობა თან საშინლად დიდი, გაბურძგნული და მრავალფეხა მწერია, თან ჩაწიკწიკებული კბილებით გვიცინის და ინტერესიან მზერას არ გვაცილებს. მე რომ ეს ნახატი მართობს, შეიძლება იმის ბრალიც არის, რომ არაქნოფობია არ მაქვს, მაგრამ, რომც მქონდეს, ეს არსება ალბათ მაინც ჩეშირის კატას მომაგონებდა, ზღაპრიდან ალისა საოცრებათა ქვეყანაში.
რედონის ფერადი პერიოდი
ოდილონ რედონი, თავისი შავების სერიის შემდეგ, უკვე საკმაოდ ცნობილი მხატვარი იყო საფრანგეთში, როცა მის ხელოვნებაში რადიკალური გარდასახვა მოხდა და ნახშირშსა თუ ლითოგრაფებში განვლილი წლების შემდეგ, გაჩნდა ფერი. მის შემოქმედებაში შემოვიდა პასტელის ბაცი, მაგრამ მგრძნობიარე ფერთა გამა, თუმცა არსად წასულა ემოცია, რომელიც ამჯერად უფრო ნათელი და თითქოს ბედნიერების დამტევიც კი გახდა.
ციკლოპი, 1914 წელი.
ფოტო: Odilon Redon / Kröller-Müller Museum
რედონის ამ მნიშვნელოვან მეტამორფოზას მისი ბუდიზმითა და ინდუიზმით დაინტერესებას და სულიერ გამოღვიძებას უკავშირებენ. მაგრამ მხატვრის შემოქმედებას არასდროს აკლდა რელიგიური ნარატივი — იქნებოდა ეს ქრისტიანული თუ ბუდისტური სიმბოლოები — რომელიც წმინდა ტექსტების კანონიკურად გადმოცემაზე მეტად, ორიენტირებული იყო მხატვრის სუბიექტური განცდების, რელიგიური ისტორიების მისეული ხედვის ასახვაზე.
ასე რომ, რედონის შემოქმედების ძირფესვიანი ცვლილება შეიძლება უბრალოდ მის მიერ მოპოვებულ ბედნიერებას უკავშირდებოდეს, რომელიც მძიმე, მელანქოლიური წლების შემდეგ, მეორე შვილის დაბადებასთან ერთად იპოვა და თითქოს მისმა უსაზღვრო ფანტაზიამ მედლის მეორე მხარის, კოშმარის შემდეგ კეთილი სიზმრის მოყოლა დაიწყო.
რედონი სიშავიდან ფერად ნახატებზე გადასვლასთან დაკავშირებით წერს: "თუკი მხატვრის ხელოვნება მისი ცხოვრების სიმღერა, სადღესასწაულო თუ სევდიანი მელოდიაა, მე, როგორც ჩანს, ფერში სიხარულის საკვანძო ნოტი გავაჟღერე".
ციკლოპი ოდილონ რედონის ფერადი ტილოებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ნახატი სადა ტონებითაა შესრულებული და განსაკუთრებულ, სიზმრისეულ შეგრძნებას გვიქმნის. თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ მისი ყურებისას — ასე მგონია, მშვენიერ გალათეას მყუდროება დავურღვიე და ნებივრობაში ხელს ვუშლი, ცნობისმოყვარე ციკლოპს კი ქალის თვალიერების ფაქტზე წავუსწარი. მართალია, ამ ნამუშევრის ინსპირაცია ოდისეას პოლიფემუსი უნდა იყოს, მაგრამ რედონისეული ურჩხული სულაც არ ჰგავს შემზარავ კაციჭამიას. პირიქით, თითქოს ცნობიმისმოყვარე და მოუხერხებელი, ბავშვივით მოუსვენარი ქმნილებაა, რომელმაც პეიზაჟში ჩაფლული ნიმფის სახით მანამდე შეუცნობელი სილამაზე აღმოაჩინა. მხატვრის არჩევანი ფერთა გამაში სიმსუბუქისა და ჰაეროვნების მომგვრელია, თითქოს მოლივლივე საპნის ბუშტს ვუყურებდე და მთელი ეს საოცარი სცენა მასში ირეკლებოდეს.
წმინდა გული (ბუდა), 1910 წელი.
ფოტო: Odilon Redon / Public Domain
სწორედ ემოციების გადმოცემის ვირტუოზული უნარი ხდის ოდილონ რედონს უნიკალურ, გამორჩეულ ხელოვნად. სულ ერთია, ცისარტყელაზე ფერადია მისი ნახატი თუ კუპრივით შავი, ის მაინც ახერხებს საკუთარი განსაკუთრებული ფიქრების მთელი სიმძაფრით ტილოზე გადმოტანას. მის ნამუშევრებში უფრო მეტი ემოცია, ფანტაზია და სიზმარია, ვიდრე თავად მხატვრობა. რედონის შემოქმედება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მხატვრული შესრულებაა, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ხილული საგნების ლოგიკას უხილავი არსებების სამსახურში" აყენებს.
რედონის ფერად ნახატებში ხშირად ვხვდებით ბუდას გამოსახულებას. ერთ-ერთი პირველი ასეთი ნამუშევარია წმინდა გული (ბუდა). ამ ტილოს ნახვამ პირველად ძალიან გამაკვირვა, რადგან ძველინდური წმინდა არსება საოცრად ჰგავს დასავლურ იესოს. მათი ერთობა, მშვიდი სახე და დახუჭული თვალები სამყაროს მთლიანობასა და არსებული ენერგიების ერთ წყაროს, მრავალ ღმერთად წარმოდგენილ მხოლოდ ერთ და ალბათ ჭეშმარიტ "შემოქმედებით ძალას" –— სიცოცხლეს უნდა აღნიშნავდეს.
ამ ნახატის მსგავსად, უსაზღვრო ენერგიის ჰარმონია იგრძნობა რედონის მომდევნო ტილოებშიც, რომლებსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა. ბუდიზმთან ერთად, ის ეცნობა დარვინის ნაშრომებსაც, უმეგობრდება პოლ გოგენს და მასთან ერთად უახლოვდება ახალგაზრდა ფრანგ მხატვრებსაც, მათ შორის პიერ ბონარდსა და ედუარ ვიუიარს. ამ დროისთვის რედონი უკვე თავად ხდება სხვა მხატვრების შთაგონების წყარო, თუმცა არც სიახლეების სწავლას ერიდება და იაპონიზმის სტილშიც კი ქმნის ნამუშევრებს.
ღამე, 1910-1911 წლები (დეტალი).
მხატვრის სიკვდილს შვილზე დარდს უკავშირებენ, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ოდილონ რედონი, სწორედ ამ დროს, 1916 წელს გარდაიცვალა.
მოგვიანებით რედონის შავი და ფერადი ნახატები თანაბრად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თანამედროვე ხელოვნებაზე. მისი შავი ტილოების თვითმყოფადობა და გამომგონებლობა განსაკუთრებით სიურრეალისტებს დააინტერესებს — დადაიზმის თანაშემქმნელი ანდრე ბრეტონი რედონის შავების დიდი თაყვანისმცემელი იყო. რედონის ფერის თავისუფალი და ექსპრესიული გამოყენება კი ისეთ იმპრესიონისტთა ნამუშევრებში აისახება, როგორიცაა ჰენრი მატისი. რედონის შემოქმედების გავლენა ვიზუალურ ხელოვნებასაც კი გასცდება და კომპოზიტორ ტორუ ტაკემიცუს მუსიკაში ჰპოვებს გამოვლინებას.
კომენტარები