ბიტკოინის ხიბლი, გარდა მისი დეცენტრალიზირებულობისა, ისიცაა, რომ მისი შენახვა ან გაგზავნა სრულად ანონიმურად და დაცულადაა შესაძლებელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გერმანიაში საკმაოდ საინტერესო ამბავი ხდება — პოლიციის ხელში აღმოჩნდა საფულე, რომელზეც 60 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინია განთავსებული, თუმცა, როგორც Reuters იუწყება, პერსონა, ვისაც ეს ბიტკოინები ეკუთვნის, სამართალდამცავებს საფულის პაროლს არ ეუბნება.

ბიტკოინების მფლობელი პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გაირკვა, რომ მან პროგრამულად შეძლო ადამიანების კომპიუტერების მაინერებად გადაქცევა, ეს კი დანაშაულია, რადგან ის სხვა ადამიანების კომპიუტერულ რესურსს დაუკითხავად იყენებდა.

Reuters-თან საუბრისას პროკურორმა აღნიშნა, რომ დაკავებულს არაერთხელ კითხეს პაროლი, თუმცა მან ის არ გათქვა.

აქვე აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა როცა ბიტკოინების დიდი რაოდენობა გაუთქმელად რჩება კრიპტო საფულეებზე. ბრუნვაში არსებული ბიტკოინების დაახლოებით 20% ანუ 140 მილიარდი დოლარი სწორედ ასეთ საფულეებზეა განთავსებული და როგორც ჩანს, სამუდამოდ ასეც დარჩება. ეს კონკრეტული შემთხვევაც სწორედ ასეთია და ამ 140 მილიარდ დოლარს 60 მილიონიც დაემატება.