ახალი კვლევის თანახმად, სამყარო ხუთგანზომილებიანია
გერმანელ და ესპანელ მეცნიერთა გუნდი ამტკიცებს, რომ მათ "ბუნებრივი ახსნა" მოუძებნეს როგორც ბნელ მატერიას, ასევე სხვა აუხსნელ სამეცნიერო მოვლენებს — თუმცა, მათი აღმოჩენა მთლიანადაა დამოკიდებულ ახალი თეორიული სუბატომური ნაწილაკის არსებობასა და სამყაროს მეხუთე განზომილებაზე.
ახალ ნაწილაკს, ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ფერმიონს, არსებობის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს უნარი, გადავიდეს მეხუთე განზომილებაში და ბნელი მატერია დაუკავშიროს ხილულ მატერიას, რომლისგანაც შედგება ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვეხებით. აღსანიშნავია ისიც, რომ კველვა არ ეწინააღმდეგება ბნელი მატერიის ქცევის არც ერთ მოდელს, რაც დღემდე შეუქმნიათ მეცნიერებს, წერს Motherboard. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილ ინფორმაციას ჰგავს.
მკვლევრები თითქოს სამყაროს კანონების შეცვლას ცდილობენ იმისთვის, რომ რამენაირად თავიანთ გამოგონილ თეორიას მოუძებნონ ახსნა. თუმცა, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ იგი საგრძნობლად შეცვლის და გაზრდის ჩვენს წარმოდგენას კოსმოსის შესახებ.
კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა Motherboard-ს განუმარტეს, რომ ეს ახალი ნაწილაკი, არსებობის შემთხვევაში, ჰიგსის ბოზონთან უნდა ურთიერთქმედებდეს და სწორედ მისი ზომისა უნდა იყოს. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ზედმეტად მძიმეა, ამჟამად არსებული კოლაიდერებითა და ამაჩქარებლებით მისი დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია.
მოხსენების მიხედვით, რომელიც გუნდმა გასულ თვეს European Physical Journal C-ში გამოაქვეყნა, თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული მისტიკური ნაწილაკი და მეხუთე განზომილება, რომელშიც იგი მოძრაობს, მართლაც არსებობს, მაშინ ეს ფერმიონი წარმოადგენს უნიკალურ გზას, რომელიც ბნელ მატერიამდე მიგვიყვანს.
"თუ მძიმე ნაწილაკი მართლაც არსებობს, მაშინ იგი აუცილებლად უნდა აკავშირებდეს ერთმანეთთან ხილულ და ბნელ მატერიებს იმ დაშვებიდან გამომდინარე, რომ ბნელი მატერია შედგება ფუნდამენტური ფერმიონებისგან, რომლებიც სწორედ დამატებით განზომილებაში მდებარეობენ", — განმარტავს მეცნიერთა გუნდის წევრი.
ნაცვლად იმისა, რომ მეცნიერებმა მისტიკური ნაწილაკისა თუ მეხუთე განზომილების არსებობა თვითონვე დაამტკიცონ, Motherboard-თან გაკეთებული განცხადების მიხედვით, ისინი იმედოვნებენ, რომ ფიზიკოსები ნაწილაკების ფიზიკისა და კოსმოლოგიის სწავლის დროს მათ მოდელსაც მიიღებენ მხედველობაში.
"ამ ნაწილაკმა შესაძლოა, საბოლოოდ, სამყაროს საინტერესო კოსმოლოგიურ ისტორიამდე და გრავიტაციული ტალღების წარმოშობამდეც მიგვიყვანოს. ეს ძალიან საინტერესო კვლევითი ხაზია და ჩვენი გუნდი მომავალ თვეებში სწორედ ამაზე იმუშავებს", — აღნიშნავს გუნდის წევრი Motherboard-თან ინტერვიუში.
კომენტარები