თბილისის ქუჩებში სისუფთავე "პუტინის" ასაღები პარკით შეგიძლიათ დაიცვათ
ქუჩაში ძაღლის გასეირნება, როგორც წესი, ერთი და იგივე სცენარით სრულდება. ამ დროს პასუხისმგებლიანი პატრონი და მოქალაქე ქუჩას ოთხფეხა მეგობრის ფეკალიებისგან წმენდს, მათ ურნაში უძახებს და მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდება სახლში.
თუ აქამდე არ იცოდით, რომ ამ მიზნით საქართველოში ბიოდეგრადირებადი პარკები იყიდებოდა, უნდა იცოდეთ, რომ უკვე 4 წელია, რაც ქალაქის სამსახურში რინგო დგას. როგორც ბრენდის ავტორი, ნესტან მამაცაშვილი ამბობს, სტარტაპი 2016 წელს, თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად წამოიწყო.
რინგო აწარმოებს ტყავის ან მისი ჩამნაცვლებელი მასალისგან დამზადებულ ხელნაკეთ ფერად ქისებს, რომლებშიც ბიოდეგრადირებადი პარკებია მოთავსებული ძაღლის ფეკალიების ასაღებად.
"რინგო ჩემი განუყრელი მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც ჩემი ცხოვრების ნახევარი გავატარე და ერთი წელია რაც აღარ მყავს… თუმცა სტარტაპი მის სახელს ატარებს და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქალაქისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში რინგოს დიდი წვლილი მიუძღვის".
რატომ ბიოდეგრადირებადი
ნესტანი გვეუბნება, რომ 2016 წლამდე საქართველოს არცერთ ზოომაღაზიაში იყიდებოდა ძაღლის ფეკალიებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი პარკები, მით უმეტეს ბიოდეგრადირებადი.
"რინგო მართლაც ერთერთი პირველი ბრენდი იყო, რომელიც შეწუხდა ამდენი ნაგვის ყურებით და გადაწყვიტა მოქალაქეებისთვის კომფორტის შესაქმენლად ეწარმოებინა ხელნაკეთი ქისები ბიოდეგრადირებადი პარკებით ძაღლის ფეკალიების ასაღებად".
ბიოდეგრადირებადი პარკი მზადდება მხოლოდ ბუნებრივი, მცენარეული ნედლეულისგან, რომლის წარმოებისას ჰაერში საერთოდ არ გამოიყოფა ნახშირბადი და იხარჯება 65%-ით ნაკლები ელექტროენერგია, ვიდრე პოლიეთილენის პარკის წარმოებისას. ის მიწასთან შეხებისას მთლიანად იხრწნება და არ აქვს მავნებელი ეფექტი ეკოსისტემაზე.
"თანამედროვე და პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება ბიოდეგრადირებად პარკებს მოიხმარს და ამით ისევე როგორც ეკოლოგიაზე, თავიანთ ოთხფეხა მეგობარსა და ოჯახზეც ზრუნავს. ძაღლის ფეკალიები მილიონობით ნაწლავურ ბაქტერიასა და ჭიას შეიცავს, რომელთა ნიადაგში, ჰაერსა და წყალში მოხვედრა ერთნაირად საშიშია ადამიანებისა და ცხოველებისთვის", — დასძენს იდეის ავტორი
აიღე "პუტინი"
ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილია მესიჯი PICK UP PUTIN, რასაც თავისი ისტორია აქვს. ნესტანი ყვება, რომ გავრილოვის ღამეს საკმაოდ ბრაზობდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ემოციები და დამოკიდებულება რუსეთის მიმართ თავისი შექმნილი ბრენდის საშუალებით გამოეხატა.
სწორედ გავრილოვის ღამის შემდეგ გაჩნდა რინგოს პროდუქციაზე, ძაღლის ფეკალიების ასაღებ ერთჯერად პარკებზე, წარწერა "აიღე პუტინი".
ფოტო: რინგო
ნესტანი სრულად იაზრებს ოკუპაციის პრობლემის სიდიდეს და გული შესტკივა ჩვენს რეალობაზე, მისი სიტყვებით, ილუზია არ აქვს, რომ ამ მესიჯით მცოცავ ოკუპაციას ბოლო მოეღება, თუმცა წარწერას თავისი მიზანი აქვს:
"მაგრამ სულ მცირედი დისკომფორტი მაინც შეექმნებათ იმ ადამიანებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია! არა, რუსეთი არ არის საქართველოს მეგობარი და ეს წარწერა სწორედ მათთვისაა. რუსეთი ჩვენი მტერია და ეს უნდა გვესმოდეს და ვხედავდეთ ცალსახად".
რინგოს პროდუქცია
კომპანიას აქვს სახლში მოტანის სერვისი, პროდუქცია კი იყიდება როგორც ონლაინ (საიტზე ringobags.com), ასევე 40 ზე მეტ დიდ სუპერმარკეტებსა თუ ვეტერინარულ კლინიკებში. ბრენდს საქართველოს სამ ქალაქში აქვს პარტნიორი მაღაზიები.
რინგოს ხელნაკეთი ქისები, რომელსაც 15 ცალი ბიოდეგრადირებადი პარკი მოჰყვება, 22 ლარი ღირს, ხოლო ერთი თვის სამყოფი (60 ცალი) საიტიდან გამოწერის შემთხვევაში — 8 ლარი.
ფოტო: რინგო
თუ ინიციატივას მხარს უჭერთ, შეგიძლიათ ერთდროულად ქალაქის სისუფთავეზეც იზრუნოთ, გარემოც დაიცვათ, ძაღლების პასუხისმგებლიანი მეგობრებიც გახდეთ და რუსეთის ოკუპაციაც გააპროტესტოთ.
კომენტარები