ავსტრიელმა კაცმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს თავის ოჯახთან ერთად ერთ-ერთ ფრანგულ სოფელს აფარებდა თავს, გადაწყვიტა, თავისი ქონება ამ დასახლებისთვის დაეტოვებინა.

ერიკ შვამი, რომელიც გასული წლის მიწურულს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, 1943 წელს ჩავიდა სოფელ შამბონ-სურ-ლინიონში. საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ეს სოფელი დიდი ხნის განმავლობაში იცავდა და იფარებდა ათასობით ებრაელს, როცა მათ ნაცისტური რეჟიმი დევნიდა.

როგორც დასახლების გუბერნატორი აცხადებს, შვამმა სოფელს კონკრეტული პიროვნების განუსაზღვრელად დაუტოვა "უზარმაზარი ქონება" — უფრო კონკრეტულად კი $2,4 მილიონი. ეს თანხა, როგორც ცნობილია, სოფელში საგანმანათლებლო და ახალგაზრდული აქტივობების განხორციელებას მოხმარდება.

სოფლის ერთ-ერთი მესვეურის თქმით, ავსტრიელი კაცი ძალიან მორიდებული იყო და არ სურდა, მისი ამ ქმედების შესახებ ხალხს შეეტყო. მიუხედავად იმისა, რომ შვამზე ცოტა რამე თუა ცნობილი, ინფორმაციის მოკვლევით დადგინდა, რომ იგი თავის მშობლებთან და ბებიასთან ერთად ვენიდან ჩავიდა სოფელში.

ომის შემდეგ მისი ოჯახი ავსტრიაში დაბრუნებულა, შვამი კი 1950 წელს ლიონში გაემგზავრა ფარმაციის შესასწავლად. სწორედ აქ შეხვდა იგი თავის მომავალ ცოლს; წყვილს შვილი არ ჰყავდა, მოგვიანებით კი შვამი დაქვრივდა და სიცოცხლის ბოლომდე მარტო ცხოვრობდა.

შამბორ-ლურ-ლინიონი, დაახლოებით, 1940 წელს.

ფოტო: Peter Feigl / United States Holocaust Memorial Museum

აღსანიშნავია, რომ შამბონ-სურ-ლინიონი, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, 2 500 ადამიანია, შევიწროებული და დევნილი ჯგუფების შეფარებითაა ცნობილი. სწორედ აქ იმალებოდნენ ფრანგი პროტესტანტი ჰუგენოტები მე-17 საუკუნეში. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ადგილობრივმა მღვდელმა და მისმა ცოლმა მოსახლეობას ებრაელი დევნილების შეფარებისკენ მოუწოდა. ხალხში გავრცელებული ხმებით, აქ ათასობით ებრაელმა ჩამოაღწია, რომელთაც სოფლის მოსახლეობა საკუთარ სახლებში მალავდა. შამბონ-სურ-ლინიონის განსაკუთრებული წვლილი ისრაელმაც აღიარა.