არჩევნები — ახალი გზა ლიტერატურაზე სასაუბროდ
ამ ქვეყანაში თუ რამე არ გვაკლია, ეს არჩევნებია: ისე ხშირად ვართ განებივრებული პოლიტიკური ციებ-ცხელებით და მასთან დაკავშირებული კომიკური აბსურდულობით, რომ მეტი არ შეიძლება. სინამდვილეში, სხვანაირადაც შეიძლება ითქვას: ყელში ამოგვივიდა არჩევნები. ნუთუ, შეიძლება ვინმემ ან რამემ ამ პროცესს ის დიდებულება დაუბრუნოს, რასაც თითქოს თავის თავში მოიაზრებს?
როგორც ჩანს, ამას ისევ ლიტერატურა თუ შეძლებს.
სადღაც გასული წლის ოქტომბრის მიწურულს მოულოდნელად გამოჩნდა ფეისბუქგვერდი არჩევნები, რომელიც ბევრს, ალბათ, ჩემსავით ისედაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო თავიდან დიდად არაფრად ეპრიანა, თუმცა ამავე პლატფორმაზე მალევე გამოქვეყნდა პატარა ვიდეოჩანაწერები, ერთგვარი გადაცემები, სადაც თურმე პოლიტიკოსები ერთმანეთის ავკარგიანობას კი არ ამტკიცებენ ისევ, არამედ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები უბრალოდ საყვარელ წიგნებზე საუბრობენ და ცდილობენ, ნამდვილად ურთულესი არჩევანი გააკეთონ: მათთვის საუკეთესო სამი წიგნი დაასახელონ.
მეტი დაძაბულობა და ინტრიგა რა უნდა გინდოდეს ლიტერატურის მოყვარულს?
არც არაფერი, რასაც ანი ჯაფარიძე, ნინი ბუკია და ტბელ აბუსერიძეც იზიარებენ და სწორედ ამის გამო ერთად გადაწყვიტეს, რომ მეგობრებთან გაცხარებული განხილვები თუ წაკითხული წიგნების გულუხვი რეკომენდაციები უფრო მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ. ცხადია, თავადაც სურდათ, რომ სხვადასხვა გემოვნების მკითხველებისგან ცინცხალი რჩევები მიეღოთ.
ასე დაიწყო ქართველი მკითხველების არჩევნები.
"ერთხელ ძმები საფდების ვიდეო შემხვდა, სადაც ეს რეჟისორები ფილმების ჩანაწერებით სავსე თაროებიან ოთახში ირჩევდნენ ფილმებს და განიხილავდნენ, თუ რა მოსწონდათ მათში. მაშინვე მოვიხიბლე, თუ როგორი უშუალო და შინაურული განწყობა იქმნებოდა ამ ფორმატის გამო. ზუსტად მაგ დროს გამიელვა გონებაში პირველად, რომ წიგნებზე ჩვენთან ასე არ ლაპარაკობენ ხოლმე, არადა, რა კარგი იქნებოდა-მეთქი", — ასე იხსენებს ანი ჯაფარიძე არჩევნების შექმნის თავდაპირველ მიზეზებს.
თუ უკვე გინახავთ არჩევნების თუნდაც ერთი ვიდეო მაინც, თავადაც დარწმუნდებოდით, რომ წარმატებულად გამოუვიდათ ამ ფორმატის მორგება.
ამ ერთი შეხედვით მოკრძალებული საქმის დაწყებამ სამივე "ბიბლიოთეკარისგან", ცხადია, არც ისე მცირე დრო და ენერგია წაიღო: თავადვე შეღებეს წიგნებისთვის გამოყოფილი მცირე კუთხის კედლები, მოაწყეს თაროები და ა.შ. კოხტად ჩამწკრივებულ წიგნებს რაც შეეხება, თავდაპირველად პირადი ბიბლიოთეკებიდან აპირებდნენ "არჩევნებში მონაწილე კანდიდატი წიგნების" წარდგენას, თუმცა პოლიტიკური არჩევნებისგან განსხვავებით, მაქსიმალური მრავალფეროვნების მიღწევა სცადეს:
"გამომცემლობებს (ინტელექტი; არტანუჯი; პალიტრა L; დიოგენე; სულაკაურის გამომცემლობა; არეტე; აგორა; აქტი;) მოვუყევით ჩვენს ჩანაფიქრზე, მივაწოდეთ სასურველი წიგნების სიები, რის შემდეგაც წიგნები საჩუქრად გადმოგვცეს და ახალ გამოცემებს დღემდე გვიგზავნიან. დიდი მადლობა მათ ამისთვის – წიგნები ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია", — ამბობს ანი.
არჩევნების მაყურებელმა უკვე არაერთი მთარგმნელის, მწერლის, მუსიკოსისა თუ ლიტერატურასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ადამიანის რჩევები მოისმინა და სამი საყვარელი წიგნის დასასახელებლად კამერის წინ მათ ლიტერატურულ მოგზაურობას მიადევნა თვალი.
როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ნინი ბუკია ამბობს, სტუმრების მოწვევის განსაკუთრებული კრიტერიუმები არ აქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ, პირად ინტერესებთან ერთად, მაყურებლების სურვილებიც გაითვალისწინონ:
"როგორც ჭეშმარიტმა ქართველებმა, თავიდან დავიწყეთ ნაცნობ-მეგობრებით. ნდობა და ნახვები რომ დავაგროვეთ, მერე უცხო ადამიანებთან კონტაქტიც გავბედეთ. ზოგ სტუმარს ჩვენს ნებაზე ვარჩევთ: აი, მაგალითად, მე ამისა და ამის მოსმენა გამიხარდებოდა, ტბელს უნდა, რომ რომელიღაც წიგნზე ისაუბროს ვიღაცამ და ა.შ. უფრო რთული მათი დათანხმება აღმოჩნდა: პანდემიაა და თან მაინც კამერის წინ უნდა ისაუბრო. ახლა ვცდილობთ, მაყურებლის რჩევებიც გავითვალისწინოთ, ხან პირადი შეტყობინებებიდან, ხანაც კომენტარებში გამოთქმული სურვილებიდან", — ასე აღწერს ნინი ბუკია მოწვეული სტუმრების შერჩევის პროცესს.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დაწყების დღიდან საინტერესო სტუმრებს არ უჩიოდა, თავდაპირველად ერთი რამ მაინც მოხვდებოდა მაყურებელს თვალში: ზედიზედ პირველ რამდენიმე გადაცემაში მხოლოდ კაცები საუბრობდნენ თავიანთ ლიტერატურულ გემოვნებაზე. ერთ დღეს ეს თავად ორგანიზატორებმაც გააცნობიერეს და რამდენადაც შესაძლებელი იყო, დროულად სცადეს, რომ აუცილებელი მრავალფეროვნება აღედგინათ.
"ისე დაემთხვა, რომ გადაცემის დაწყებიდან პირველი ორი თვე ქაოტურად ვუკავშირდებოდით ადამიანებს და დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, მათ შორის რამდენი ქალი იქნებოდა და რამდენი – კაცი. ერთ დღეს შემთხვევით გავიაზრეთ, რომ სულ კაცი სტუმრები გვყავდა. მერე გავიხსენეთ, რომ ზოგ რესპოდენტს (ქალს) ვირუსი შეეყარა, ან იზოლაციაში ყოფნის გამო გადავთქვით დანიშნული გადაღება, ზოგმა ვერ მოიცალა (სამსახური, ოჯახი) და უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ უფრო მარტივად კაცებს ვითანხმებდით. რა თქმა უნდა, ჩვენს კაც რესპოდენტებს არაფერს ვერჩით, მაგრამ მაინც გვგონია, რომ საჯარო სივრცის (თუნდაც ასეთი პატარასი) დაკავება ქალებისთვის უფრო დიდ ბარიერს წარმოადგენს, ვიდრე – კაცებისთვის. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ქალებს დავკავშირებოდით და წარმატებასაც მივაღწიეთ",— სტუმრების გენდერულ ბალანსთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს ნინი.
აი, ასე გამოჩნდა პირველი ღირსეული ქალი კანდიდატი არჩევნებში — შესანიშნავი მთარგმნელი ქეთი ჩართოლანი, რომელიც, სხვათა შორის, On.ge-ის რედაქტორიცაა (მისი ხსენება ნეპოტიზმის ნიშნებს არ შეიცავს: მართლა ძალიან მომნუსხველი ლიტერატურული მონოლოგი ჰქონდა) და თავისი უზომოდ საინტერესო რჩევებით სხვებსაც გაუხსნა გზა.
რამდენადაც ლიტერატურის მოყვარულებისთვის სასურველი შეიძლება იყოს სხვა მკითხველების მიერ პირადი შთაბეჭდილებების გაზიარება, იმდენადვეა დამაინტრიგებელი თვითონ არჩევნების გადაღების პროცესი, რის გამოც, მათი ორგანიზატორების ნამდვილად შეიძლება გვშურდეს .
"კამერა ყოველთვის იყო ის მედიუმი, რომლითაც ადამიანებს უკეთ ვიცნობდი, იქნებოდა ეს ფოტოს თუ ვიდეოს გადაღებისას. ამიტომ ჩემთვის (და ალბათ, ჩემი თანაგუნდელებისთვისაც) ყველაზე საინტერესო ნაწილიც სწორედ გადაღება და სტუმრებთან უშუალო კომუნიკაციაა. მიკროფონის დამაგრებიდან დაწყებული, "აბა რამე გრძელი წინადადება თქვი, რომ ხმა შევამოწმო"-თი დამთავრებული, სტუმართან დაახლოებისა და დამეგობრების პროცესია, რაც მე ყველაზე მეტად მახარებს. ამას ისიც ემატება, რომ სტუმრის არჩევანს "ლაივში" ვუსმენ და როცა გადაღებას მოვრჩებით, მერე სხვადასხვა წიგნზეც ვსაუბრობთ და 1-2 ხუმრობასაც ვცვლით" — აღწერს ტბელ აბუსერიძე გადაღების პროცესს.
ჯერ სულ რამდენიმე თვე გავიდა, რაც არჩევნები დაიწყო, თუმცა ამ პროექტმა უკვე ლიტერატურით დაინტერესებული არაერთი ადამიანი მიიზიდა, რომლებიც მოუთმენლად ელიან ახალი ეპიზოდების გამოსვლას ან სულაც სრულიად უშუალო გარემოში თავად სთავაზობენ იმ სტუმრების მოწვევას, ვისი მოსმენაც გაუხარდებოდათ.
როგორც გვპირდებიან, წინ კიდევ უფრო საინტერესო რჩევები, მრავალფეროვანი სტუმრები და რაც მთავარია, წიგნებზე უსასრულო საუბარი გველის და თუ გინდათ, თქვენც არაფერი გამოგეპაროთ, არჩევნების ფესბუქგვერდს მიადევნეთ თვალი.
კომენტარები