იმ ამერიკელების რიცხვი, რომელთაც უცხოპლანეტური ცივილიზაციისა და გონიერი უცხოპლანეტელების არსებობის სჯერა, დაახლოებით, იმდენივეა, რამდენიც იმ ამერიკელთა რაოდენობა, ვისაც ღმერთის არსებობის სწამს. დაიანა პასულკა ამბობს, რომ ეს დამთხვევა არაა.

პასულკა რელიგიის პროფესორია ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში და ახლადგამოსული წიგნის "American Cosmic" ავტორი. აღნიშნულ წიგნში ის ამტკიცებს, რომ უცხო ცივილიზაციების რწმენა ზუსტად იმ საფუძვლებს ეყრდნობა და მიჰყვება, რასაც ისტორიულად, ნებიმიერი რელიგია მიჰყვებოდა ჩამოყალიბების მომენტში. პასულკას აზრით, ამ ადამიანებს სჯერათ, რომ უცხოპლანეტელები ჩვენი ცივილიზაციის მხსნელები შეიძლება იყვნენ.

Vox-თან ინტერვიუში, პასულკა განმარტავს, თუ როგორ ხედავს ახალი რელიგიების ჩამოყალიბების პროცესსა და უცხოპლანეტელების რწმენას შორის მსგავსებას. ის ამბობს, რომ უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული სუბიექტური გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარებით, საზოგადოება ახალ რელიგიურ ნარატივებს აყალიბებს. ამას კი ხელს უწყობს კოსმოსური მისიები, რომელიც უცხო ცივილიზაციების აღმოჩენაზე არის ორიენტირებული.

წარსულში, ამ ნარატივების გააქტიურებას საკმაოდ განსხვავებული პოზიციები უშლიდა ხელს. ახლა კი, უცხოპლანეტელთა რწმენის რელიგიად ჩამოყალიბებას უამრავი ფაქტორი უწყობს ხელს. მათ შორის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მიღწევები, რაც კოსმოსის კვლევის კუთხით აქვს კაცობრიობას. ამასთან, პასულკა აღნიშნავს, რომ პლანეტა კრიზისის წინაშეა.

"უამრავი ადამიანი ხედავს კატასტროფას ჰორიზონტზე და არსებობს საკმაოდ ღრმა შიში იმის შესახებ, რომ ჩვენ საკუთარი თავის გადარჩენას ვერ შევძლებთ", — უთხრა მან Vox-ს და დასძინა — "და რამ შეიძლება დაგვიცვას? ზოგი ადამიანისთვის, ეს შეიძლება იყოს არადედამიწისეული არსებები, რომლებიც მოვლენ ჩვენთან და გვეტყვიან, თუ რა გავაკეთოთ, ან როგორ გავერიდოთ ამ ყველაფერს".