ქართული პლატფორმა კიბერუსაფრთხოების მართვისთვის, რომელიც გლობალური ბაზრის ათვისებას გეგმავს
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ინტერნეტ კავშირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად იქცა. დღევანდელ სამყაროში სულ უფრო რთულდება იმის გარჩევა, რომელი წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდა ვენდოთ, ან რა ონლაინ ქცევებისგან უნდა შევიკავოთ თავი საიმისოდ, რომ საკუთარი პირადი მონაცემები საფრთხის ქვეშ არ აღმოვაჩინოთ. ამ სტატიაში გაგაცნობთ ქართულ სტარტაპს, რომელიც სწორედ ამ და სხვა მსგავს საკითხებზე მომუშავე ადამიანებისთვის საქმის შემსუბუქებას გეგმავს და გლობალურ ბაზარსაც უმიზნებს.
კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში უამრავი ადამიანია დასაქმებული და მათ დღემდე უწევთ სხვადასხვა ბიუროკრატიულ პრობლემასთან გამკლავება. მაგალითად, მთელი ინფორმაციის გადატანა Excel-ის ფაილებსა თუ სხვა მოუხერხებელ სისტემებში იმისთვის, რომ სწორად დაგეგმონ თავიანთი სამუშაო და შეძლონ პროცესების მარტივად ორგანიზება. ასეთ საკითხებში ძალიან დიდი ადამიანური რესურსი იხარჯებოდა და დღემდე იხარჯება. ამის გამო, კიბერუსაფრთხოების ქართველი სპეციალისტები, კომპანია კიბერჰაუსის დამფუძნებლები მიხეილ ბასილაია და დავით აღნიაშვილი მიხვდნენ, რომ საჭირო იყო ისეთი პროგრამის შექმნა, რაც აღნიშნულ პრობლემას გადაჭრიდა და ასე, გადაწყვიტეს შეექმნათ CSMP — Cyber Security Management Platform.
"მე და ჩემი თანამშრომლები CyberHouse-დან უკვე რვა წელია, რაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ვმუშაობთ. ამ დროის მანძილზე, როდესაც ჩვენ თვითონ ვნერგავდით და ვმართავდით ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების მართვის სისტემებს, ან სხვა ორგანიზაციებს ვეხმარებით მათ აწყობაში, ყოველთვის გვიწევდა ძალიან დიდი დროის დახარჯვა ბიუროკრატიულ საკითხებში. ამ დროს მსოფლიო ბაზარზე უკვე არსებობდა ისეთი პროგრამები, რომლებიც ერთი შეხედვით ჭრიდა აღნიშნულ საკითხს, თუმცა პრაქტიკაში გამოყენებისას შევამჩნიეთ, რომ ბევრი მათგანი საკმაოდ დაუხვეწავი იყო და უბრალოდ, ექსელის ფაილის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა", — განმარტავს CSMP-ის თანადამფუძნებელი, მიხეილ ბასილაია.
CSMP-ის გუნდმა საბოლოოდ გადაწყვიტა ისეთი ჭკვიანი ასისტენტის შექმნა, რომელიც კიბერუსაფრთხოების მენეჯერებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუმარტივებს, დაეხმარება, უკეთესად დაგეგმონ სამუშაო პროცესი. ის ასევე შეძლებს საბოლოოდ შეაფასოს ეს პროცესი — რა დაინერგა, რა არ დაინერგა და რას რამდენი დრო დასჭირდა.
მიხეილი გვიყვება, რომ დღეს კიბერუსაფრთხოების მენეჯერებს უწევთ Input-ის შეგროვება უამრავი სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემიდან. ზოგიერთი მათგანი გარე შეტევებს აფიქსირებს, ზოგი შიდა შეტევებს, სხვა სისტემები კი საეჭვო შემთხვევების ამოცნობაზე მუშაობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ინფორმაციის გაერთიანება და ერთ პლატფორმაზე მოთავსება სპეციალისტებს დიდი დროის ხარჯვად უჯდებათ, ამიტომ გუნდმა გადაწყვიტა, პროდუქტისთვის ეს ფუნქციონალიც დაემატებინა და შეექმნათ ისეთი პროგრამა, სადაც ერთ პლატფორმაზე, როგორც კიბერუსაფრთხოების მენეჯერს, ასევე ორგანიზაციის ტოპ მენეჯმენტსაც შეუძლია ადევნოს თვალ-ყური თავისთვის საინტერესო უსაფრთხოების ინდიკატორებს.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების გუნდს ამჟამად უკვე შემუშავებული აქვთ კიდევ ერთი მოდული — კიბერჰიგიენის სასწავლო პლატფორმა. კიბერჰიგიენა კიბერუსაფრთხოების მართვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული კომპონენტია. მისი საშუალებით ისინი ასწავლიან ორგანიზაციის თანამშრომლებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ყალბი მეილი, რას არ უნდა დააკლიკონ, როგორ უნდა მიხვდნენ, საიტი ყალბია თუ არა და ა.შ. სასწავლო პლატფორმა მოსწავლეებს უტარებს ტრენინგებს, უგზავნის ფიშინგის სავარჯიშოებს, აკეთებს კიბერშეტევების სუმულაციას და ამ გზით მათ კიბერშეტევების ამოცნობასა და მათთან გამკლავებას ასწავლის.
CSMP-ის გუნდმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA) 100 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო, რომლის საშუალებითაც 1 დეკემბრიდან ამ იდეის განხორციელებაზე მუშაობენ. ამჟამად ისინი პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობენ, რის შემდეგაც აპირებენ მოდულის შექმნას, მის შემოწმებას და შემდეგ გაყიდვას.
"GITA-ში განაცხადის შეტანის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებში მოვხვდით და გავიარეთ პრეზენტაციისთვის მოსამზადებელი ერთკვირიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც ძალიან დაგვეხმარა იმის გააზრებაში, თუ რა იყო ჩვენი ძლიერი მხარე, ბაზრის რა სეგმენტისთვის უნდა დაგვემიზნებინა, რა უპირატესობები და სისუსტეები გვქონდა სხვებთან შედარებით", — აღნიშნავს მიხეილი.
რაც შეეხება კონკურენტებს, გუნდის წევრების განმარტებით, მათ უკვე კარგად აქვთ შესწავლილი ის წვრილმანი დეტალები, რომლებსაც თვითონ აწყდებიან მუშაობის პროცესში და შესაბამისად, მათი ძლიერი მხარე სწორედ კონკრეტული პრობლემის ცოდნაა.
"გლობალურ ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ყველაფერი გამარტივებისკენაა მიმართული. მაგალითად ავიღოთ Salesforce — ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპი გაყიდვებისთვის და CRM-ისთვის (customer relationship management). ჩვენც ასეთი რამის გაკეთება გვინდა — მიუხედავად იმისა, რომ კიბერუსაფრთხოების მენეჯერები მომავალში ისევ გამოიყენებენ ძალიან ბევრ უსაფრთხოების პროგრამას, გვინდა მათთვის შევქმნათ ერთი ფანჯარა, სადაც ამ ყველაფრის სტატუსს დაინახავენ", — გვიყვება მიხეილ ბასილაია.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ისინი ფიქრობენ, რომ პოროდუქტს რამდენიმე თვეში მისცემენ საბოლოო სახეს და მას აქტიურად გაყიდიან როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ამ პლატფორმის ანალოგი არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ერთ წელში ეს პროდუქტი დასრულებული არ იქნება და კიბერუსაფრთხოების ქართველი სპეციალისტები ეტაპობრივად ეცდებიან მის გაზრდასა და განვითარებას.
"ერთ წელში CSMP გამოყენებადი იქნება და კიბერუსაფრთხოების მენეჯერებს გარკვეული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება, თუმცა ჩვენ აქ გაჩერებას არ ვაპირებთ და ვგეგმავთ, რომ მეტი რამ დავამატოთ აღნიშნულ პროდუქტს".
საქართველოში სტარტაპებისთვის არაერთი შესაძლებლობა არსებობს, შესაბამისად CSMP-ის გუნდიც აპირებს სხვადასხვა ტიპის საგრანტო პროექტებსა და სტარტაპ აქსელერატორებში მონაწილეობის მიღებას იმისთვის, რომ ერთი მხრივ გრანტებიდან, მეორე მხრივ კი გაყიდვებიდან მიღებული ფინანსები გამოიყენოს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე განავითაროს მისი პროდუქტი.
"თავდაპირველად, რეგიონულ მასშტაბზე ვაპირებთ გასვლას, შემდეგ კი ნელ-ნელა გლობალური ბაზრის ათვისებასაც ვგეგმავთ, რადგან კიბერუსაფრთხოება გლობალური თემაა და შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბაზარზე არ იქნება მორგებული".
კომენტარები