ადამიანების მეტყველება და ზოგადად ენა ცხოველთა სამყაროში უნიკალურია, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანებს და მაიმუნებს ტვინში მსგავსი "წრედები" აქვთ, რომელიც 25 მილიონი წლის წინ დაწყებული ევოლუციური პროცესის შედეგია.

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ადამიანებს და მაიმუნებს მსგავსი თავის ტვინის ქერქის სმენითი ზონა აქვთ. მიუხედავად ამისა, მაიმუნებს ადამიანებისნაირად ლაპარაკი და კომუნიკაცია არ შეუძლიათ. მსგავსება მიანიშნებს, რომ ჩვენ წინაპარ პრიმატებს ენის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ტვინის სტრუქტურა ჰქონდათ, რის შედეგადაც ადამიანებში ენა აღმოცენდა, მაიმუნებში კი — არა.

კვლევის თანაავტორი კრის პეტკოვი ამბობს, რომ "ენა მეხსიერების კრისტალიზებისა და ცხადყოფის უნარს გვაძლევს".

"მიიჩნევა, რომ ტვინის მეხსიერების და მეტყველების სისტემები ევოლუციურ ისტორიაში არც ისე დიდი ხნის წინ აღმოცენდა და მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, რამაც ადამიანები დანარჩენი ცხოველებისგან განასხვავა".

ტვინის სტურქტურის შესახებ მონაცემები მეცნიერებმა პაციენტებისგან შეაგროვეს, რომლებსაც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ადამიანებში ტვინის სხვადასხვა რეგიონების სტიმულაციით ტვინის სტრუქტურის ვიზუალიზაცია შეიძლება.

ადამიანის ტვინის აუდიტორული და მეხსიერების რეგიონები მკვლევრებმა მაიმუნების ტვინის ვიზუალიზაციას შეადარეს და მსგავსებები ამგვარად იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ტვინის სტიმულაცია ხშირად ნევროლოგიური და ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდაც გამოიყენება. პრობლემა ისაა, რომ ზუსტად არავინ იცის, როგორ მუშაობს ეს პროცედურა. სტიმულაციის ექსპერიმენტები თავიდან მაიმუნებზე ტარდება ხოლმე, ადამიანებში სტიმულაციის სხვადასხვა პროცედურები კი მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენება.

კვლევა ტვინის სკანირების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს, რამაც შეიძლება ახალი პროცედურები და მიგნებები შთააგონოს.