"მეცნიერის მიზანი საზღვრების ნგრევა უნდა იყოს" — რატომაა საზიანო დაყოფა "ზუსტი" და "ჰუმანიტარული"
ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება 29-31 იანვარს კიდევ ერთ სიმპოზიუმს გამართავს, რომელიც მეტწილად სოციალურ მეცნიერებებს შეეხება. მომხსენებელთა სია და საკითხები, როგორიცაა ურბანისტიკა, ენათმეცნიერება და ნაციონალიზმის კვლევა, საკმაოდ შთამბეჭდავია. მომავალ სიმპოზიუმზე ჩვენ ორგანიზატორებს, ანა ჩხაიძეს, გუგა გოგიას და მარიამ ბეგაძეს ვესაუბრეთ, თუმცა მხოლოდ ამ საკითხით არ შემოვიფარგლეთ.
ანა კოგნიტური მეცნიერია, გუგა ფიზიკოსი, მარიამი კი პოლიტიკის მეცნიერია და მისი მიმდინარე კვლევა პოლიტიკას და სამართალს ეხება. მოკლედ რომ ითქვას სამივე ძალიან განსხვავებულ საკითხებს სწავლობს, მაგრამ სიმპოზიუმის ფარგლებში და არამხოლოდ, სამივე ცდილობს აჩვენოს, რომ მეცნიერების დიქოტომიური დაყოფა "ზუსტ" და "ჰუმანიტარულად" აზრს მოკლებულია.
ზუსტები და ჰუმანიტარები
"ჩემთვის ძალიან არაცხადია ეს მიჯნები: სოციალური, არასოციალური, სტემი, ანუ სად რა იწყება დიდად ცხადი არ არის და არც მგონია, რომ ძალიან რელევანტური და სწორია ეგეთი კლასიფიკაციები, როცა ბევრ მეცნიერს კომპლექსური კითხვა აქვს, რომლის გამოკვლევაც ბევრი სხვადასხვა მეთოდით შეიძლება. მაგალითად, ჩემთვის, ვისაც აინტერესებს ადამიანის გონება, შეუძლებელია, რომ სრულყოფილად შეხედო ამ ყველაფერს თუ მარტო ფსიქოლოგიაში დარჩები ან მარტო ხელოვნურ ინტელექტში. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ ნაკლები აქცენტი გავაკეთოთ — STEM VS სოციალურ მეცნიერება... უბრალოდ, ხალხი ამ დაყოფას მიჩვეულია", — ამბობს ანა ჩხაიძე.
სიმპოზიუმის მომხსენებელთა სიაში ისეთი ადამიანებიც შეგხვდებათ, რომელთა საქმიანობა მხოლოდ ზუსტ ან ჰუმანიტარულად ვერ კლასიფიცირდება, რაც ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ უამრავი კვლევის საკითხი მრავალი დისციპლინის გაერთიანებას საჭიროებს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აკადემიაში და "პოპულარულ" მეცნიერებაშიც გავრცეელებულია, ერთგვარი რედუქციონიზმია. როცა რამე ხელსაწყო ან თეორია ძალიან ეფექტიანია გარკვეული მოვლენების ასახსნელად, მისი გამოყენება ხშირად ჭარბად ხდება.
მაგალითად, ბიოლოგიაში და რიგ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, რომელიც ადამიანებს და ბუნებრივ სამყაროს ეხება, უამრავ ფენომენს ევოლუციური თეორიით ხსნიან. განსხვავებები ჯგუფებს შორის ხშირად განსხვავებული ევოლუციით აიხსნება, რასაც უამრავი ადამიანი შეცდომაში შეყავს თუ კვლევა, რომელიც განსხვავებების ევოლუციურ საფუძვლებს სწავლობს არაგულწრფელია. იქნება ეს გენდერის საკითხები თუ რასის.
"ცხადია ასეთი გამარტივებული მიდგომა ყოველთვის და ყველაფერში პრობლემაა,"— ამბობს მარიამ ბეგაძე. "მეორე მხრივ, მე რომ აკადემიაში რაღაც ახალი ვთქვა, ეს უნდა ემყარებოდეს არსებულ არგუმენტებს, რომელიც უნდა გავაანალიზო. რთულია, რომ რაღაც პარადიგმა ძალიან მალე შეცვალო, ამას პოზიტიური როლიც აქვს. აკადემიაში მიკერძოებულობა, რომელიც არგუმენტების გამარტივებას იწვევს, პრობლემა ნამდვილად არის, ძალიან ბევრი სტატია სწორედ ამ მიკერძოებულობას ემყარება და არა ემპირიულ საბუთებს".
როდესაც მეცნიერები სოციალურად რელევანტურ საკითხებს ეხებიან, იქნება ეს ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა თუ საერთაშორისო ურთიერთობები, ხშირად ისინი მიკერძოებულნი არიან. "მიკერძოებულობა" შეიძლება კულტურული ან სოციალური ფაქტორებით იყოს განპირობებული ისე, რომ ამას მკვლევრები ვერც აცნობიერებდნენ.
რედუქციონიზმი არც ისე სასარგებლოა, რადგან ის გარკვეული საკითხების კვლევის არეალს და მეთოდოლოგიას მნიშვნელოვნად ავიწროვებს. "ზუსტ" მეცნიერებაზე ჭარბი აქცენტი ადამიანს სოციალური გარემოებების გაუთვალისწინებლობისკენ უბიძგებს, ხოლო გარკვეული პრობლემის სოციალურ ასპექტებზე კონცენტრაცია შეიძლება ჩრდილავდეს ფენომენის "არასოციალურ" ასპექტებს. ამის საილუსტრაციოდ ანა ჩხაიძეს სქესის და გენდერის მაგალითი მოჰყავს.
ორი აზრი არ არსებობს, რომ ქალები და კაცები განსხვავდებიან. ბიოლოგიური ესენციალისტები ხშირად ამ განსხვავებებს გენეტიკით ან ევოლუციით ხსნიან, ეს განმარტებები კი ხშირად მხოლოდ სპეკულაციაა. მეორე მხრივ, არსებული განსხვავებების უგულებელყოფა და მთლიანად კულტურულ ასპექტებზე მიწერა თანაბრად არამეცნიერული შეიძლება იყოს. ეს მიდგომა გუგა გოგიას თქმით "კულტურის მკლვევრების" და "თეორისტების" პოპულარიზებულია, რომლებიც ხშირად გაუგებარ ჟარგონს იყენებენ და მეცნიერებას ისე ამრუდებენ, რომ თავიანთ მიკერძოებულ პოზიციებს მოერგოს.
მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებულ ზუსტ მეცნიერებას "ობიექტურობის" იარლიყი აკერია, ხშირად მეცნიერები არც ისე ობიექტურები არიან, რადგან დღის ბოლოს მეცნიერებიც უბრალოდ ადამიანები არიან. ეს განსაკუთრებით ცხადი მაშინ ხდება, როცა "სოციალურად რელევანტურ" საკითხებზე მიდის ლაპარაკი. ჩხაიძის თქმით, ასეთ დროს "ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ".
კვლევის მეთოდოლოგიის პრობლემები
მეცნიერების "ზუსტად" და "ჰუმანიტარულად" კატეგორიზაცია შეიძლება გროტესკული გამარტივებაა, თუმცა მეცნიერების პრობლემები ამით არ მთავრდება. ხშირად კვლევის მეთოდოლოგიებისადმიც არსებობს მიკერძოებულობა.
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური დასწავლა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოა მეცნიერების ხელთ. თუმცა, მონაცემთა ანალიზის მთლიანად ამ ფორმაზე დაყრდნობა, ან ჭარბი აქცენტი მხოლოდ სტატისტიკურ მასალაზე, არასწორია.
სიტყვა ხელოვნური იტნელექტი ან AI ბოლო დროს ზედმეტად თავისუფლად გამოიყენება, განსაკუთრებით პოპულარულ დისკურსებში. "AI-ის მქონე ჩიპით დეპრესიას განვკურნავთ" და მსგავსი განცხადებები ხშირად ჟღერდება. ერთი შეხედვით, ეს ლოგიკურიცაა თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ხანია ვიცით დეპრესიისას ტვინის რომელი რეგიონები აქტიურდება, რა შედეგები აქვს და ა.შ. AI მსგავსი მონაცემების შეგროვებაში გვეხმარება, მონაცემების რომელთა კოლოსალური მასშტაბები გამო, ადამიანებს დამოუკიდებლად ანალიზი გვიჭირს. თუმცა, იმისთვის, რომ პრობლემას რამე გამოსავალი ვუპოვოთ, საჭიროა თეორია, რომელიც მის ახსნაში დაგვეხმარება.
ჯერჯერობით "ზოგადი ხელოვნური ინტელექტი" არ არსებობს და ცხადი არაა, რომ ის ოდესმე იარსებებს. კამერა რომ გადგათ აივანზე და მიაბათ უმძლავრეს ხელოვნურ ინტელექტს, ამ AI-იმ შეიძლება გამოიკვლიოს, რა ხდება გარეთ. რა სიხშირით მოძრაობენ მანქანები, როგორ მონაცვლეობს დღე-ღამე და ა.შ, მაგრამ მოვლენების მიღმა არსებულ ფიზიკას AI-ით ვერ ახსნით იმიტომ, რომ AI ამისთვის არც შექმნილა.
რაც არ უნდა დახვეწილი NLP (Natural Language Processing) ხელსაწყო გქონდეთ, რაც არ უნდა მძლავრი ხელოვნური ინტელექტი შექმნათ, რომელიც ადამიანური ენის მოდელირებას შექმნის, ის ადამიანური ენის საფუძვლების გაგებაში საერთოდ არ დაგვეხმარება. იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ტექსტის გენერირებისას ისევ "მარკოვის ჯაჭვებს" იყენებს, ადამიანის საუბრისას ტვინში მიმდინარე პროცესებისგან განსხვავებულია.
გუგა გოგია ამბობს, რომ შეიძლება მეცნიერებს "ქუდის დახურვა" და სახლში წასვლა მოუწიოთ, როცა AI თეორისტს შექმნიან, თუმცა ამ ეტაპზე ეს პერსპექტივა ჰორიზონტზე არც კი ჩანს, თუ გავითვალისწინებთ როგორ მუშაობს AI. ამიტომ, მაგალითად ილონ მასკის განცხადებები, სადაც ის ხელოვნურ ინტელექტს გლობალურ საფრთხედ განიხილავს, AI-ისა და მეცნიერების საკითხებში ოდნავ ჩახედული ადამიანებისთვის კომიკურია.
მიუხედავად ამისა, AI-ის და მონაცემთა ანალიზის თანამედროვე მეთოდების ეფექტიანობა გასაოცარია და ხანდახან მეცნიერები არასწორ აქცენტებს აკეთებენ. ანა ჩხაიძე ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას აუცილებელია, რომ ზუსტად განვმარტოთ რაზე ვსაუბრობთ, "თორემ ცოტა მაშინებს ეს ტრენდი, რომ ყველაფერში ხელოვნურ ინტელექტს ვტენით და არ განვმარტავთ, რას ვგულისხმობთ".
მართლაც ხშირად რთული საკითხების კვლევისას უბრალოდ ჩვენივე საკვლევ მასალაში ვიკარგებით ისე, რომ ბუნდოვნებას ვიწვევთ.
უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მეცნიერების სიმპოზიუმზე დასწრება, მეცნიერებით დაინტერესებულებს და სტუდენტებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, მოისმინონ ძალიან კარგი სპეციალისტების გამოსვლები, რომელიც მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსა და კვლევების შესახება. სიმპოზიუმზე მომხსენებლები განიხილავენ საზღვარგარეთ სწავლის თავიანთ გამოცდილებასაც.
სიმპოზიუმები სადაც სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსმენელებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ხშირად ფასიანია და საკმაოდ ძვირიც, თუმცა უამრავი წარმატებული ქართველი მეცნიერი დაინტერესებულია, რომ თავიანთი გამოცდილება ადამიანებს უანგაროდ გაუზიარონ.
ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზატორებთ საუბარი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ჩემ სტატიებში ხშირად ვცდილობ ვაჩვენო რამდენად ჩახლართული შეიძლება იყოს ესა თუ ის საკითხი. კარგი მეცნიერი, იქნება ეს სოციალური თუ ბუნებრივი საკითხების მკვლევარი, უნდა ინტერესდებოდეს ყველაფრით, რაც კი მის საკვლევ მასალას ეხება, ვფიქრობ ეს სიმპოზიუმი ბევრისთვის ამას მალე ცხადყოფს.
სამყარო ბუნდოვანია, მეცნიერები კი ცდილობენ ის ისე აღწერონ, რომ რაღაც ფენომენები ოდნავ გასაგები მაინც გახდეს. საბოლოო ჯამში, დიქოტომიები და დისციპლინებს შორის "კედლების აღმართვა" მეცნიერებისთვის საზიანოა. როგორც გუგა გოგია ამბობს, მეცნიერის მიზანი "საზღვრების ნგრევა" უნდა იყოს.
ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური მეცნიერებების სიმპოზიუმზე მეტის გასაგებად იხილეთ ღონისძიება. რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ.
კომენტარები