ახალი ევგენიკა — როგორ ამართლებენ რასიზმს ბიოლოგიით და ყალბი მეცნიერებით

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ნორმალური განაწილება: განახლებული დებატი რასაზე

რიჩარდ ჰერნშტეინმა და ჩარლზ მურეიმ 1994 წლის სექტემბერს წიგნი, სახელწოდებით The Bell Curve (ზარისებრი მრუდი, რომელიც მონაცემთა ნორმალურ განაწილებას აღნიშნავს) გამოაქვეყნეს. ავტორების თქმით, ნაშრომში ისინი წერენ "რთულ" ფაქტებზე, რომელთა დაჯერებაც ბევრ ფსიქოლოგს და რიგით ადამიანსაც უბრალოდ არ სურს, მაგრამ ჭეშმარიტია.

წიგნში ჰერნშტეინი და მურეი ასკვნიან, რომ ინტელექტი მეტწილად გენეტიკურად თანდაყოლილია და რომ მას IQ ტესტირება მეტნაკლებად აკურატულად ზომავს. ამასთანავე, ავტორების თქმით, მავანის IQ მის ფინანსურ და სოციალურ წარმატებას უკეთ წინასწარმეტყველებს, ვიდრე რიგი ფაქტორები, როგორიცაა გაჭირვება, ოჯახური გარემო, განათლება და ა.შ.

ისინი თავიანთ კვლევაზე დაყრდნობით პოლიტიკურ რეკომენდაციებსაც იძლევიან იმის შესახებ, თუ რა პროგრამები უნდა გაატაროს მთავრობამ, რათა არსებული ბიოლოგიური განსხვავებები გათვალისწინებული იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორები ბევრგან ძალიან ფრთხილ კომენტარებს აკეთებენ იმის შესახებ, რომ IQ ტესტი ადამიანის ღირებულებას არ განსაზღვრავს და რომ ინტელექტის შესწავლა ფსიქომეტრიის ახალი და ზოგჯერ არაზუსტი სფეროა, წიგნში არსებულ დებულებებს ბევრი ბიოლოგი, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი სასტიკი კრიტიკით შეხვდა.

New York Times-ში ბობ ჰერბერტმა ჰერნშტეინის და მურეის წიგნს "სერიოზულ სამეცნიერო კვლევად შენიღბული უხარისხო რასობრივი პორნოგრაფია" უწოდა. წიგნს გამოეხმაურნენ წამყვანი მეცნიერებიც, მათ შორის ბიოლოგი სტეფენ ჯ. გულდი და ენათმეცნიერი ნოამ ჩომსკი, რომლებმაც წიგნის ავტორები "ახალ რასიზმში" დაადანაშაულეს.

The Bell Curve-ს გამოქვეყნებამდე რეცენზირების სტანდარტული აკადემიური პროცედურა არ გაუვლია, თუმცა თავის დროზე ძალიან პოპულარული გახდა და ბოლო პერიოდში კვლავ ახალი ძალით დააინტერესა მკითხველი. წიგნის ავტორებმა სტანდარტულ პროცედურაზე უარი იმიტომ განაცხადეს, რომ, მათი თქმით, სამეცნიერო წრე ზედმეტად პოლიტიზირებული იყო და ასეთი "რთულად მისაღები", მაგრამ წყალგაუვალი ფაქტების გამოქვეყნებაზე ბევრი უარს იტყოდა.

ფართო კრიტიკის მიუხედავად, ბევრი მეცნიერი მაინც მიიჩნევს, რომ The Bell Curve ღირებული ნაშრომია და მისი უბრალოდ უგულებელყოფა არ შეიძლება. ამ წიგნში გამოთქმული დებულებები და ვარაუდები საფუძვლად დაედო არაერთ პოლიტიკურ იდეოლოგიას, "რასობრივი რეალიზმის" მომხრეების ფილოსოფიას და ა.შ. ბევრი ფიქრობს, რომ Bell Curve-ში გაკეთებული მიგნებები პოლიტკორექტულობის გამო არის უგულებელყოფილი.

შედეგად, წიგნი ინტელექტის და რასობრივი განსხვავებების კვლევის ერთ-ერთი პირველწყარო გახდა. მისი პოპულარობიდან გამომდინარე, ღირს განვიხილოთ, მასში გაკეთებული მიგნებები "უხარისხო რასობრივი პორნოგრაფიაა" თუ ღირებული მეცნიერება.

რა არის ზოგადი ინტელექტი და რა კავშირშია ის რასასთან

ფოტო: Shutterstock

ინტელექტუალურ განსხვავებებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ინტელექტი შეძლებისდაგვარად ზუსტად განისაზღვროს. არის თუ არა ჭადრაკის რთული ამოცანის ამოხსნის ან მათემატიკური გამოთვლის გაკეთების უნარი ინტელექტთან რაიმე კავშირში? არის თუ არა წარმატება ფეხბურთში ან კარგი მოთხრობის დაწერა მაღალი ინტელექტის მაჩვენებელი, თუ ეს უკანასკნელი, უბრალოდ, შემოქმედებითობაა? არის თუ არა შემოქმედებითობა დაკავშირებული ინტელექტთან?

ამ კითხვებზე განსხვავებული პასუხები არსებობს. მაგალითად, ინტელექტის ლინდა გოტფერდსონისეულ განმარტებაში ვკითხულობთ:

"ინტელექტი ძალიან ზოგადი მენტალური უნარია, რომელიც ითვალისწინებს არგუმენტაციის, დაგეგმვის, პრობლების გადაჭრის, აბსტრაქტული აზროვნების, სწრაფად დასწავლის, გამოცდილებიდან სწავლის, რთული იდეების გაგების უნარს და სხვა რაღაცებსაც. ის მხოლოდ წიგნიდან დასწავლის, აკადემიური უნარ-ჩვევის ან ტესტის ჩაბარების შესაძლებლობას არ ასახავს".

სტატია, სადაც ინტელექტის ზემოხსენებული განმარტებაა მოცემული, 130 მეცნიერთან გაიგზავნა, თუმცა მას ხელი მხოლოდ 52-მა მოაწერა. სავარაუდოდ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ინტელექტის ზემოხსენებული განმარტება არასრულია.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ფსიქოლოგმა ჩარლზ სპიერმანმა ფაქტორულ ანალიზზე დაყრდნობით აჩვენა, რომ ადამიანების აკადემიური მოსწრება სხვადასხვა ტესტზე პოზიტიურ კორელაციას აჩვენებდა. ეს, მისი მტკიცებით, იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანებს ეგრეთ წოდებული "ზოგადი ინტელექტი" აქვთ, რომელსაც მან G ფაქტორი უწოდა. სპიერმანის დასკვნით, ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც მაღალ ქულებს იღებდნენ მეხსიერების ტესტირებაში, ასევე წარმატებით გადიოდნენ ლოგიკური არგუმენტაციის და სხვა ტიპის ტესტირებებსაც, G ფაქტორით იყო განპირობებული.

მურეი და ჰერნშტეინი The Bell Curve-ში წერენ, რომ "თანამედროვე IQ ტესტი G ფაქტორს საკმარისად კარგად ზომავს. ტესტის სწორი ადმინისტრაციის შემთხვევაში, ეს სტანდარტიზირებული ტესტირება სოციოეკონომიკურ, ეთნიკურ და რასობრივ ქვეჯგუფებთან მიმართებაში მიკერძოებული არ არის და ის სოციალური მნიშვნელობის გამოსავლიანობას კარგად წინასწარმეტყველებს".

ჰერნშტეინი და მურეი ასკვნიან, რომ ზოგადი ინტელექტის მინიმუმ 60% გენეტიკური მემკვიდრეობით არის განპირობებული, ხოლო 40%-ზე გავლენა გარემო პირობებს აქვს.

თუ მივყვებით თავდაპირველ დაშვებებს, რომ 1. G ფაქტორი მართლაც არსებობს, 2. IQ ტესტი მას უნივერსალურად ზომავს, 3. ის კარგად წინასწარმეტყველებს ადამიანის წარმატებას, 4. ის მეტწილად გენეტიკურია, — მაშინ ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ IQ-ში არსებული განსხვავებები რასებს და ეთნოსებს შორის ბიოლოგიური მიზეზებითაა განპირობებული.

მართლაც, ჰერნშტეინი, მურეი და მათი თანამოაზრეები მიუთითებენ, რომ რასებს შორის ინტელექტუალური განსხვავებები ნამდვილად არსებობს, სხვადასხვა ქვეყანაში IQ ტესტებზე მიღებული განსხვავებული შედეგები კი ამის საბუთია. ეს დასკვნა კრიტიკულ შეფასებას საჭიროებს.

ფაქტებად გასაღებული ცუდი მეცნიერება: მემკვიდრულობა

ადამიანის ქრომოსომები

ადამიანის ქრომოსომები

ფოტო: Wikimedia Commons

მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრულობა სასაუბრო ენაში გენეტიკურის სინონიმად გამოიყენება, აკადემიურ ლიტერატურაში ეს ასე საერთოდ არ არის.

მეცნიერული განმარტებით, მემკვიდრულობა ზომავს, რამდენადაა გარკვეული ნიშან-თვისების ვარიაცია ჯგუფს შიგნით გენეტიკური ფაქტორების დამსახურება. მაგალითისთვის, სიმაღლე მემკიდრული ნიშან-თვისებაა. მაღალ მშობლებს, ძირითადად, მაღალი შთამომავლები ყავთ და ეს ნიშან-თვისება გაზომვადია აღებულ პოპულაციასთან მიმართებაში.

გენეტიკურ ნიშან-თვისებას და მემკიდრულობას შორის ყველაზე ნათელი განსხვავება ადამიანებში თითების რაოდენობის მაგალითიდან ჩანს. ფაქტი, რომ ადამიანებს ხელებზე და ფეხებზე, ძირითადად, 5 თითი აქვთ, ჩვენი გენეტიკური კოდით არის განპირობებული. თუმცა, "ხუთთითიანობას" დაბალი მემკიდრულობის კოეფიციენტი აქვს, რადგან ვარიაცია თითების რაოდენობაში რაიმე პოპულაციურ ჯგუფში მეტწილად გარემო ფაქტორებით არის განპირობებული: ვიღაცამ, შეიძლება, თითი მოიჭრას, ბრძოლაში დაკარგოს ის, ან პრენატალური განვითარებისას რაღაც სახის დარღვევის შედეგად აღმოაჩნდეს კიდურზე 5-ზე მეტი თითი.

მართალია, ისეთი გენეტიკური მუტაციებიც არსებობს, რომელიც ექვსთითიანობას განაპირობებს, თუმცა ეს ძალიან იშვიათია. შედეგად, თითების რაოდენობას დაბალი მემკვიდრულობის მაჩვენებელი აქვს, თუმცა ის გენეტიკურია.

ნიშან-თვისებაზე, რომელიც სრულად მემკიდრულია, ამბობენ, რომ მისი მემკვიდრულობის კოეფიციენტი 1-ია, ხოლო ნიშან-თვისებაზე, რომელიც საერთოდ არ არის მემკიდრული, ამბობენ, რომ მას მემკვიდრულობის 0 კოეფიციენტი აქვს.

როცა რაღაცას მემკვიდრულობის კოეფიციენტი 0,6 აქვს, ეს ნიშნავს, რომ ნიშან-თვისების ვარიაციის 60% კონკრეტული პოპულაციის ჯგუფში გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ ინდივიდში რაღაც ნიშან-თვისება 60% გენეტიკით არის განპირობებული და 40% ბუნებით, როგორც ამას ჰერნშტეინი და მურეი ასკვნიან. შეგახსენებთ, მემკვიდრულობა ინდივიდში რაღაც ნიშან-თვისების გენეტიკურობას არ ზომავს.

ჩარლზ მურეიმ თავისი უმეცრება CNN-თან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, სადაც ის შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"როცა ჩვენ ვამბობთ 60%-იან მემკვიდრულობას, არ ვგულისხმობთ ვარიაციის 60 პროცენტს, არამედ ნებისმიერი ადამიანის IQ შეფასების 60% გვაქვს მხედველობაში... ადამიანში, ინტელექტის 60% მემკვიდრულია".

მემკვიდრულობა, როგორც აღვნიშნეთ, პოპულაციური სტატისტიკის საზომია და ის ცვალებადია, როგორც, მაგალითად, შობადობა. წარმოიდგინეთ, რამხელა უაზრობა იქნებოდა შობადობის გაზომვა ინდივიდში. შესაბამისად, პოპულაციური სტატისტიკის ინდივდებზე აპროპრიაცია სრული აბსურდია.

რასობრივი განსხვავებები IQ-ში და რიჩარდ ლინი

ვინზლოუ ჰომერის ნახატი

ვინზლოუ ჰომერის ნახატი

ფოტო: Wikimedia Commons

რიჩარდ ლინი ბრიტანელი ფსიქოლოგია, რომლის "კვლევებსაც" (აქცენტი ბრჭყალებზე) ჰერნშტეინზე და მურეიზე — ისევე, როგორც უამრავ "რასობრივ რეალისტზე" — ფუნდამენტური გავლენა ჰქონდა. ლინი სტატიებს მეტწილად Mankind Quarterly-ში (დაიმახსოვრეთ ეს გამომცემლობა) აქვეყნებდა.

The Bell Curve-ში ავტორები ცდილობენ აჩვენონ, რომ IQ ტესტების შედეგებზე სოციოეკონომიკურ გარემოებებს გავლენა ნაკლებად აქვთ. მათი თქმით, ინტელექტზე საუბრისას ბევრი შავკანიანების ფარდობითად დაბალ საშუალო აკადემიურ მოსწრებას არასწორად ხსნის იმით, რომ ეს უკანასკნელნი ამერიკაში დიდი ხნის მანძილზე მონობის და სეგრეგაციის პირობებში იმყოფებდონენ და წესიერ განათლებაზე თუ განვითარებისთვის საჭირო გარემოზე ხელი იშვიათად მიუწვდებოდათ.

ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად ჰერნშტეინი და მურეი ამბობენ, რომ შავკანიანების შედეგები IQ ტესტებზე ამერიკის გარდა ისეთ ადგილებშიც დაბალია, სადაც შავკანიანები აშშ-ის მსგავსი რასისტული პოლიტიკის მსხვერპლი არ ყოფილან. სწორედ ამის საილუსტრაციოდ, მათ რიჩარდ ლინის კვლევები მოჰყავთ:

"რიჩარდ ლინმა 1991 წელს ლიტერატურის მიმოხილვისთვის 11 კვლევა შეაგროვა. მან დაიანგარიშა, რომ შავკანიანი აფრიკელის საშუალო IQ დაახლოებით 75 იყო, რაც ამერიკელ შავკანიანებთან შედარებით 10 ქულით დაბალია".

მოდი, ეს არგუმენტი გადავამოწმოთ და ვიხილოთ ჰერნშტეინის და მურეის ციტირებული კვლევათა მეტაანალიზი, რომელიც რიჩარდ ლინმა შეადგინა Mankind Quarterly-ში გამოქვეყნებულ ამ სტატიაში.

ლინი შემდეგ რასებს გამოყოფს: მონღოლოიდები, ნეგროიდები, კავკასოიდები და ჰიბრიდები (მაგალითად, "კავკასოიდ-ნეგროიდები"). ბოდიშს ვიხდი ასეთი ტერმინოლოგიისთვის, თუმცა რიჩარდ ლინის მანიაკალური რასიზმის გამოსავლენად ეს კარგი ილუსტრაციაა.

თავისი მეთოდოლოგიის საჩვენებლად ლინს ჩამოთვლილი აქვს ქვეყნები და ტესტები, ისევე როგორც ამ ტესტებში მონაწილეთა რაოდენობა, რის შედეგადაც ის საშუალო აფრიკულ IQ-ს ანგარიშობს.

ქვეყნების ჩამონათვალი შემდეგია: კონგო, განა, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა, უგანდა და ზამბია. აღსანიშნავია, რომ ლინის კვლევაში უგანდიდან ტესტირება მხოლოდ 50-მა პირმა გაიარა, ნიგერიიდან კი 86-მა, რაც, დამეთანხმებით, ძალიან ცოტა ადამიანია იმისთვის, რომ მათ შედეგებზე დაყრდნობით კონტინენტის საშუალო IQ დაანგარიშდეს.

ფოტო: Richard Lynn

ამასთანავე, რეალური IQ ტესტი არავის გაუვლია. ამასთან, ლინს ზემოხსენებული ტესტები თვითონ არ ჩაუტარებია — ის სხვა კვლევებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ ბევრგან, სადაც ეს ტესტები ჩატარდა, რასობრივი სეგრეგაცია თავის პიკში იყო.

მაგალითად, კონგრესის ბიბლიოთეკის კვლევის მიხედვით, სამხრეთ აფრიკაში 1958 წლიდან ეგრეთ წოდებული ბანტუს საგანმანათლებლო აქტი მოქმედებდა, რომელიც თავის დროზე უილიამ ეისელენმა და ჰენდრიკ ფ. ვერვოერდმა შექმნეს. მათ სამხრეთ აფრიკის საგანმანათლებლო სისტემა გერმანიის ეროვნული სოციალისტური (ნაცისტური) მთავრობის დირექტივებს დააფუძნეს.

ბანტუს აქტის მთავარი არქიტექტორის, ვერვოერდის თქმით, რომელიც 1958 წელს ადგილობრივთა საქმიანობის (native affairs) მინისტრი იყო, "შავკანიანმა აფრიკელებმა თავიანთი ცხოვრების შესაძლებლობების შესაბამისი განათლება უნდა მიიღონ... კონკრეტული შრომის ფორმების მიღმა მათი ადგილი არ არის".

ამ აშკარა არაგულწრფელობის გარდა, ლინი კვლევებსაც არასწორად ციტირებს. მაგალითად, ნიგერიის მოსახლეობის IQ-ზე საუბრისას ის ვინმე ვოებერის 1969 წლის კვლევას იშველიებს.

ვოებერის ამ კვლევაში შემდეგს ვკითხულობთ: "1965 წლის მანძილზე ნიგერიის ქარხნების მუშებმა ტესტირების პროგრამა გაიარეს. 86 მონაწილის შედეგი აქ იქნება გამოქვეყნებული". კვლევაში ვოებერი აღნიშნავს, რომ იმ 86-მა ადამიანმა, რომლებმაც თავდაპირველად პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, 6 თვეში ხელახალი ტესტირება გაიარეს და ამჯერად ბევრად მაღალი შედეგები აჩვენეს. პროგრესული მატრიცების ტესტზე ნიგერიელმა მუშებმა თავდაპირველად საშუალოდ 15,9 ქულა დააგროვეს, მოგვიანებით კი 18,7.

სწორედ ამ კვლევაზე დყრდნობით, რიჩარდ ლინი თავის წიგნში, IQ and Wealth of Nations, ნიგერიაზე საუბრისას შემდეგს ამბობს:

"1965 წელს სტანდარტული პროგრესული მატრიცების ტესტის შედეგები ვობერმა (1969) შეაგროვა, სადაც ტესტირება 86 ზრდასრულ კაცს ჰქონდა გავლილი. მათი საშუალო შედეგი 15,9 იყო. 1979 წლის ბრიტანული სტანდარტიზაციის მიხედვით, ნიგერიელების IQ 64-ს შეესაბამება".

მიუხედავად იმისა, რომ ეს პასაჟი საკმაოდ მოკლეა, ის ტყუილებითაა გატენილი. პირველ რიგში, რიჩარდ ლინი აჩვენებს ვობერის კვლევის მხოლოდ ქვედა ზღვარს — 15,9-ს, რომელიც 6 თვეში 18,7 გახდა. თუ 15,9 ქულა რეივენის პროგრესული მატრიცების ტესტზე, 1979 წლის ბრიტანული სტანდარტიზაციის მიხედვით, 64 IQ-ს შეესაბამებოდა, მაშინ 18,7 ქულა დაახლოებით 75 IQ-ს შეესაბამება. ეს კი, პრაქტიკულად, ერთი სტანდარტული გადახრით მეტია ლინის რიცხვზე. ანუ გამოდის, რომ ნიგერიელების რეალური IQ 75-ია? — არა.

პირველ რიგში, ერთი და იმავე ქარხნის 86 მუშაკის შედეგებით დაახლოებით 50-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის საშუალო IQ-ზე გაზოგადება პათეტიკური შეცდომაა. ამასთანავე, დააკვირდით, რომ ლინი იყენებს 1979 წლის ბრიტანულ სტანდარტიზაციას 1965 წელს ჩატარებული ტესტისთვის. ეს პრობლემური იმიტომაა, რომ ნებისმიერი სტანდარტიზებული გამოცდა წლების მიხედვით იცვლება.

ასე გამოიყურება ნორმალური განაწილება (ზარისებრი მრუდი)

ასე გამოიყურება ნორმალური განაწილება (ზარისებრი მრუდი)

სტანდარტიზებული ტესტები ისე დგება, რომ გამოცდების შედეგები ნორმალურ განაწილებას, მეორენაირად, ზარისებრ მრუდს (Bell Curve-ს) შეესაბამებოდეს. ამ განაწილების მიზანია, მოსახლეობის დიდი ნაწილი მოხვდეს მრუდის შუაში და აჩვენოს საშუალო შედეგი, ტესტი ვერ ჩააბაროს მოსახლეობის მცირე ნაწილმა და ძალიან მაღალი შედეგებიც პოპულაციის მცირე ფრაგმენტმა აჩვენოს.

რიჩარდ ლინის ყველა ციტირებული კვლევა მსგავსად არაგულწრფელი და არასრულია, თუმცა დამატებით დეტალებში აღარ შევალ. დანარჩენი თქვენითაც შეგიძლიათ იხილოთ.

ახალი ევგენიკა და აკადემიური რასიზმი

ევგენიკის მეორე საერთაშორისო კონფერენციის პოსტერი, 1921 წელი

ევგენიკის მეორე საერთაშორისო კონფერენციის პოსტერი, 1921 წელი

ჰერნშტეინი და მურეი თავიანთ წიგნში ამტკიცებენ, რომ გენეტიკურად თანდაყოლილი ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბუნებრივი გარემოება, რომელსაც ისინი თავიანთი შემუშავებული სოციოეკონომიკური სტატუსის ინდექსით ზომავენ.

სიღარიბის მკვლევრები იმის გასაზომად, თუ რა გარემოებები ხდის ადამიანის სიღარიბეში ცხოვრებას უფრო მეტად ალბათურს, უამრავ ფაქტორს იყენებენ, რომელთა შორისაცაა

  • მშობლების სოციოეკონომიკურ სტატუსი;
  • ოჯახში ბავშვების და მშობლების რაოდენობა;
  • საცხოვრებელი არეალის სოციოეკონომიკური მაჩვენებელი;
  • სასკოლო განათლება;
  • სიმდიდრე;
  • ჯანმრთელობა.

ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია, რომელიც სიღარიბის კვლევისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მურეის და ჰერნშტეინის "კვლევაში" აქედან მხოლოდ ერთი, მშობლების სოციოეკონომიკური სტატუსი, ანუ მხოლოდ მათი განათლება, პროფესიული საქმიანობა და შემოსავალია გათვალისწინებული.

The Bell Curve-ის ავტორები ასკვიან, რომ დაბალი IQ უკეთ წინასწარმეტყველებს სიღარიბეს, ვიდრე მშობლების სოციოეკონომიკური სტატუსი. მეტიც, ისინი იმასაც ამბობენ, რომ IQ ყველაზე უკეთ წინასწარმეტყველებს აკადემიურ მოსწრებას, მრავალშვილიანობას და სხვა უამრავ ცხოვრებისეულ ფაქტორს.

სხვა მეცნიერებმა, რომლებიც ნაკლებად უდიერად ეპყრობიან ამ საკითხს, აჩვენეს, რომ იმ ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მურეის და ჰერნშტეინს არ მოუყვანიათ, სიღარიბეს გარემო ფაქტორები ბევრად უკეთ წინასწარმეტყველებს, ვიდრე ამ ორის მიერ შემუშავებული ჰიპოთეტური IQ (ავტორები არ იყენებენ რეალურ IQ ტესტირებას არამედ სხვა ტესტს, რომელიც იდეაში IQ-სთან კორელაციაშია).

მაშ, როცა ჰერნშტეინი და მურეი ამბობენ, რომ IQ ადამიანის ცხოვრებაში რიგ მოვლენებს ბევრად უკეთ წინასწარმეტყველებს, ისინი უბრალოდ იტყუებიან, ანუ ითვალისწინებენ მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებიც მათ არგუმენტს ამყარებს და უგულებელყოფენ დანარჩენს.

მურეის და ჰერნშტეინის თქმით, ისინი რიგ სოციეკონომიკურ გარემოებებს არ ითვალისწინებენ იმიტომ, რომ ეს გარემოებები კოგნიტური უნარების შედეგია. რადგან ჰერნშტეინის და მურეის აზრით IQ მეტწილად გენეტიკურია, ამიტომ შთამომავლობის სოციეკონომიკური სტატუსი მშობლების კოგნიტურ უნარჩვევებზე მიანიშნებს და პირიქით: თუ მშობლებს დაბალი IQ აქვთ, ესე იგი მათი შვილები ცუდ გარემოში გაიზრდებიან — ეს აზრს მოკლებული წრიული ლოგიკაა.

პოლიტიკისთვის მოგონილი "მეცნიერება"

ნაცისტი მეცნიერები მამაკაცის წარმომავლობის დასადგენად ცხვირს ზომავენ

ნაცისტი მეცნიერები მამაკაცის წარმომავლობის დასადგენად ცხვირს ზომავენ

ფოტო: Wikimedia Commons

რატომაა შავკანიანების და თეთრკანიანების IQ და შესაბამისი წარმატება საზოგადოებაში ამდენად განსხვავებული? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელსაც ჰერნშტეინი და მურეი მხოლოდ ერთგან, წიგნის აპენდიქსში, კანადელი ფსიქოლოგის ჯ. ფილიპპე რაშტონის ნამუშევარზე, Race, Evolution and Behavior-ზე დაყრდნობით პასუხობენ.

საინტერესოა, რომ რაშტონის ვარაუდით, შავკანიანებმა და თეთრკანიანებმა ევოლუციის სხვადასხვა გზა გაიარეს. რაშტონი ამტკიცებს, რომ თეთრკანიანებს კოგნიტური უნარები განუვითარდათ, მაშინ, როდესაც შავკანიანები "გონებრივად ჩამორჩენილი" დარჩნენ, სამაგიეროდ კი, ბევრად ნაყოფიერები არიან. ამ მოსაზრების გასამყარებლად მოყვანილია მაღალი შობადობა შავკანიანებში, განსაკუთრებით კი აფრიკაში.

ევოლუციური განსხვავებების საილუსტრაციოდ რაშტონი ამტკიცებს, რომ კაცის პენისის და ტვინის ზომა ერთმანეთთან უარყოფით კორელაციაშია — ისევე, როგორც ეაკულაციის მანძილი და ტვინის მოცულობა. დიახ, არ გეჩვენებათ, ეს წინადადება მართლაც წაიკითხეთ. რაშტონის აზრით, შავკანიანების დიდი გენიტალიები მაღალ ნაყოფიერებას უკავშირდება, რაც გარდა იმისა, რომ უბრალოდ მცდარია, კარგად მიანიშნებს, რამდენად კომპეტენტურ მეცნიერთან გვაქვს საქმე.

რაშტონის წიგნიც მწვავე დებატის საგანი გახდა. ბევრმა მეცნიერმა მიანიშნა, რომ ის ზოგან სამეცნიერო ლიტერატურას არც კი ციტირებდა. მაგალითად, როცა რაშტონი საუბრობს სექსუალური თვისებების რასობრივ განსხვავებებზე, ის ციტირებს სტატიას Penthouse Forum-იდან, რომელიც პორნოგრაფიული გამომცემლობაა.

რადგან ჰერნშტეინი და მურეი დარწმუნებული იყვნენ, რომ უთანასწორობას გენეტიკური ფაქტორები განაპირობებენ და გარემოს შედეგები უგულებელყოფადია, ბუნებრივია, რომ მათთვის ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა გადაულახავი პრობლემაა.

წიგნის ბოლო თავებში ისინი ამტკიცებენ, რომ კეთილდღეობის პროგრამები, რომლებიც გაჭირვებულებს და მარტოხელა დედებს ეხმარებათ, უნდა გაუქმდეს და სანაცვლოდ სახელმწიფომ ინვესტიცია "კოგნიტურ ელიტაში" უნდა ჩადოს, რაც კოგნიტურად შეძლებული ადამიანების შობადობას გაზრდის და გაჭირვებულებს, ანუ დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, ნაკლები ბავშვის გაჩენისკენ უბიძგებს. ეს მოსაზრება არაფრით განსხვავდება კლასიკური ევგენიკისგან, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში და სეგრეგაციის პოლიტიკის მქონე ქვეყნებში იყენებდნენ.

ერთგან მურეი და ჰერნშტეინი ევგენიკაზე შემდეგ კომენტარს აკეთებენ: "ნაციზმის და მისი ევგენიკის დამახინჯების შემდეგ, იდეა მთლიანად გაქრა დასავლური საჯარო დისკურსიდან". მარტივად რომ ვთქვა, ჰერნშტეინი და მურეი ევგენიკას არც აკრიტიკებენ, არამედ — ნაცისტური გერმანიის მიერ მის "დამახინჯებას" და გარყვნას.

დისიდენტური მეცნიერება თუ შენიღბული რასიზმი

ფოტო: Boston Library

ამ სტატიაში გაკრიტიკებული მეცნიერები რევოლუციური დისიდენტები არ არიან, როგორც ამას თავად ამტკიცებენ. არამედ ისინი არიან რასისტები, რომლებსაც "დატოლების ობსესია" აქვთ და პროგრესული პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ.

გამომცემლობა Mankind Quarterly, რომელიც რიჩარდ ლინის სტატიებს აქვეყნებს, ტყუილად არ მიხსენებია. 1937 წელს ამერიკელმა ევგენიკოსმა, ვიკლიფ დრეიპერმა შექმნა ეგრეთ წოდებული "პიონერული ფონდი" (Pioneer Fund), რომლის მისიაც შემდეგი იყო:

"ისეთი გენეტიკის მქონე ჯგუფების დაწინაურება, რომლებიც ძირითადად იმ თეთრკანიანების შთამომავლები არიან, რომლებიც [აშშ-ის] თავდაპირველ შტატებში დასახლდნენ, კონსტიტუციის შემოღებამდე".

რიჩარდ ლინს პიონერული ფონდისგან კვლევებისთვის $600 ათასი აქვს მიღებული და ამჟამად პიონერული ფონდის თავმჯდომარეა. გამომცემლობა Mankind Quarterly, რომელიც ლინის და სხვა რასისტების სტატიებს აქვეყნებს, დღემდე პიონერული ფონდისგან ფინანსდება. გამომცემლობის ერთ-ერთი დამაარსებლები არიან კორადო ჯინი, რომელიც იტალიის გენეტიკის და ევგენიკის საზოგადოების თავჯდომარე იყო ფაშისტური იტალიის პერიოდში და ოტმარ ფრეიჰერ ვონ ვერშუერი, რომელიც გერმანიაში ნაცისტური პარტიის წევრი და ჯოზეფ მენგელეს მასწავლებელი იყო.

ჯოზეფ მენგელე კი, თავის მხრივ, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის "ექიმი" გახლდათ, რომელიც ტყვეებზე ექსპერიმენტებს ატარებდა.

ჯ. ფილიპე რაშტონი, რომელიც თავის სტუდენტებს ეკითხებოდა, რამდენად შორს შეუძლიათ ეაკულაცია, ერთ დროს ასევე პიონერული ფონდის თავჯდომარე იყო.

შესაჯამებლად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ IQ და სხვა განსხვავებები რასობრივ, კლასობრივ და ბევრანაირ ჯგუფს შორის არსებობს და ეს სადაო არცაა. არც ისაა სადაო საკითხი, რომ პოპულაციებს შორის ბიოლოგიური განსხვავებები არსებობს. თუმცა რასისტი აკადემიკოსები განსხვავებების ისეთ მიზეზებზე მიუთითებენ, რომლებიც მეცნიერულად და ლოგიკურად არც კი საბუთდება და ხშირად თავად ეს განსხვავებებიც უტრირებული ან საერთოდ მოგონილია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე გადაიღო ქვა, რომელიც ადამიანის სახეს მოგვაგონებს
  2. ისტორიაში პირველად, ღეროვანმა უჯრედებმა დიაბეტი შექცევადი გახადა
  3. ნახეთ: NASA-ს ასტრონავტმა კოსმოსიდან ქარიშხალი მილტონი გადაიღო
  4. იუპიტერის დიდი წითელი ლაქა იმაზე უცნაური აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე გვეგონა
  5. რა არის მთვარის ზედაპირის ქვეშ? — ახალი კვლევა შესაძლო პასუხს გვთავაზობს

გირჩევთ