ონლაინ სწავლება ინტერნეტის გარეშე — დაპაუზებული განათლება ოკუპირებულ აფხაზეთში
Covid-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში დაწესებული შეზღუდვები ისევ, ამჯერად 10 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეთა უმრავლესობა კვლავ საგაკვეთილო პროცესის მიღმა აღმოჩნდა. აფხაზეთში ინტერნეტის პრობლემაა, რის გამოც ოქტომბრიდან ბავშვების უმრავლესობას გაკვეთილი არცერთი ფორმით არ ჩატარებია. ამის შესახებ On.ge-ს ადგილობრივები ესაუბრნენ, განათლების სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ "ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე საწავლო პროცესის უწყვეტად და ეფექტიანად განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა".
"სკოლაში მხოლოდ სექტემბრის თვე ვისწავლეთ. საშინლად მეცოდებიან ბავშვები, ინტერნეტთან წვდომა ყველას როდი აქვს? მთელი კლასიდან 3-4 მოსწავლე ახერხებს დისტანციურ გაკვეთილზე დასწრებას", — გვიყვება გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, რომლის ვინაობასა და სასწავლო დაწესებულებას On.ge უსაფრთხოების გამო არ ასახელებს.
ნინო (სახელი შეცვლილია) დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ გაკვეთილი სექტემბრის შემდეგ არც ტრადიციულ და არც დისტანციურ ფორმატში ჩატარებია, რადგან, სხვების მსგავსად, ინტერნეტი არც მას აქვს.
"რაც სკოლა დაიხურა, მის მერე ერთი გაკვეთილიც არ ჩამტარებია მე და ჩემს კლასს. არ მაქვს ინტერნეტი, ბალის 20-თეთრიანი პაკეტი მაქვს ჩართული, მაგრამ საშინლად ჭედავს ხოლმე და ზუმში ჩართვა და ონლაინ გაკვეთილზე დასწრება შეუძლებელია", — გვიყვება მე-11 კლასის მოსწავლე.
ინტერნეტისა და კომპიუტერის არქონის გამო, ონლაინ გაკვეთილზე დასწრებას ვერ ახერხებს 15 წლის ნათიაც (სახელი შეცვლილია). ის ამბობს, რომ მოსწავლეების გარდა, ტექნიკისა და ინტერნეტის არქონის პრობლემა მასწავლებელთა ნაწილსაც აქვს.
"ჩვენ საერთოდ არ ჩაგვტარებია გაკვეთილი ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ სხვა კლასს ზოგჯერ უტარებენ", — გვეუბნება მე-9 კლასის მოსწავლე გალის რაიონის ე.წ. მაღალი ზონის ერთ-ერთი სკოლიდან.
მარინა (სახელი შეცვლილია) მასწავლებელს კლასში 10-დან 14-მდე მოსწავლე ჰყავს. აქედან, დისტანციურ გაკვეთილზე დასწრებას, მისი თქმით, 3-4 ბავშვი ახერხებს. შექმნილი ვითარებისა და მოსწავლეებისთვის განათლების მიღებაზე წუხილის გამო, პანდემიის მიუხედავად, მან ბავშვების სახლში დაბარება გადაწყვიტა.
გალელი მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ქართული მხარე მათ გადამზადების მიზნით სხვადასხვა ტრენინგს ხშირად უტარებს და დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებითაც შესთავაზეს, მაგრამ, ინტერნეტის პრობლემის გამო, აღნიშნული სასწავლო კურსი აზრს კარგავს.
"რომელ ზუმის პროგრამაზეა საუბარი, როცა ბავშვებს ელემენტარულ რესურსზე [ინტერნეტი, კომპიუტერი] არ აქვთ წვდომა. რამდენადაც შეგვიძლია, ვეხმარებით მოსწავლეებს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის", — ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი On.ge-სთან.
გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებთან ერთად, ინტერნეტის არარსებობის გამო, დისტანციური სწავლების კუთხით პრობლემები შეექმნათ სტუდენტებსაც.
ნიკა (სახელი შეცვლილია) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია. Covid-19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო, ის მშობლიურ სახლში დაბრუნდა, რადგან თბილისში ქირით ცხოვრობდა. ონლაინ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქედან დაიწყო. ისევე, როგორც ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მისი უნივერსიტეტიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, მაგრამ ნიკამ ონლაინ ლექციებზე ჩართვა ვერ შეძლო. ინტერნეტის გარდა მას, ტექნიკის პრობლემაც ჰქონდა. საბოლოოდ მას სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოუწია.
"პერსონალური კომპიუტერი არ მქონდა, ჩემი დის ლეპტოპს ვიყენებდი, მაგრამ, რადგან ის თბილისში მუშაობდა, იქ დარჩა. სანამ სახლში დავბრუნდებოდი, ნოუთბუქი ზუგდიდში ვიყიდე, მაგრამ ხარვეზი აღმოაჩნდა და არ იმუშავა. "საზღვარი" კი, რადგან დაკეტილი იყო, შესაკეთებლად ზუგდიდში ვეღარ წავიღე. ამიტომ, მომიწია სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მეზობელს აქვს ინტერნეტი და მასთან ვაპირებდი გადასვლას ლექციების დროს, მაგრამ დენიც გრაფიკით მოგვეწოდებოდა და ლექციებზე სრულყოფილად დასწრებას მაინც ვერ შევძლებდი", — გვიყვება სტატუსშეჩერებული სტუდენტი.
გიორგიც სტატუსშეჩერებული სტუდენტია. ის ადგილობრივ ინტერნეტ პროვაიდერებს ჯერ კიდევ სექტემბერში, 5 თვის წინ დაუკავშირდა და მათგან ინტერნეტის სახლში შეყვანას დღემდე ელოდება.
"არ ვიცი, ეზარებათ ალბათ. ინტერნეტის შემოყვანა 5 000 რუბლი [225 ლარი] ღირს, ერთ თვეში კი — 1 000 [45 ლარი] უნდა გადავიხადოთ. ამისთვისაც მზად ვართ, თუმცა ისინი არ ჩანან", — გვეუბნება გალის რაიონში მცხოვრები სტუდენტი.
შვილების დაპაუზებულ სასწავლო პროცესზე წუხან მშობლები და გამოსავლის მოძებნა უჭირთ.
"განათლების მიღების ისედაც როგორი პირობები ჰქონდათ ჩვენს ბავშვებს და კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა. რა ვქნათ, სად წავიყვანოთ შვილები. ვირუსი როდემდე იქნება, არავინ იცის და მანამდე სკოლები თუ არ გაიხსნა, რა გვეშველება არ ვიცით", — ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
განათლების მიღების კუთხით, გალის რაიონში მანამდე, ათწლეულების განმავლობაში არსებულ სირთულეებზე საუბრობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) დირექტორი და ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც. ის ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ მხარეში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე, რაიონში განათლების ხარისხი დაეცა იმის გამოც, რომ სწავლება სრულად რუსულ ენაზე გადავიდა. ამ ენას კი არა მარტო ბავშვები, ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებიც და მშობლებიც ვერ ფლობენ.
"შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის გამო საგაკვეთილო პროცესი გაჩერებულია. ოფიციალურად სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ მასწავლებელსა და მოსწავლეს კომპიუტერთან წვდომა და ინტერნეტი არ აქვს, პირობითად შეიძლება ეწოდოს ონლაინ სწავლება. დასწრება არის ძალიან ცუდი და მთლიანობაში ეს ეხება, თითქმის, ყველა სკოლას", — ამბობს ნანუაშვილი On.ge-სთან.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, რომ პრივაიდერები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ტექნიკური საშუალების შეტანითა და ინტერნეტით უზრუნველყოფით დააინტერესონ, მაგრამ ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა.
"საუბარია მომავალი თაობების განათლებაზე და წესით, ამ საკითხზე კომუნიკაცია არ უნდა იყოს რთული, თუ ამის სურვილი და ინიციატივა იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან. შეიძლება აფხაზურ მხარესაც ჰქონდეს ინტერესი, ასეთი პროვაიდერი არსებობდეს. ეს არის ის თემა, რომლის დაყენება აუცილებელი იყო, თუნდაც გასული წლის განმავლობაში. ამას ემატება იმ მოსწავლეების საკითხი, რომლებიც წელს სწავლას ამთავრებენ და ისინი ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე დგანან", — აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი.
პრობლემის მოსაგვარებლად უჩა ნანუაშვილი ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან დიალოგის დაწყებას ურჩევს. მისი თქმით, ასევე, შესაძლებელია საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც.
"ამის გარდა, არის პედაგოგების გადამზადების, აბიტურიენტთა მომზადების საკითხი. ამ კუთხითაც პროცესი არის გაჩერებული და შეიძლება ითქვას, ძალიან მძიმე სურათი გვაქვს", — აღნიშნავს ნანუაშვილი.
საქართველოს განათლების სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ პანდემიისას საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე საწავლო პროცესის უწყვეტად და ეფექტიანად განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მათი თქმით, ამ მიზნით, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებთან ინტენსიურ კომუნიკაციაშია. უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ მასწავლებლები გაკვეთილების ჩასატარებლად იყენებენ ონლაინ, სატელევიზიო, სატელეფონო და სხვა ფორმატებს, ძირითადად, Zoom-ისა და Messenger-ის პლატფორმებს.
"მოსწავლეებისთვის ხელისაწვდომია და აქტიურად იყენებენ ტელესკოლას, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, დაესწროს საინტერესო გაკვეთილებს ყველა საგანში. გარკვეულ პერიოდში დისტანციური გაკვეთილების ჩატარება ადგილობრივი დე ფაქტო ე.წ. ადმინისტრაციის მხრიდან აკრძალული გახლდათ. თუმცა, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, გაკვეთილებს მასწავლებლები შინმისვლით უტარებდნენ სხვადასხვა კლასის, განსაკუთრებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს", — განმარტავენ სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გალის რაიონის მცირე ნაწილში ვრცელდება მაგთისა და სილქნეტის ინტერნეტი, რომლითაც სკოლები შეძლებისდაგვარად სარგებლობენ. მათივე თქმით, ძირითადად იყენებენ ამობაილის [აფხაზური ქსელი] ინტერნეტს, რომლის სიხშირე შედარებით სუსტია.
"ზოგიერთი სოფლის რელიეფური ადგილმდებარეობა ინტერნეტსიხშირის გავრცელებას ხელს უშლის, რის გამოც ზოგიერთი მოსწავლე ვერ ახერხებს დისტანციურ მეცადინეობაში სტაბილურად ჩართვას. თუმცა, როგორც სკოლების ხელმძღვანელები იუწყებიან, ეს აღმოფხვრილია მასწავლებლების მიერ ინდივიდუალურად პირისპირ ჩატარებული მეცადინეობების ხარჯზე", — ირწმუნებიან უწყების წარმომადგენლები.
განათლების სამინისტროში, ასევე, ამბობენ, რომ გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში რაიონის რესურსცენტრის ძალისხმევით, ყველა სკოლის მასწავლებელს ჩაუტარდა დისტანციური ტრენინგები ZOOM-ის აპლიკაციით მუშაობის უნარ-ჩვევების მიღებისა და საგანმანათლებლო სხვადასხვა აქტივობის დისტანციურ გაკვეთილზე გამოყენების მიმართულებით. მათივე თქმით, დაგეგმილია სხვა მასწავლებელთა საგნობრივი ონლაინ ტრენინგები, აგრეთვე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ონლაინ კონსულტაციები და ღია კარის დღე აბიტურიენტებთან და ეროვნული გამოცდებისთვის გალის რაიონში მოქმედი მოსამზადებელი ცენტრების სხვადასხვა საგნის მასწავლებელთან.
"განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძესა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა ზოგადი განათლების მიმართულებით.
იანვრის დასაწყისიდანვე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში შექმნილ ვითარებას და დაისახა გეგმები საინფორმაციო-ტექნოლოგიური საშუალებებით, ინტერნეტით სასწავლო დაწესებულებების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების უზრუნველყოფის, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით", — აცხადებენ უწყებაში.
უცნობია, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს წვდომა ინტერნეტთან. ეს ინფორმაცია არ იძებნება. გარდა ამისა, აფხაზეთში შექმნილი ენერგოკრიზისიდან გამომდინარე, დე ფაქტო მთავრობამ 15 ნოემბრიდან ელექტროენერგიის მოხმარებაზე რეგიონში დროებითი შეზღუდვები დააწესა, რის შედეგადაც 24 საათის განმავლობაში დენი სამჯერ ითიშებოდა და მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდებოდა.
მათივე განცხადებით, ბაღების, სკოლებისა და პროფესიული თუ უმაღლესი სასწავლებლების გახსნაზე საუბარი ჯერ ადრეა.
რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს, იქ რთულად მოიძებნება ადამიანი, ვინც პრობლემებზე თუნდაც კონფიდენციალურად ისაუბრებს. საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა 15 დეკემბრიდან აღდგა და მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიც 18 იანვრიდან სკოლებში გაგრძელდა.
კომენტარები