ჰაბლმა ექვსი გალაქტიკის შეჯახება დააფიქსირა
გალაქტიკების გაერთიანება მართლაც თვალწარმტაცი სანახაობაა, ხანდახან კი ეს მოვლენა ისეთ შედეგებსაც იძლევა, როგორც ახალი ვარსკვლავების დაბადებაა. NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გალაქტიკების გაერთიანების ექვსი იშვიათი ხედი დააფიქსირა და თითოეული მათგანი მშვენიერია.
ESA-მ ეს სურათები 2021 წლის დაწყების აღსანიშნავად გამოაქვეყნა. "ეს გამოსახულებები შესანიშნავი ლაბორატორიებია, რაც ვარსკვლავთა კლასტერების ექსტრემალურ ფიზიკურ პირობებში ფორმაციის შესწავლაში დაგვეხმარება", — განაცხადა სააგენტომ ხუთშაბათს. ვარსკვლავთა კლასტერებს კი უბრალოდ ვარსკვლავთა ჯგუფებს უწოდებენ.
თითოეულ გალაქტიკას აშკარად ეტყობა მათი ველური წარსულის ნიშნები. ESA NGC 3256 გალაქტიკას აღწერს, როგორც უჩვეულოსა და დამახინჯებულს. NGC 3690 "ზეახალი ვარსკვლავების საწარმოა", ხოლო NGC 6052-ის ფოტოზე ვხედავთ ორ გალაქტიკას, რომლებიც ჯერ ისევ შეერთების პროცესში არიან.
ჰაბლის ექსტრემალური გარემოებისა და კლასტერების ვიზუალიზაციის ზონდის (HiPEEC) კვლევა ორიენტირებული იყო ვარსკვლავთა კლასტერებზე გალაქტიკებში და იმაზე, თუ რა ემართებათ მათ, როდესაც მათი მასპინძელი სისტემები ერთიანდებიან. ეს შეჯახების პროცესი კი შედეგად ახალი ვარსკვლავების ფორმაციაში გადაიზრდება.
"ირმის ნახტომში, ზოგადად, ფორმირდება ვარსკვლავთა კლასტერები, რომელთა მასა ათი ათასჯერ აღემატება ჩვენი მზის მასას",— განმარტავს ESA. "თუმცა, მათ ვერ შევადარებთ გალაქტიკების შეჯახების შედეგად წარმოქმნილ ვარსკვლავთა კლასტერებს, რომელთა მასა მზის იგივე მაჩვენებელს შესაძლოა რამდენიმე მილიონჯერ აღემატებოდეს".
HiPEEC-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავთა საკმაოდ დიდი კლასტერი გალაქტიკების შეჯახებაში, რომელიც ისევ კაშკაშებს მიუხედავად იმისა, რომ შეჯახების პროცესი ოდნავ ჩაწყნარდა. თუმცა გალაქტიკების შეჯახება ცოტა დრამატული მოვლენაა, ჰაბლის მახვილი თვალის წყალობით, დედამიწის მაყურებლებს შეუძლიათ მშვიდად და უსაფრთხოდ ადევნონ თვალი ამ მოვლენის ამსახველ სურათებს.
კომენტარები