პოლიტიკოსების ფრაზები, რომლებიც 2020-ში დავიზეპირეთ
ყველას გვაქვს ამოჩემებული ფრაზა, რომელსაც იმდენად ხშირად ვიყენებთ, რომ ჩვენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებსაც მობეზრდათ და ჩვენც. მსგავსი ახირებები არც პოლიტიკოსებისთვისაა უცხო.
წელს, როცა ტელევიზორისა და ინტერნეტის გარდა, გასართობი არაფერი დაგვრჩა, ლამის იძულებული ვიყავით, ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყველა ტრიბუნასთან და ყველა ეთერში პოლიტიკოსებისთვის გვექცირა და თან ეს ამოჩემებული ფრაზები გვესმინა.
ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს — გიორგი გახარია
აბა სცადე და ეს ფრაზა დაგუგლე. საძიებო სისტემა მინიმუმ 210 000 შედეგს ამოგიგდებს. ვეჭვობთ, რომ აქედან 200 000 მაინც გიორგი გახარიას განცხადებიდან იქნება.
პრემიერი ამ სიტყვებს გვეუბნება ყოველთვის და ყველაფერზე. უკვე დიდი ხანია, რაც ყველას კარგად გვესმის, მაგრამ მოსმენა აღარ გვინდა.
გავიგე, გავიგე, გავიგე — ისევ გიორგი გახარია
რამდენჯერაც ჩვენ გვიმეორებს, რომ კარგად უნდა გვესმოდეს, იმდენჯერვე უმეორებს სხვას, რომ გაიგო, გაიგო, გაიგო.
რადიკალური ოპოზიცია — ირაკლი კობახიძე
თუ თავდაპირველად ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი "გოიმი ოპოზიციის" ხსენებით ერთობოდა, მერე სიტყვა "რადიკალური" ამოიჩემა. მოვლენები ისე ვითარდება, მალე ირაკლი კობახიძე საკუთარ თავთან ჩაატარებს შეჯიბრს იმის გასარკვევად, წუთში რამდენჯერ შეძლებს რადიკალური ოპოზიციის თქმას.
გვჯერა, რომ კობახიძის ბაგეებზე ამ სიტყვების ამოკითხვას, ხმის გარეშეც შეძლებ.
ჩამოვალ — მიხეილ სააკაშვილი
"მალე ჩამოვალ", "ამ არჩევნების შემდეგ ჩამოვალ", "ხელი გაანძრიეთ და ჩამოვალ", "თუ ოპოზიცია საჭიროდ ჩათვლის, ჩამოვალ" — ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე ყველა შესაძლო ფორმით და არაერთხელ დააანონსა ქვეყანაში დაბრუნება.
ალეკო გისმენთ — ალეკო ელისაშვილი
იმის გარდა, რომ ეს ფრაზა ბილბორდებზე გვხვდებოდა, სატელევიზიო ეთერებშიც არანაკლები სიხშირით ისმოდა. წინასაარჩევნო პერიოდში ალეკო გვისმენდა, პოსტსაარჩევო პერიოდში კი ალეკოს ვუსმენთ.
გვაქვს საკმარისი საწოლფონდი — ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს არაერთხელ მოუწია იმის განმარტება, რომ კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში საწოლების საკმარისი ოდენობაა, ამიტომ თითქმის ათასჯერ მოვისმინეთ უცნაური სიტყვა — საწოლფონდი.
დესტრუქციული ძალები — გია ვოლსკი
მართალია, ეს ფრაზა ქართული ოცნების მესიჯბოქსის ნაწილია, მაგრამ გია ვოლსკი მას ყველაზე ხშირად და დიდი მონდომებით იყენებს.
აზრზე არ ვარ — ზურაბ ჯაფარიძე
როგორც ძველი გირჩის ყოფილი და ახალი გირჩის მოქმედი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, "მაგარი ექსპერტის" როლის თამაში არ უყვარს, ამიტომ როცა რომელიმე თემაზე ინფორმაცია არ აქვს, პირდაპირ და ხშირად ამბობს — აზრზე არ ვარ.
ივანიშვილი, ივანიშვილმა, ივანიშვილს, ივანიშვილის... — ირაკლი ღარიბაშვილი
"ბატონი ივანიშვილი მეცენატია", "ბატონმა ივანიშვილმა დემოკრატია განავითარა", "ბატონ ივანიშვილს ფული არ ენანება" და კიდევ ბევრი "ბატონი ბიძინა ივანიშვილი" გვსმენია სრულიად წარმოუდგენელი დასასრულებით.
- ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა უპრეცენდენტო მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება — ღარიბაშვილი
- ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია
ბონუსი: თეა წულუკიანი
ვინაიდან იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და პარლამენტის დეპუტატს, თეა წულუკიანს მდიდარი ლექსიკა აქვს, ძველქართული სიტყვები უყვარს და ერთი, ორი, სამი ენაც იცის, კონკრეტული ფრაზის ამოღება ვერ ვაკადრეთ. თუმცა, ვერც იმას დავმალავთ, რომ მისი ყოველი გამოსვლა ჭარბი ფრთიანი ფრაზებითაა სავსე.
სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს ფრთიანი ფრაზები არამარტო პოლიტიკოსებს ახასიათებდათ. რამდენიმე მათგანი შევაგროვეთ და შეგიძლიათ ნახოთ აქ.
კომენტარები