რა შეცვალა 2020-მა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში
ყველამ ვიცით, რომ 2020 წელი უახლეოს ისტორიაში გამორჩეული იყო. ახალმა კორონავირუსმა თითქმის 2 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და გლობალური ეკონომიკა პარალიზებული დატოვა.
გარდა ამ სამწუხარო შედეგებისა, პანდემიამ ასევე სხვა კუთხით დაგვანახა მეცნიერების და ტექნოლოგიების როლი საზოგადოებაში. ზოგადად, ნებისმიერი გლობალური მოვლენა, იქნება ეს ვირუსის გავრცელება, ომი თუ გლობალური დათბობის მოახლოებული დამანგრეველი შედეგები, ადამიანური ბუნების დადებით მხარეებს, ცნობისმოყვარეობას და ემპათიას წარმოაჩენს. მოკლედ რომ ითქვას, გლობალური პრობლემები ჩვენ ადამიანობასა და ცხოვრებაზე დაფიქრების საშუალებას გვაძლევს და იმის განსაზღვრაშიც გვეხმარება, თუ რას ვაკეთებთ სწორად და რას — არასწორად.
ადამიანური ბუნების ბნელი მხარე: როგორ დაიწყო პანდემია
კითხვაზე "რამ ან როგორ დაიწყო პანდემია", პასუხი მარტივია — ახალმა ვირუსმა. თუმცა, მეორე მხრივ, მასშტაბური პანდემიის გარდაუვალობა ბევრი მეცნიერისთვის და ეპიდემიოლოგიით დაინტერესებულთათვის მოსალოდნელი იყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მეცნიერების მოწოდებების მიუხედავად, პოლიტიკოსები ზედმეტად კონცენტრირებული იყვნენ მყისიერ მოგებაზე, ვიდრე სამომავლო კეთილდღეობაზე.
მიჩნეულია, რომ ახალი კორონავირუსი უხანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან აღმოცენდა. ეს სავაჭრო სივრცე უნიკალური არაფრითაა, მსგავსი ჩინეთში არაერთია. ბუნების დამცველებისა და საერთაშორისო კონსერვაციული ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, ჩინეთის "ველური ცხოველების" ბაზარი ფუნქციონირებას უწყვეტად აგრძელებდა და ჩინეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი ეჭირა.
ბოლო დროის, ვირუსული ინფექციები, რომელიც მასობრივ სიკვდილიანობას იწვევს, ძირითადად, ცხოველებიდან მომდინარეობს. იქნება ეს "ქათმის" ან "ღორის" გრიპი, შიდსი, ებოლა, SARS თუ უახლესი მომაკვდინებელი დაავადება, COVID-19. არსებობს მიზეზი, რატომაც ბევრ ქვეყანაში ხორცპროდუქტებით ვაჭრობა ძალიან მკაცრად რეგულირებულია, ისევე, როგორც ზოგადად მეცხოველეობის სტანდარტები. მღრღნელებით, ღამურებით ან პანგოლინებით ვაჭრობა, ნაწილობრივ, იმიტომ იკრძალება, რომ ბოლომდე არ ვიცით რა დაავადებების გადამტანები არიან ისინი. სასაკლაოებზე სანიტარული ნორმების დაცვა იმიტომ მოითხოვება, რომ ცუდი სანიტარია პირდაპირ კავშირშია ინფექციების გავრცელებასთან.
თუმცა, ჩინეთში ეს "სტანდარტები" ხშირად უგულებელყოფილია. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ველური ცხოველების ხორცი, ისევე როგორც მათგან მიღებული პროდუქტები, მეტწილად, ჩინურ "ტრადიციულ მედიცინაში" გამოიყენება, რომელიც ჩინეთში თანამედროვე მედიცინას პოპულარობით არ ჩამოუვარდება.
ნავარაუდევია, რომ ახალი კორონავირუსი ღამურიდან პანგოლინში გავრცელდა და ამ უკანასკნელიდან ადამიანში. ვირუსები სხვადასხვა ცხოველებზე ხშირად გადადიან, რადგან ისინი მუდმივად განიცდიან მუტაციას და მარტივად მრავლდებიან, თუმცა, ასეთი მომაკვდინებელი ვირუსი ადამიანში მარტივად არ გავრცელდებოდა, რომ არა ჩინური "ველური ცხოველების ბაზრის" მანკიერი პრაქტიკა და რომ არა ადგილობრივი ტრადიციული მედიცინის პოპულარობა, რომელიც ფსევდომეცნიერებას ეყრდნობა.
ტრადიციულ მედიცინას ჩინეთის მთავრობა ინარჩუნებს, რადგან ის მრავალ მილიარდდოლარიანი ინდუსტრიაა და მისი პოპულარიზაცია ჯერ კიდევ 60-იანებში, მაო ძედუნის წახალისებით დაიწყო. "ჩინური მედიცინის" სასწაულმოქმედება კარგი სარეკლამო ბანერი იყო და კულტურაში მნიშვნელოვანი როლი ეკავა, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ძალიან მავნეა და მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები და აქტივისტები უკვე ათწლეულებია მის შეზღუდვას ან აკრძალვას ლობირებენ. რომ არა ეს მასობრივი ინდუსტრია, ახალ კორონავირუსს ადამიანამდე შეიძლება ვერც კი მოეღწია.
სამწუხაროდ რაციონალური განსჯა და სამეცნიერო პრაქტიკა მანკიერმა ბიზნეს ამბიციებმა და ავტორიტარიზმმა დაჩრდილა.
ადამიანის ბუნების ნათელი მხარე: როგორ გავერთიანდით ვირუსის წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ახალი კორონავირუსის შესახებ WHO-ს ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა, ჩინელი მეცნიერებმა ეპიდემიის დაწყებისთანავე მოახდინეს რეაგირება.
1 იანვარს, როცა უხანის ბაზარი დაიკეტა, ჩინელმა მკვლევრებმა ახალი კორონავირუსის გენომის სეკვენსირება რეკორდულად მცირე დროში მოახერხეს, ძალიან სწრაფად შეიმუშავეს ვირუსის ტესტები და მოპოვებული ინფორმაცია 11 იანვრისთვის გლობალურად ხელმისაწვდომი გახდა.
გენომის გამოქვეყნებიდან 2 კვირაც კი არ იყო გასული, როცა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა პირველი ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც მკვლევრები მიანიშნებდნენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანების უჯრედში შესაღწევად, SARS-ის ვირუსის მსგავს მექანიზმს იყენებს. ამ პუბლიკაციიდან 12 საათში კი ჩინელმა მკვლევრებმა ეს მოსაზრება დაადასტურეს.
კორონავირუსი მსოფლიოში მომუშავე არაერთი მეცნიერისთვის პრიორიტეტული კვლევის საგანი, პრაქტიკულად, მომენტალურად გახდა. ჩინეთის შემდეგ, სამხრეთ კორეამ და სხვა სახელმწიფოებმაც კორონავირუსის ტესტების და ვენტილატორების მასშტაბური წარმოება და გლობალური დისტრიბუცია დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ამხელა წნეხისთვის მოუმზადებელი იყო და ფრონტის ხაზზე მომუშავე ექიმები უპრეცედენტო საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ გვერდზე გადადეს ყველა "პერსონალური ინტერესი" და ადამიანების გადასარჩენად საკუთარი თავები გაწირეს.
ვირუსის გენომის გაშიფვრის შემდეგ, ვაქცინაზე მუშაობა, პრაქტიკულად, მომენტალურად დაიწყო. რამდენიმე თვეში აშშ-ში, ბრიტანეთსა თუ რუსეთში ვაქცინები შეიქმნა, რომლებმაც კლინიკური ტესტირება რეკორდულად მცირე დროში გაიარეს და სავარაუდოდ, ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ, როცა გლობალური იმუნიზაცია დაიწყება.
ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სამეცნიერო საზოგადოების გახსნილობა, მოტივაცია და მკაცრი სტანდარტები, რომელთა დამსახურებითაც პოტენტური სამკურნალო საშუალებების მიღება შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის კორონავირუსმა 2 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და უამრავი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ ან ირიბად შეამცირა, მსხვერპლის რიცხვი კოლოსალურად უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა გლობალური კოლაბორაცია, რომელსაც თვალს ახლაც ვადევნებთ.
როგორ გვეხმარება ტექნოლოგიები პანდემიასთან გამკვლავებაში
თანამედროვე ტექნოლოგიები რომ არა, ზემოხსენებული სამეცნიერო პროგრესი, რომელიც პანდემიის დასაწყისში ვიხილეთ, შეუძლებელი იქნებოდა. ბევრმა შეიძლება არ იცის რას აკეთებს PCR ან როგორ მუშაობს სწრაფი ტესტირება, თუმცა ეს სიტყვები მედიაში ხშირად გვესმის. ზოგი ტექნოლოგია, რომელსაც კორონავირუსის აღმოჩენისთვის ან შესწავლისთვის ვიყენებთ, ბევრი მეცნიერისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
თუმცა, სტანდარტული აღჭურვილობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების შესწავლაში და პრევენციული ზომების მიღებაში, ხელოვნური ინტელექტიც გვეხმარება. სანამ რეალური ტესტები დაიწყებოდა, მეცნიერებმა ვირუსის გავრცელების in silico მოდელირება, ხელოვნური ინტელექტის და სუპერკომპიუტერების დახმარებით დაიწყეს.
მაგალითად, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების სისწრაფე მთლიანად მოდელირებას ეყრდნობა. ნავარაუდევია, რომ ეს შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება და მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტულად ან პირდაპირი ტესტირებით ეს ვარაუდი არ შემოწმებულა, კომპიუტერული მოდელები საკმაოდ სანდოა.
პანდემიის პირობებში, ვირუსის შესახებ უფრო და უფრო მეტს ვსწავლობთ, თანაც უპრეცედენტოდ სწრაფად. ეს იმის დამსახურებაა, რომ მნიშვნელოვან კვლევით ცენტრებს უზარმაზარი სიმძლავრის კომპიუტერებზე მიუწვდებათ ხელი, რომელიც მათ თუნდაც გენომის ელვისებური სისწრაფით გაშიფვრის საშუალებას აძლევთ.
ეს ტექნოლოგიები და ექსპერიმენტული ხელსაწყოები, უშუალოდ, კორონავირუსის შესწავლისთვის არ შექმნილა, ისინი თავის დროზე, სხვადასხვა მეცნიერებმა შექმნეს და დროთა განმავლობაში სრულყოფაში მოიყვანეს, ძირითადად, უბრალოდ იმიტომ, რომ დაინტერესებული იყვნენ რაღაცის შექმნით და ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდათ. მათი სახელები არ გვახსოვს, თუმცა მათი დამსახურებით მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეიძლება. მეორე მხრივ კი, ვირუსმა ტექნოლოგიური კომპანიები ახალი გადაწყვეტების შემუშავების საჭიროების წინაშე დააყენა. ვიხილეთ არაერთი პროდუქტი, რომელიც სწორედ პანდემიასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე იყო მორგებული და სოციალურ დისტანცირებასთან, თუ დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში გვეხმარებოდა.
როგორ გვეხმარება ტექნოლოგიები პანდემიის გაძლებაში
ცოტა ხნის წინ, Slack, აპლიკაცია, რომელსაც ბოლო დროს დისტანციური მუშაობისთვის ხშირად იყენებენ, 27,8 მილიარდ დოლარად გაიყიდა. მსგავსი "გუნდური მუშაობის" აპლიკაციების ღირებულება განსაკუთრებით გაიზარდა, როცა უამრავი ადამიანი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.
პანდემიამდე ბევრმა Slack-ისა და Zoom-ის შესახებ არც კი იცოდა. თუმცა, ახლა ეს აპლიკაციები პრაქტიკულად ყველა სკოლის მოსწავლემ, სტუდენტმა, მასწავლებელმა და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასულმა ადამიანმა იცის.
მსგავსი აპლიკაციები ადამიანებს საშუალებას აძლევს გააგრძელონ მუშაობა და არ დაკარგონ კონტაქტი თანამშრომლებთან, თანაგუნდელებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ნაწილობრივ გაგვიმართლა, რომ ასეთი მასშტაბური პანდემია სწორედ ახლა დაიწყო და არა რამდენიმე წლის ან ათწლეულის წინ, როცა მსოფლიო ნაკლებად დაკავშირებული იყო და ინტერნეტი (განსაკუთრებით განვითარებად სახელმწიფოებში) ფუფუნების საგანი იყო.
ორი აზრი არ არსებობს, რომ პანდემია, ლოქდაუნები და ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული პრევენციული ზომები, ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კარგად არ აისახება. როცა თბილისი პირველად "ჩაიკეტა" და კომენდანტის საათი დაწესდა, მოქალაქეები უცებ რაღაც დისტოპიურ რეალობაში აღმოჩნდნენ. მანქანებით გადაჭედილი გმირთა მოედანი ცარიელი იყო, ქუჩებში კი არნახული სიჩუმე სუფევდა. ტელევიზორებში და სოციალურ მედიაში ყველა ვისმენდით კორონავირუსით დაღუპული ადამიანების შესახებ. ასეთ დროს იმის ცოდნა, რომ საყვარელ ადამიანებთან დაკავშირება ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია, ძალიან დამაიმედებელია.
ამას გარდა, კომპიუტერული თამაშები, ბევრისთვის "ყურადღების გადატანის" ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თამაში Among Us აღმოჩნდა, რომელიც უპრეცედენტოდ პოპულარული გახდა. მეგობრებთან ერთად ეჭვმიტანილის ძიება და კოსმოსური ხომალდიდან გაძევება ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.
ცხადია, მსგავსი აქტივობები ფიზიკურ კონტაქტს ვერასდროს ჩაანაცვლებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სახლში გამოკეტვა ინტერნეტის და გარე სამყაროსთან წვდომის გარეშე, ალბათ, ბევრად ტრაგიკული იქნებოდა.
დროა დავაფასოთ მეცნიერება
პანდემიის ოფიციალური დასაწყისიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, დაიღუპა მილიონობით ადამიანი. თუმცა, რომ არა ადამიანური ცნობისმოყვარეობა და უმისამართო ემპათია, სავარაუდოდ, კიდევ ბევრად მეტ ადამიანს დავკარგავდით.
ამ პანდემიას დიდი დანაკარგების ფასად გადავიტანთ, თუმცა, პრაქტიკულად მყისიერი და მუდმივი კოლაბორაციის შემყურეს, იმედი მაქვს, რომ კაცობრიობა სხვა გამოწვევების წინაშეც შეძლებს გაერთიანებას.
მაშინ, როცა ნიუ-იორკის ქუჩები გვამებით ივსებოდა და ცენტრალურ პარკში კუსტარულად გაკეთებული მორგები სხეულებს ვერ აუდიოდნენ, აშშ-ის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გვარწმუნებდა, რომ კორონავირუსი გრიპივითაა, ილონ მასკი კი ტვიტერზე წერდა, რომ აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევები აპრილიდან აღარ იქნებოდა.
საბედნიეროდ, საფონდო ბირჟაზე "მწვანე ისრებს" სერიოზულად მოეკიდნენ და მილიონობით ადამიანი სიკვდილს გადაარჩინეს, მათ შორის თქვენც მკითხველო. ვინ იცის, რამდენ ადამიანს ააცილეთ კორონავირუსი პირბადის ტარებით და ხელების რეგულარული დაბანით. თუმცა, თუ გვინდა, რომ ეს ტრაგიკული პანდემია უფრო მალე დასრულდეს და მომავალმა პანდემიებმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ კმარა. უნდა მოვითხოვოთ, რომ ადამიანის სიცოცხლე პოლიტიკურ რეიტინგებზე და თამაშებზე მაღლა დადგეს. უნდა მოვინდომოთ, რომ მეცნიერებამ ცრურწმენა გადაწონოს.
კომენტარები