ოქსფორდის მეცნიერები ნახშირორჟანგს თვითმფრინავის საწვავად გარდაქმნიან — კვლევა
მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულში კლიმატის ცვლილება და ატმოსფეროს ანთროპოგენუული დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე შეუქცევადად იზრდება და მკვლევრები მუდამ ცდილობენ ახალი გზების მოძიებას ამ დამაბინძურებელი აირის კონცენტრაციის შესამცირებლად. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს სუფთა ენერგიის წყაროები, რომლებიც ტრადიციულ წყაროებთან შედარებით, ატმოსფეროში ნაკლები რაოდენობით გამოყოფენ CO2-ს. სუფთა ენერგიის წყაროებს მიეკუთვნება ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც ნახშირორჟანგს თვითმფრინავის საწვავად გარდაქმნის.
Wired-ის მიხედვით, ამ ტექნოლოგიამ შესაძლოა, შეამციროს საავიაციო ინდუსტრიის მასობრივი ზემოქმედება გარემოზე. ეს გუსლიხმობს როგორც ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის უკან, სისტემაშივე დაბრუნებას, ასევე თვითმფრინავის საწვავის წარმოების პროცესის ეფექტის შემცირებას გარემოზე. თუმცა კვლევაში, რომელიც სამშაბათს, ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით, ამ სისტემის მასშტაბური გამოყენება ვერ მოხერხდება. მისი ამუშავება მეცნიერებმა ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში შეძლეს და სულ რამდენიმე გრამი საწვავი წარმოქმნეს.
კვლევის თანაავტორისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ქიმიკოსის, ტიანკუნ შიაოს აზრით, ატმოსფეროში CO2-ის დონის სწრაფი მატება და ის ფაქტი, რომ აღნიშნული სისტემა მუშაობს — თუნდაც მხოლოდ მცირე მასშტაბებზე — ამართლებს ამ ტექნოლოგიას. შიაომ Wired-ს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთხსენებული საწვავის საწარმო განთავსდება ტრადიციული ელექტროსადგურის გვერდით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევის ნაცვლად, შესაძლოა, ეს ნივთიერება სწორედ საწვავის საწარმომ გამოიყენოს.
"კლიმატის ცვლილების ტემპი მუდმივად იმატებს და დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია უკვე კატასტროფულ დონეს აღწევს. ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც განვაგრძობთ CO2-ის გაფრქვევას გარემოში", — ამბობს შიაო. "საბედნიეროდ, უკვე არსებობს ნახშირწყალბადის საწვავის ინფრასტრუქტურა. ეს ტექნოლოგია და აღნიშნული საწვავი, შესაძლოა, ატმოსფეროს გაწმენდასა და კლიმატის ცვლილების ეფექტის შემცირებაში დაგვეხმაროს", — აღნიშნავს იგი.
ოსკარ მაიერნიკმა, რომელიც SkyNRG-ში მომავლის საწვავის შემუშავების პროექტს ხელმძღვანელობს, Wired-ს განუცხადა, რომ ეს ტექნოლოგია გამოიყენებს ქარხნებში გამოყოფილ ნახშირორჟანგს, თუმცა იგი მაინც ვერ შეაჩერებს CO2-ის გაფრქვევას გარემოში. მაიერინკი, რომელიც ამ პროექტზე არ მუშაობდა, ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მას მეცნიერები ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის ასათვისებლად გამოიყენებდნენ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენების მასშტაბები გაიზრდება და დროთა განმავლობაში, შეძლებენ ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის კონცეტრაციის შემცირებას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს სათბურის ეფექტს.
კომენტარები