ტაკატო იამამოტო — ხელოვანი, რომელიც ბნელი ფიქრების ესთეტიკურობაში დაგარწმუნებთ
გამოაღვიძეთ თქვენი წარმოსახვის ყველაზე ბნელი მხარე. გაიხსენეთ ის ფიქრები, რომლებიც უძილო ღამეებისას მარტო მყოფებს გეუფლებათ. მათ ხელშესახებად ქცევაზე თუ გიფიქრიათ ოდესმე? გქონიათ სურვილი, რომ თქვენს გონებაში არსებული შავბნელი ფანტაზიები ტილოზე გადაგეტანათ? იაპონელმა ხელოვანმა მთელი თავისი შემოქმედება სწორედ ამ საქმეს მიუძღვნა.
იაპონელი ხელოვანი, ტაკატო იამამოტო 1960 წელს, აკიტას პრეფექტურაში დაიბადა. სახელოვნებო განათლება მან ტოკიოს ზოკეის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც 1982 წელს დაასრულა. მისი ცხოვრების ის ბიოგრაფიული დეტალები, რომლებიც დასავლური საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი, საკმაოდ მწირია, თუმცა ეს გარემოება იამამოტოს შემოქმედების შეფასებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი სულაც არაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ გაეცნონ მის ნამუშევრებს, რომლებიც ნებისმიერ ბიოგრაფიულ ცნობებზე უკეთ აღწერს იამამოტოს ცხოვრების ისტორიასა და შინაგან სამყაროს.
ხელოვანის პირველი გამოფენა, სახელწოდებით ჰეისეის ესთეტიზმი, იაპონიაში 1998 წელს, ტოკიოს უბან გინძაში არსებულ გალერიაში, Creation Gallery G8-ში გაიმართა. ამ გამოფენის წყალობით მხატვრის შემოქმედებით გავლენიანი ხელოვნებათმცოდნეები და კრიტიკოსები დაინტერესდნენ. ამან დიდი როლი ითამაშა მომდევნო წლებში იამამოტოს ავტორობით რამდენიმე წიგნის გამოცემაში, სადაც მისი ნამუშევრებია თავმოყრილი. იაპონიის საზღვრებს გარეთ ფართო საზოგადოებამ ხელოვანის შემოქმედება პირველად 2005 წელს რომში, გალერია Mondo Bizzarro-ში იხილა.
2018 წელს კი იამამოტოს მოღვაწეობის 20 წლის თავის აღსანიშნავად ტოკიოში, შიბუიას რაიონში, Tower Records-ში გამოფენა გაიმართა, სადაც დამთვალიერებლები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ ჩასულები მხატვრის კოლექციის — NOSFERATU-ს სანახავად. გამოფენაზე დასრულებულ ნახატებთან ერთად წარმოდგენილი იყო თავდაპირველი ჩანახატები და გარკვეული მონაკვეთები იამამოტოს ავტორობით გამოცემული მანგადან. კონცეფცია, ძირითადად, ვამპირების თემას მოიცავდა. "სისხლის საძებნელად გამოსული აკანკალებული გოგოები და ბიჭები ერთმანეთის ეროსითა და სიცოცხლით იკვებებიან", — ასეთი ფრაზა გვხვდება NOSFERATU-ს აღწერაში.
ფოტო 2012 წლის გამოფენიდან. კოლექცია NOSFERATU.
ფოტო: Tower Shibuya
იამამოტოს შემოქმედება
იამამოტოს თავდაპირველი ნამუშევრები მხატვრობის ტრადიციული მიმდინარეობის, უკიო-ეს ნაკვალევს მიჰყვება — ესაა იაპონური გრავიურის ბეჭდვის ჟანრი, რომელიც ლანდშაფტებს, ისტორიულ ფაქტებს, იაპონელი ხალხის ყოველდღიურობას ასახავს დასავლური მხატვრობისთვის არადამახასიათებელი, ნაკლებად რეალისტური გამოსახულებებით.
ფოტო: Takato Yamamoto
ფოტო: Takato Yamamoto
1993 წლიდან იაპონელი მხატვრისთვის საკუთარი განცდების ვიზუალურად აღსაწერად ტრადიციული სტილი საკმარისი აღარ აღმოჩნდა და ის ახალი მიმდინარეობის, ჰეისეი ესთეტიზმის ფუძემდებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა ტრადიციულისა და თანამედროვეს იდეალურად შერწყმის ნათელი მაგალითია. მისი ავთენტური ახლებური სტილი კვლავ იზიარებს უკიო-ეს ძირითად დეტალებს — მასში კვლვავ ვხვდებით არარეალისტურ, მარტივი მოხაზულობის ფიგურებს. თუმცა ამ ახალ მიმდინარეობაში მეტწილად დასავლური გოთიკური მხატავრობისთვის დამახასიათებელი ნიშნები დომინირებს. ჰეისეი ესთეტიზმი იამამოტოს საკმაოდ ბნელი და ამავდროულად საოცრად ესთეტიკური ნამუშევრების შესაქმნელად იდეალური ნიადაგი აღმოჩნდა.
ტაკატო იამამოტოს ნახატები ერთი შეხედვით ჰარმონიისა და სიმშვიდის განცდას იწვევს. დომინანტური როლი აქ, მცენარეებისა თუ მწერების გამოსახულებებს შორის, ადამიანის სახეს ენიჭება, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს უკიო-ესთვის დამახასიათებელი მარტივი კომპოზიციური მეთოდი: ნაზად მოსმული ხაზებით შექმნილი ფიგურა, სადაც აქცენტი არ კეთდება ჩრდილებსა და უხეშ დეტალებზე და მხატვრის მიერ უგულებელყოფილია საგნების ბუნებრივი ფაქტურა. გამომსახველობის ამ მეთოდის გამო იამამოტოს ნამუშევრებში პერსონაჟების სახეებზე ემოციებს იშვიათად ამოიკითხავთ. მეტიც, ისინი რეალურ ადამიანებზე მეტად თოჯინებს მოგაგონებენ. სწორედ ეს დეტალია იამამოტოს ნახატებში ესთეტიკურობის განმსაზღვრელი ელემენტი.
მოჩვენება გინძაში (2006 წელი).
ფოტო: Takato Yamamoto / Wikimedia Commons
თუმცა, იამამოტოს ნახატებისთვის შორიდან შეხედვისას აღძრული სინაზისა და ჰარმონიულობის განცდის საპირისპიროდ, ტილოზე დატანებულ დეტალებზე დაკვირვება აბსოლუტურად კონტრასტულ გრძნობებს იწვევს. სრული სურათის აღქმისას ადამიანის უემოციო სახის გარშემო მიმობნეულ დასავლური გოთიკური მხატვრობისთვის დამახასიათებელ დეტალებს საშინელებათა ჟანრში გადავყავართ. მაგრამ რაც უნდა გასაოცარი იყოს, ადამიანის სახის მშვიდი გამომეტყველება, დეტალების განაწილება და თბილი ფერების სიჭარბე საშინელებათა ჟანრის გამოსახულებებს შემაძრწუნებლობას უკარგავს და დამთვალიერებლის მიერ უჩვეულო გრაციოზულობად აღიქმება.
ეროზია და დიფუზია (2012 წელი).
ფოტო: Takato Yamamoto / Wikimedia Commons
იამამოტოს თითოეული ნამუშევარი უნიკალური და გამორჩეულია, თუმცა მათში მაინც შეინიშნება საერთო დამახასიათებელი ნიშანი — ციკლურობა. იაპონელი ხელოვანის შემოქმედებისთვის ნიშნეულია დაპირისპირებული ცნებების სიურრეალისტურად გამოსახვა; ცივი და თბილი ფერების კონტრასტული მონაცვლეობა; ჰარმონიულობისა და ქაოსის, ძალადობისა და მშვიდობის, სიცოცხლისა და სიკვდილის თანაარსებობა. თავად მხატვარსაც აღუნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მისი მიზანი სამყაროს მისეული აღქმის, სიკვდილისა და სიცოცხლის მონაცვლეობის გადმოცემაა, რაც საბოლოოდ საშინელებათა ჟანრის სურათად ჯერ მის გონებაში ყალიბდება, შემდეგ კი ტილოზე ინაცვლებს.
ფოტო: Takato Yamamoto
უკიო-ეს მოტივებით ნაკარნახევი ადამიანების თოჯინისმაგვარი სტატიკური გამომეტყველებით გამოსახვა, ვამპირები, მოჩვენებები, ძალადობა, სისხლი, სექსუალობა, დამონება და, პარადოქსულად, საბოლოოდ ამ ყველაფრის გრაციოზულ სანახაობად აღქმა — სწორედ ესაა ტაკატო იამამოტოს ხელწერა და, ამავდროულად, ჰეისეი ესთეტიზმის არსი.
იამამოტო ის ხელოვანია, რომელიც საკუთარი შემოქმედებით ამბობს იმას, რისი თქმაც ბევრს სურს, თუმცა ამისთვის საჭირო გამბედაობა ცოტას აქვს.
კომენტარები