მეცნიერებმა წყალბადის საწვავის საწარმოებლად წყალმცენარეები გამოიყენეს
მეცნიერები წყალბადის მწარმოებელ მინი ბიოლოგიურ საწარმოებს აგებენ, რაც ფოტოსინთეზის უნარის მქონე წყალმცენარეების წყლის შაქრით მდიდარ წვეთებში შეკუმშვით ხერხდება. მათ იმედი აქვთ, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება ეს მეთოდი ენერგიის ეკოლოგიურად შედარებით უსაფრთხო და ფართომასშტაბიანი წყარო იყოს.
ოთხშაბათს, ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხელსაყრელ პირობებში, წყლის წვეთის გარემოში, წყალმცენარეები წყვეტენ ჟანგბადის წარმოქმნას და სანაცვლოდ, ენერგიით მდიდარ წყალბადის წარმოებას იწყებენ. თუმცა ეს მინუსკულური საწარმოები ზომით ძალიან მცირენი არიან იმისთვის, რომ ჩვენი სახლი ან მანქანები საკამრისი ენერგიით უზრუნველყონ. მკვლევრები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი მასშტაბურ სახეს მიიღებს, შესაძლებელი იქნება ამ მექანიზმის გამოყენება მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მისაღებად.
ცნობილია, რომ ფოტოსინთეზის პროცესის დროს ხდება ნახშირორჟანგის გარდაქმნა ჟანგბადად, თუმცა ზემოაღნიშნულ კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა ბრისტოლის უნივერსიტეტიდან და ჩინეთის ჰარბინის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, აღმოაჩინეს, რომ წყლის წვეთში შეკუმშული წყალმცენარეები ჟანგბადის ნაცვლად ამ პროცესის დროს წყალბადს წარმოქმნიან. ამის მიზეზი კი წყლის წვეთში ფოტოსინთეზისთვის საჭირო ჟანგბადის ატომების არასაკმარისი რაოდენობაა, რის შედეგადაც, მათ ადგილს წყალბადის მწარმოებელი ფერმენტები იკავებენ.
საკითხის უკეთ შესასწავლად, მეცნიერებმა თავიანთი ბიოლოგიური საწარმოები გადაფარეს ისეთი ბაქტერიებით, რომლებიც ჟანგბადს მოიხმარენ. ამით ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი წყალმცენარე ჩაერთოთ ჟანგბადის ნაცვლად წყალბადის წარმოების პროცესში.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ წყლის წვეთის ზომის მქონე საწარმოები დედამიწაზე ენერგიის კრიზისის პრობლემას არ გადაჭრის და არც სათბურის აირების გაფრქვევას შეაჩერებს, თუმცა, მეცნიერები მაინც იმედოვნებენ, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება ამ იდეის უფრო ფართო მასშტაბებზე განხორციელება, რაც სავარაუდოდ, საგრძნობლად შეამცირებს წყალბადის საწვავის ფასს.
"მარტივი წვეთების, როგორც ვექტორის გამოყენება სინთეტურ მიკრო სივრცეებში ფოტოსინთეზისა და წყალმცენარის უჯრედების კონტროლისთვის გვთავაზობს წყალბადის წარმოების ეფექტურ და გარემოზე ნაკლები ზემოქმედების მქონე გზას, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ იდეას კიდევ უფრო განვავითარებთ", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა და ბრისტოლის უნივერსიტეტის ბიოლოგმა სტივენ მენმა, თავის პრეს რელიზში.
კომენტარები