როგორც ამბობენ, კორონავირუსის რუსული ვაქცინა 95%-ზე მეტ შემთხვევაში ეფექტიანია, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ჯერ არ აცრილა
კორონავირუსის რუსული ვაქცინა 95%-ზე უფრო მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, აცხადებენ ოფიციალური პირები, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით. ამ მაჩვენებლით ეს უკანასკნელი Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინაზე უფრო ეფექტიანი უნდა იყოს.
რუსული ოფიციალური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ მათი ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ერთობლივ პროდუქტზე ეფექტიანია. ამის მიზეზი რუსეთის საკუთრებაში არსებული ნოვატორული ტექნოლოგია გახლავთ, რომლის გაზიარებაც მათ ბრიტანელ მეცნიერებს უკვე შესთავაზეს.
"Sputnik V მაღალ ეფექტიანობას აჩვენებს, 95%-ზე მეტსაც კი. ეს უდავოდ კარგი ამბავია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის", — განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
წინასწარი მონაცემები მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის გაჩაღებული რბოლა სულ უფრო მეტად ინტენსიური გახდა. თუმცა, რუსეთის ოფიციალური მონაცემების ბევრს არ სჯერა.
უნდობლობის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი რუსეთი ხელისუფლების მიერ დაჩქარებული წესით გაცემული ლიცენზიაც გახლდათ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვაქცინა კლინიკური კვლევის მეორე ეტაპზე იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მოხელეებს კვლევაში იძულების წესით რთავდნენ.
რუსული ვაქცინის კვლევისა და შესყიდვის სურვილი უკვე რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა, მაგრამ მათ შორის დასავლური ქვეყნების რაოდენობა საოცრად მცირეა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სერიოზული ინტერესი მხოლოდ უნგრეთმა გამოხატა, რამაც სხვა წევრების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ "რუსული ვაქცინის შესახებ რაიმე სახის მონაცემები არ გააჩნიათ", — იუწყება რუსული გამოცემა "ინტერფაქსი".
Sputnik V-ის ეფექტიანობის პირველადი შედეგები კვლევის დაწყებიდან 42 დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ამ დროისთვის უკვე 19 ათასი ადამიანი ვაქცინის ორი დოზით იყო აცრილი, ხოლო 21 ათას ადამიანი — ერთი დოზით. წინასწარი მონაცემების მიხედვით ვაქცინაციის ეფექტიანობამ 91,4% შეადგინა.
მაღალი ეშელონების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის დმიტრიევმა, აღნიშნეს, რომ მათ ვაქცინაცია უკვე ჩაიტარეს და თავს კარგად გრძნობენ. თუმცა, კრემლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინით ვლადიმერ პუტინი არ აცრილა. წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტი კლინიკური კვლევაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი არასერტიფიცირებული ვაქცინით ვერ აიცრება", — განაცხადა დიმიტრი პესკოვმა, კრემლის პრეს-სპიკერმა.
ამჟამად, რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 2,15 მილიონს აჭარბებსს. ვლადიმერ პუტინი და სხვა რეგიონული ხელმძღვანელები წლის დასაწყისში ფართო კარანტინის მიღების წინააღმდეგნი იყვნენ, რასაც ეკონომიკური კოლაფსის რისკებით ხსნიდნენ.
რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, მოსახლეობას ვაქცინებზე წვდომა ჰქონდეს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამალეის კვლევით ცენტრში შექმნილი ვაქცინის მთავარი მიმზიდველობა მისი საზღვარგარეთ გაყიდვიდან შემოსული მატერიალური მოგება გახლავთ. ამას ემატება რუსეთის ეროვნული სიამაყის წინა პლანზე წამოწევაც, რაც ქვეყნის სამეცნიერო უპირატესობას ნათელს გახდის. ეს ადვილი მისახვედრი უშუალოდ ვაქცინის სახელიდან გამომდინარე გახლდათ: Sputnik 1 მსოფლიოში პირველი ხელოვნური თანამგზავრი იყო, რომლის ორბიტაზე გაშვებითაც საბჭოთა კავშირი, ცივი ომის პერიოდში, კოსმოსის ათვისებაში აშშ-სთან ჭიდილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.
ვაქცინის საზღვარგარეთ გაყიდვაზე პასუხისმგებელი დმიტრიევია. მისი სიტყვებით, ერთეულის ღირებულება $10-ზე მეტი არ იქნება. ეს Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის ღირებულებაზე ორჯერ იაფია.
ევროკავშირის წესდების მიხედვით, ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა ევროპის სამედიცინო სააგენტომ (EMA) უნდა გასცეს. ევროკომისიის პრეს-სპიკერმა გასულ კვირას Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლომდე გამოუკვლეველი ვაქცინის გამოყენებამ საზოგადოებაში, ზოგადად, ვაქცინების მიმართ ნდობა შეიძლება შეამციროს.
კომენტარები