რადიოტელესკოპის საშუალებით, პირველად აღმოაჩინეს "სუპერ პლანეტა"
მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს პატარა ცივი "სუპერ პლანეტა". როგორც ჩანს, მისი დანახვა ტრადიციული ინფრაწითელი სხივების მეთოდით აქამდე ვერ მოხერხდა.
LOFAR (დაბალსიხშირული წყება) რადიოტელესკოპმა შემთხვევით აღმოაჩინა ყავისფერი ჯუჯა პლანეტა, რომელსაც მეცნიერბმა BDR J1750+3809 უწოდეს და ზედმეტსახელიც შეურჩიეს — ელეგასტი (ელფი სული, გმირი და კეთილშობილი ყაჩაღი შუა საუკუნეების ეპიკური ჰოლანდიური პოემიდან "კარელი და ელეგასტი"). ყავისფერ ჯუჯებს ზოგჯერ არშემდგარ ვარკსვლავებს, ან სუპერ პლანეტებს უწოდებენ, რადგან ისინი ზედმეტად პატარა ზომისანი არიან იმისთვის, რომ ვარსკვლავად ქცევა შეძლონ და ასევე, ზედმეტად დიდები არიან იმისთვის, რომ პლანეტებად მივიჩნიოთ.
ზოგადად, მათი აღმოჩენა სწორედ ინფრაწითელი კვლევების საშუალებით ხდება მაგრამ, ჰავაის უნვიერსიტეტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ელეგასტი ვარსკვლავზე მცირე ზომის მქონე პირველი ობიექტია, რომელიც რადიოტელესკოპით აღმოაჩინეს.
"ეს აღმოჩენა მეცნიერებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან იგი ბიძგს მისცემს სრულიად ახალი მეთოდის გამოყენებას ისეთ კვლევებში, რომლებიც მზის მახლობლად მოძრავი ცივი ობიექტების აღმოჩენას ისახავს მიზნად. იგივე საქმის შესრულება გაცილებით რთული და ნაკლებეფექტური იქნებოდა იმ მეთოდებით, რომლებსაც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ვიყენებთ", — განაცხადა მაიკლ ლიუმ, კვლევის თანაავტორმა და ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის მეცნიერმა.
ვინაიდან ყავისფერი ჯუჯები ზედმეტად პატარებია იმისთვის, რომ მათში წარიმართოს ის ბირთვული რეაქციები (ორი ატომბირთვის შეჯახების შედეგად წარმოიქმნება ერთი ატომბრითვი და მასის დეფექტის ხარჯზე გამოიყოფა ენერგია), რომლებიც მზეში და დიდ ვარსკვლავებში ნათების წყაროს წარმოადგენენ, შესაბამისად მათი ტემპერატურა ვარსკვლავებთან შედარებით გაცილებით დაბალია და ბევრად უფრო მკრთალ ობიექტებს წარმოადგენენ, რაც კიდევ უფრო რთულს ხდის მათ დეტექტირებას სტანდარტული მეთოდებით (მაგ. ინფრაწითელი ხელსაწყოების გამოყენებით).
თუმცა, ყავისფერი ჯუჯები, სიმკრთალისა და სიცივის მიუხედავად, მაინც ასხივებენ დაბალსიხშირულ რადიოტალღებს. მკვლევრებმა ელეგასტი ჰოლანდიის LOFAR-ის რადიოტელესკოპის საშუალებით აღმოაჩინეს. მოგვიანებით მათი დაკვირვებები ჰავაისა და ჩილეში მდებარე ჯემინის ობსერვატორიისა და ჰავაის უნივერსიტეტის მიერ მართვადი NASA-ს ინფრაწითელი ტელესკოპის საშუალებით დაადასტურეს.
როგორც ჰავაის უნივერსიტეტის განცხადებაში წერია, LOFAR-ის გამოყენება ელეგასტის დეტექტირებისთვის წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას, რომელიც შესაძლოა, მეცნიერებს ისეთი ციური ობიექტების აღმჩენაში დაეხმაროს, როგორიცაა გიგანტური ეგზოპლანეტები. ამ ობიექტების ტემპერატურა ზედმეტად დაბალია იმისთვის, რომ მათი შემჩნევა ინფრაწითელი კვლევების საშუალებით შევძლოთ.
ახალი კვლევა 9 ნოემბერს გამოქვეყნდა Astrophysical Journal Letters-ში.
კომენტარები