ახლადაღმოჩენილი პრიმატი უკვე გადაშენების პირასაა
მიანმარის ტყეებში მეცნიერებმა მაიმუნის ახალი სახეობა გამოარჩიეს, რომელსაც თვალების გარშემო სახასიათო თეთრი რგოლები აქვს. ახალ სახეობას პოპა ლანგური (Popa Langur) ჰქვია, რადგან ის პოპას მთასთან ბინადრობს და მას მხოლოდ 200-250 წარმომადგენელი ჰყავს.
ლანგურები, ძირითადად, ფოთლებს მიირთმევენ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე არიან გავრცელებული. საცხოვრებელი გარემოს შემცირების და ნადირობის გამო, ამ პატარა პრიმატს გადაშენების საფრთხე ემუქრება.
მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ეჭვობდნენ, რომ მიანმარში მაიმუნის ახალი სახეობა ბინადრობდა, თუმცა ამის საბუთი მწირი იყო. ამიტომ, მკვლევრებმა სახეობის გამოსარჩევად, მუზეუმებში შენახული მასალების დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს.
ბურმას ადრეულ მკვლევრებს მაიმუნების მასალები ჰქონდათ შეგროვებული, რომელიც აქამდე გამოკვლეული არ ყოფილა. ადრეული მასალების დნმ ტესტირებამ კი საბოლოოდ მაიმუნის ახალი სახეობა გამოავლინა.
ახლადაღმოჩენილი სახეობის დაახლოებით 200-250 წარმომადგენელი შემორჩა, რომლებიც 4 სხვადასხვა პოპულაციად იყოფა და დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ბოლო ათწლეულის მანძილზე, მიანმარი მსოფლიოს მეცნიერებთან თანამშრომლობს. შედეგად, მიანმარში უამრავი ახალი რეპტილია, მწერი და ამფიბია აღმოაჩინეს. თუმცა, პრიმატის ახალი სახეობის აღმოჩენა საკმაოდ იშვიათია.
მიუხედავად იმისა, რომ მიანმარის მაიმუნების პოპულაციაზე ნადირობა ძალიან უარყოფითად მოქმედებს, მთავარი პრობლემა მაინც მათი საცხოვრებელი არეალის შემცირებაა. სწრაფი ურბანიზაციის და ტერიტორიების ათვისების გამო, ტყეები, რომლებშიც პოპა ლანგურები ცხოვრობენ, ნელ-ნელა ქრება.
კომენტარები