ფუტურისტული "ვაკუუმის მატარებლით" ადამიანებმა პირველად იმგზავრეს
Virgin Hyperloop ფუტურისტულ გადაადგილების საშუალებაზე მუშაობს. ტრანსპორტის კონცეფცია მარტივია: დიდ, ერთმანეთზე გადაბმულ მილებში ვაკუუმი იქმნება, რომელშიც ტრანსპორტი მაგნიტების მეშვეობით, ზედაპირთან შეხების გარეშე გადაადგილდება, რაც ხახუნის პრობლემას აქრობს.
მსგავსი მაგნიტური ლევიტაციის მატარებლები გავრცელებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატარებლებს ლიანდაგთან ხახუნი ნაკლებად აფერხებთ, ჰაერის წინააღმდეგობა მაინც რთული დასაძლევია. Virgin Hyperloop-ის იდეა კი ისაა, რომ მილებში შექმნილი ვაკუუმი ჰაერის წინაღობასაც აქრობს.
Virgin Hyperloop-მა ახალი ტრანსპორტით კომპანიის ორი თანამშრომელი 500 მეტრიან სატესტო ბილიკზე 172 კმ/სთ-ით გაატარა. ეს საკმაოდ მაღალი სიჩქარეა, თუმცა Virgin-ში იმედოვნებენ, რომ მათი სატრანსპორტო საშუალება 1 000 კმ/სთ-ს მიაღწევს.
სარა ლუჩიანი კომპანიის მომხმარებელთა გამოცდილების დირექტორია, ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც "ვაკუუმის მატარებლით" იმოგზაურა. მისი თქმით, გამოცდილება "თვალწარმტაცი იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად".
პირველი მგზავრების თქმით, აჩქარება თავიდან ცოტა ტურბულენტური იყო იმიტომ, რომ ტრანსპორტს გადაადგილება მცირე მანძილზე უწევდა, თუმცა, 500 მეტრი ორივე მგზავრმა უვნებლად და მშვიდად გაიარა.
მსგავსი ტრანსპორტის მასობრივი იმპლემენტაციის ერთ-ერთი პიონერი ილონ მასკი იყო. ზოგი კრიტიკოსი ამბობს, რომ გადაადგილების ეს საშუალება სამეცნიერო ფანტასტიკა უფროა, ვიდრე რეალურად პრაქტიკული რამ.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ლევიტაციის მატარებლის სიჩქარის რეკორდი 2015 წელს, იაპონიაში დამყარდა, როცა იაპონურმა მატარებელმა 602 კმ/სთ-ს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ Virgin Hyperloop-ის სამომავლო გეგმები ამბიციურია, კრიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ქალაქებში მსგავსი "ვაკუუმიანი მილების" სისტემების გაკეთებას დიდი რესურსი და ძალიან ბევრი დაგეგმარება სჭირდება. საკითხავია, მიიღებს თუ არა კომპანია ამის გაკეთების უფლებას და საკითხავია, როგორ მოხდება მსგავსი ტრანსპორტის რეალიზება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები