როგორ განმარტავენ შეცდომით დაწერილ ოქმებს საარჩევნო კომისიის თანამშრომლები
დაძაბული წინასაარჩევნო გარემო, ხმაური და დაპირისპირება საარჩევნო უბნებთან, შეიარაღებული პირები და დაშავებული ჟურნალისტები — ასე წარიმართა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციები ამომრჩევლის ნების კონტროლსა და ხმის დათვლის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ, ოპოზიცია კი არჩევნების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.
ნაწილობრივ შეგუებული ვართ იმ ფაქტს, რომ არჩევნები ხმაურიანი და დაძაბული პროცესია, თუმცა წელს, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახალი თავსატეხი გაგვიჩნდა —უცნაური უზუსტობები შემაჯამებელ ოქმებში. აღმოჩნდა, რომ არაერთ ოლქში კონკრეტულ პარტიასა თუ კანდიდატს იმაზე მეტი ხმა აქვს "მიღებული", ვიდრე რეგისტრაციაგავლილი ამომრჩევლების რაოდენობაა, ოქმების ნაწილი კი საერთოდაც ყველა წესის დარღვევითაა შედგენილი.
ცდომილებისა და შეცდომების გამოსწორება საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტებითი ბარათებით სცადეს. ცესკო-ს ვებგვერდზე ათეულობით ასეთი განცხადება იძებნება. On.ge-მ ეს დოკუმენტები შეაგროვა და შეისწავლა, რა მიზეზით ამართლებდნენ კომისიების წარმომადგენლები შეცდომებს. ზოგი შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ზოგი კი, უბრალოდ, დაუჯერებლად. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხშირად შინაარსი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
უმრავლესობა ოქმების შევსებისას დაშვებული შეცდომების მიზეზად დაღლილობას ასახელებს, თუმცა შეხვდებით საუბარს სტრესულ გარემოზეც, გაღიზიანებაზე, ამომრჩეველთა უწყვეტ ნაკადზე და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეზინის ხელთათმანებზეც. არიან ისეთებიც, ვინც თითოეული ამომრჩევლის ხელმოწერას, ზედმეტ ბიულეტენს, 5 წუთის სხვაობასაც კი ზედმიწევნით აღწერენ, ბოდიშს იხდიან, თავს არ იმართლებენ და შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას ითხოვენ.
ზედმეტი ბიულეტენები "დაძაბული გარემოს" გამო
კომისიის ერთმა წევრმა ამომრჩეველს შემთხვევით 1 ზედმეტი ბიულეტენი მისცა, მეორემ კი 2. საინტერესოა, "შემთხვევით" გადაყოლილ ბიულეტენს "შემთხვევით" კონვერტიც ხომ არ მიჰყვა და საბოლოოდ, ოქმში "შემთხვევით" რომელიმე პარტიას ზედმეტი ხმები ხომ არ დაუფიქსირდა, რასაც შეიძლება "შემთხვევითი" შედეგი გამოეწვია.
რამ გააღიზიანა კომისიის წევრები ისანში?
ისნის მაჟორიტარულ ოლქში დაძაბული სიტუაცია მოსალოდნელიც იყო — აქ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე და ოპოზიციის საერთო კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ერთმანეთსა და მმართველი პარტიის წარმომადგენელს უწევდნენ კონკურენციას. შეიძლება, დამკვირვებელი, რომელიც კომისიის წევრის თქმით, ჩქარობდა, გიორგი ვაშაძის სწრაფადმოსიარულე კლიპის მონაწილე იყო, მაგრამ შეცდომით დაწერილი ოქმის ასლის წაღება ალბათ არ ეჩქარებოდა. საინტერესოა, რამდენი ამომრჩევლის ხმა გაბათილდა კომისიის წევრის გაღიზიანების გამო.
"ცნობილი სიტუაციის" გამო არეული ციფრები
როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა უბანზე კომისიის წევრებს ციფრებთან შეჭიდება მარტივად არ გამოუვიდათ, ან "გადაღლილობის გამო" გრაფები აერიათ. ისინი ითხოვენ, მათიც გავიგოთ, განსაკუთრებით ისნის ოლქის კომისიის წევრი, რომელიც განმარტავს, რომ შეცდომა ჩვენ მიერ ზევით აღწერილმა "ცნობილმა სიტუაციამ" გამოიწვია.
დამნაშავე ხელთათმანი
On.ge-ს რედაქციამ სცადა დაედგინა კავშირი ხელთათმანს, ბეჭედსა და ხელმოწერას შორის, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
უცნაური მათემატიკა მთაწმინდაზე
შეცდომის მიზეზს რომ თავი დავანებოთ, საკითხავი ის არის, 2 800 წერია ნაცვლად 1 400-სა თუ პირიქით. თუმცა ცდომილება რიცხვებში იმდენად "მცირეა", შეგვიძლია არ ვიღელვოთ, მით უფრო, თუ "გამოწვეული იყო გადაღლილობის ნიადაგზე".
"მოგეხსენებათ, რომ ჩემ მიერ მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შეადგენს 1 400 ცალს. ჩემ მიერ გადაღლილობის გამო შემაჯამებელ ოქმში #5 გრაფაში მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, მომივიდა ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად 1 400-ისა ჩავწერე 1 000. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ფაქტი" — კომისიის მდივანი.
სამაგიეროდ, აქ ზუსტად ვიცით, რომ 1 000 ჩაიწერა ნაცვლად 1 400-სა. "ტექნიკურ" შეცდომაზე რაღა უნდა ითქვას? — 400 ბიულეტენი არც აქეთ, არც იქეთ?!
როგორ მოხვდა ლელოს ხმები ქართულ მარშთან?
ეს, ალბათ, მართლა შეეშალა — ლელოს საარჩევნო ნომერი 55-ია, ქართული მარშის კი, 56. იდეოლოგიურ განსხვავებებზე არაფერს ვიტყვით.
ოქმები თარიღის, ბეჭდის, ნომრის, ხელმოწერის გარეშე
სხვა რა შეცდომა შეიძლება დაუშვას კომისიის წევრმა? თუმცა, მეორე ტური წინაა... აქ საინტერესო ისაა, რომ როგორც აღმოჩნდა, გულმავიწყობა მხოლოდ ერთი წევრის პრობლემა არ არის.
უცნაურ ვითარებაში შეცვლილი მონაცემები
როგორც ყველა ბოლო არჩევნებზე, მარნეულში ხმაურს 31 ოქტომბერსაც ველოდით, თუმცა გაურკვეველ ვითარებაში შეცვლილი მონაცემები მაინც უცნაურია.
მზრუნველობა სიზუსტის ფასად
ისნის კომისიის მდივანი ამავე კომისიის თავმჯდომარეს მზრუნველობის გამო დაშვებული შეცდომის გამოსწორების უფლებას სთხოვს. როგორც განმარტავს, შეცდომა გამოწვეული იყო მისი სურვილით, კომისიის წევრები ადრე გაეშვა სახლში, რადგან "საკმაოდ გვიანი" იყო. იმედს ვიტოვებთ, ამის უფლება მისცეს და მადლობაც გადაუხადეს.
და ბოლოს... ბონუსი
გგონიათ, ოქმებში ცდომილების ყველა მიზეზი უკვე წაიკითხეთ? სულაც არა. აი, მაგალითად, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე შეცდომებს კომისიის "დაუტრენინგებელ წევრებს" უკავშირებს. ცესკოს თავმჯდომარის თქმით კი, პანდემიის გამო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კომისიის წევრების ჩანაცვლება უწევდათ, რაც პროცესზეც აისახა.
ამას გარდა, ცესკო კიდევ ერთ განმარტებას გვთავაზობს. მათი თქმით, რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. უწყების განმარტებით, ეს იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ოქმების დისბალანსი საარჩევნო უბნების 8 პროცენტზე დაფიქსირდა. მათივე განცხადებით, ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, კერძოდ, მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4,1%-ზე ნაკლები.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს უკვე 5 დღეა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებს. კვირას, 8 ნოემბერს რუსთაველზე აქციაც დაიგეგმა. პარტიებში აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ.
კომენტარები