ვიცდი და მტკივა — სიტყვებსა და ფოტოებში ასახული სილვია პლათის ტრაგიკული ცხოვრება
"ალის შმაგ ენებს შორისაც შეიძლება ოქროს ლოტოსი დაირგოს" — ძველინდური ეპოსის, ბჰაგავად გიტას ეს ფრაზა ამერიკელი მწერლის, სილვია პლათის, საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფიაა. აღმოსავლურ კულტურაში ლოტოსის ყვავილი სიწმინდის, ცოდნის, აღდგენისა და ხელახლა დაბადების სიმბოლოა — ყველაფერ იმის, რაც გარკვეულწილად ახასიათებს პლათის უჩვეულო, ამაღელვებელ და გულშიჩამწვდომ პოეზიას.
პლათი სულ რაღაც 30 წლის იყო, როცა საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ დრომდე მას არაერთ შინაგან თუ გარე მტერთან შებრძოლება მოუხდა და ეს ყველაფერი სულისშემძვრელად ასახა ლექსებსა და ერთადერთ რომანში — ზარხუფი.
ზარხუფი რომ ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია და ესთერ გრინვუდიც პლათის პროტოტიპია, ეს საზოგადოდ ცნობილი ამბავია. შედარებით უცნობი და ჩახლართული ისტორიაა, სილვიას ურთიერთობა პოეტ ტედ ჰიუზთან — მისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულთან, რომელსაც მკითხველების უმეტესობა პლათის სიკვდილში ადანაშაულებს.
პლათმა ჰიუზი 1956 წელს გაიცნო. ამ დროს მას უკვე დასრულებული ჰქონდა კოლეჯში სწავლა, სადაც წარმატებული სტუდენტი იყო — კონკურსიც კი მოიგო, რის გამოც ზაფხულის არდადეგებზე ერთი თვით ნიუ-იორკში გაგზავნეს ქალების ჟურნალის რედაქციაში სამუშაოდ — ზუსტად ისე, როგორც გრინვუდი ზარხუფში — თუმცა ნიუიორკული გამოცდილება მისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო მოგონებებთან დაკავშირებული არ ყოფილა. 1953 წელს მან პირველად სცადა თვითმკვლელობა. პოეტი გადარჩა, თუმცა მოგვიანებით წერდა, რომ ამ მომენტში იგი "ნეტარებით იძირებოდა წყვდიადის მორევში, რითაც, მისი რწმენით, სამუდამო დავიწყებას ეძლეოდა".
ლექსში წლები გარდა იმისა, რომ პლათის დამოკიდებულება ჩანს რელიგიისა და ღმერთის ფიგურისადმი — რომელიც პოეტის ლექსებში მამრობითი სქესის მოძალადეა — ასევე წარმოჩენილია მისი ფემინისტური ხედვა და შეუგუებლობა მასკულინურ სამყაროსთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სილვიას რელიგიურ ხედვაზე დიდი გავლენა იქონია მამის ადრეულ ასაკში დაკარგვამ.
სამაგიეროდ, "ღვთიური მძვინვარების ხმა", როგორც ამას თავად უწოდებდა, პლათმა ჰიუზისგან გაიგონა. ტედის რამდენიმე ლექსი პლათს ჟურნალში ჰქონდა წაკითხული და მასთან შეხვედრა გულით სურდა. ერთმანეთისადმი მიძღვნილი რამდენიმე ლექსის შემდეგ ჰიუზმა და პლათმა იქორწინეს, ერთი წლის შემდეგ კი წყვილი შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც პლათმა იმ კოლეჯში დაიწყო სწავლება, რომელიც თავად დაამთავრა.
აშშ-ში გატარებული ორი წლის შემდეგ პოეტების ოჯახი ინგლისში დაბრუნდა, სადაც 1960 წელს პირველი შვილი — ფრიდა ჰიუზი — შეეძინათ. იმავე წელს პლათმა პირველი პოეტური კრებული, კოლოსი, გამოაქვეყნა. ორი საცხოვრებლის გამოცვლის, მეორე ორსულობისას მუცლის მოშლის და საბოლოოდ, უმცროსი შვილის, ნიკოლასის, დაბადების შემდეგ წყვილი ლონდონის ერთ-ერთ სამეზობლოში დაბინავდა ნაქირავებ ბინაში, რომელიც ასია და დევიდ ვევილებს ეკუთვნოდათ. დევილ ვევილი ასევე პოეტი გახლდათ, რომელიც ასიასთვის მესამე ქმარი იყო. თავად ასია კი, ებრაელი ქალი იყო, რომელიც ნაცისტებს გაექცა. ბედის ირონიით, მისი მეორე სახელი ესთერი იყო. სწორედ ასია ესთერი გახდა ჰიუზების ოჯახში ბზარის გაჩენის მიზეზი.
1962 წელს საავტომობილო ავარიაში მოყოლილმა პლათმა აღმოაჩინა, რომ ასიას და ტედს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ოჯახის დანგრევის მოტივი სწორედ ფარული ღალატი აღმოჩნდა.
"მსუბუქად ბინძური, ეროტიკული მისტერიით" შემოსილი ასია ჰიუზის გატაცება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ტედმა იცოდა როგორც პლათის მენტალური არასტაბილურობის შესახებ, ასევე მისმიერ სიყვარულზე, რომანის დაწყებაზე არ უყოყმანია. ლექსში მეოცნებენი იგი წერს, რომ მან "ასიაში მეოცნებე დაინახა, რომელსაც იგი შეუყვარდა და ამის შესახებ არ უწყოდა, სწორედ ამ მომენტში კი ჰიუზში მცხოვრებ მეოცნებეს ქალი შეუყვარდა და ეს უწყოდა".
პლათის გარდაცვალებისას ასია ჰიუზისგან უკვე პირველ შვილს ელოდებოდა, თუმცა ქმრის ყოფილი ცოლის სუიციდის შეტყობიდან მალევე მან აბორტი გაიკეთა. იგი მოგვიანებით ჰიუზსაც ეხმარებოდა ფრიდასა და ნიკოლასის გაზრდაში და არც სილვიას კუთვნილი ნივთების გამოყენებაზე ამბობდა უარს.
მეოცნებეების ვნების მიუხედავად სიყვარული წარმატებული ვერ გამოდგა. პლათის გარდაცვალება და მისი დატოვებული სახელი მუდამ ჩრდილში აქცევდა ასიას, ჰიუზმა კი მექალთანეობა არ მოიშალა და ერთ-ერთ დაქორწინებულ ნაცნობთან გააბა რომანი, შემდეგ ოცი წლით უმცროსს მედდასთან, რომელთანაც მოგვიანებით იქორწინა კიდეც. ამ ყველაფერს ვერ გაუძლო ასიამ, 1969 წლის მარტში ზუსტად ისე დაასრულა სიცოცხლე, როგორც პლათმა — გაზის ღუმელი გამოაღო და მასთან ერთად თავისი და ჰიუზის ოთხი წლის შვილიც გაგუდა. ჰიუზს არც ასიას სიკვდილისთვის დაუნანებია ერთობ გულისამაჩუყებელი ლექსები, რომელთა წაკითხვისას, რთულია, არ დაიჯერო, რომ მისი ავტორი დანაშაულს არ ნანობს, თუმცა რამდენიმე თვეში ჰიუზმა სხვა ქალზე იქორწინა.
რაც შეეხება პლათს, პოეტის ცხოვრება სწორედ ჰიუზისა და ასიას სიყვარულმა გახლიჩა კვლავ. მივიწყებულმა დეპრესიამ და შფოთვამ პოეტს თავი შეახსენა. იგი ლონდონში დაბრუნდა და ნაქირავებ ბინაში ორ შვილთან ერთად დაიწყო ცხოვრება. მარტოხელა დედას ბევრი სირთულის გადატანა მოუხდა — ცივი ზამთრის გამო ბავშვები ხშირად ავადმყოფობდნენ — თუმცა დედის საქმეებს პლათისთვის ხელი არ შეუშლია, თავისი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში არაერთი ლექსი შეექმნა, სადაც საკუთარ სულიერ მდგომარეობას შემაძრწუნებელი ზედმიწევნილობით ასახავდა. მოგვიანებით, ამ ლექსებს მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულ კრებულში — არიელი — მოეყარა თავი.
1963 წლის იანვარში პლათმა თავის მეგობარსა და ოჯახის ექიმს, ჯონ ჰორდერს, გაუმხილა, რომ დეპრესია და უძილობა ტანჯავდა, რის გამოც ათ კილოგრამამდე დაიკლო. ჰორდერმა მას ანტიდეპრესანტები გამოუწერა და მისი ჰოსპიტალიზაცია მოითხოვა, თუმცა პოეტმა სახლში დარჩენა დაიჟინა. რადგან ექიმი ხვდებოდა, რომ პლათს ამ დროისათვის ორი მცირეწლოვანი შვილის მოვლა უჭირდა, გადაწყვიტა, მისთვის მედდა დაექირავებინა, რომელიც ოჯახს ყოველდღიურად აკითხავდა და სილვიას ბავშვების მოვლაში ეხმარებოდა.
ორშაბათს, 11 თებერვალს, მედდა ჩვეულ დროს, დილის ცხრა საათზე მიადგა პლათის სახლს, თუმცა ბინაში შესვლა ვერ მოახერხა, თუმცა მეზობლის დახმარებით ბოლოს მაინც შეაღწია და პოეტი გარდაცვლილი იპოვა.
პლათმა თავი, სავარაუდოდ, გამთენიისას მოიკლა. გარდაცვალებამდე მან საგულდაგულოდ დაგმანა სამზარეულოს კარის ღრიჭოები, რომლის მიღმა ოთახშიც ფრიდას და ნიკოლასს ეძინათ, შემდეგ კი თავი გაზით გაიგუდა.
პოეტის მეგობრის თქმით, პლათის თვითმკვლელობა უპასუხოდ დარჩენილი შველის თხოვნა იყო. შუშის ზარხუფის ქვეშ მოქცეულ გოგოს, რომელსაც ძალიან სურდა, მის ცხოვრებაშიც მომხდარიყო კარგი ამბები და ოცნებობდა, გვერდში ისეთი ვინმე ჰყოლოდა, ვისთანაც სიღრმისეულ ლაპარაკს შეძლებდა, ვერავინ გაუგო. ყველაზე მეტად კი ტედ ჰიუზმა ვერ გაუგო ვერც მას და ვერც საკუთარს თავს. ჰიუზს არ შვილებზე უფიქრია — განსხვავებით ფრიდასგან, რომელიც დღესდღეობით წარმატებული პოეტი და მხატვარია, ნიკოლასს მთელი ცხოვრება ტანჯავდა დეპრესია, საბოლოოდ კი 2009 წელს სიცოცხლე მანაც თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, პლათის სიკვდილამდე სამი დღით ადრე დრამატული მოვლენების ჯაჭვი განვითარდა. მან ტედს წერილი მისწერა, სადაც ამბობდა, რომ ქვეყანას ტოვებდა და მას აღარასდროს ნახავდა. სილვიას ეგონა, რომ ტედი წერილს შაბათამდე ვერ მიიღებდა, თუმცა იგი ადრესატს ნაშუადღევს მიუვიდა და ანერვიულებული ჰიუზი პლათს სახლში დაადგა. წყვილს შელაპარაკება მოუვიდა, სილვიამ კი ქმარს წერილი ხელიდან გამოგლიჯა და დაწვა. მომდევნო დღეს, შაბათს, როცა პლათმა კიდევ ერთხელ დაურეკა ტედს, ყურმილი ტედის საყვარელმა, სიუზენ ელისტონმა, აიღო, რომელთაც ერთადაც ჰიუზმა ღამე იმ ბინაში გაატარა, სადაც შვიდი წლით ადრე ის და პლათი იმყოფებოდნენ. ელისტონის დღიურის ცნობით, როცა მან ყურმილი ტედს გადასცა, ჰიუზმა ცოლს უთხრა: "მარტივად მიუდექი, სილვი".
სილვია მარტივად არ მიდგომია. ორშაბათს ჰიუზს ცოლის სიკვდილი "საგანგებოდ შერჩეული იარაღივით ანდა განსაზღვრული მომაკვდინებელი ინიექციასავით" გულგრილად შეატყობინეს. ამ გამოცდილებას ტედი საკუთარ ლექსში, უკანასკნელი წერილი, აღწერს, სადაც სვამს სასოწარკვეთილ კითხვას "რა მოხდა იმ ღამეს, შენს ბოლო ღამეს?"
ჯონათან ბეიტი, რომელსაც ჰიუზის ბიოგრაფია აქვს დაწერილი, ამბობს, რომ თუმცაღა ტედის ცხოვრებაში არაერთი ქალი იყო, დანაშაულის გრძნობა მას ცხოვრების ბოლომდე არ ასვენებდა. სილვიას შემდეგ მას სამ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა ერთ-ერთ ლექსს იგი ამგვარად იწყებს: "რომელი საწოლი? რომელი პატარძალი? რომლის მკერდის კომფორტი?" — ბეიტი ამტკიცებს, რომ ჰიუზს გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, თუმცა მის ამგვარ ქცევას ორი პარტნიორი შეეწირა. მაშინ კი, როცა სილვია პლათი სიცოცხლის ბოლო საათებს ითვლიდა, მისი ქმარი მათ ძველ ბინაში დროს სხვა ქალთან ატარებდა.
"ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, რომ არა..." — ეს ფრაზა პლათის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად შეიძლება დაბოლოვდეს. თუმცა პოეტის სული და ემოცია ნამდვილადაა დაბოლოვებული მის მემკვიდრეობაში.
კომენტარები