ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, როგორც უპირატესობა ფინტექ ინდუსტრიაში
კონვეის კანონის მიხედვით, ნებისმიერი კომპანია სისტემების გამოყენებით იქმნება. ცხადია, არავის სურს, რომ მისი კომპანია რთულად ჩანაცვლებად, ნელ და ძვირადღირებულ სისტემებს ეფუძნებოდეს.
2020 წლის გათვალისწინებით, ღრუბლოვან გამოთვლებში ახალი არაფერია — იგი უზრუნველყოფს ხარჯების შემცირებას და აუმჯობესებს კომპანიებს შორის კოლაბორაციას.
არც ერთი ფინტექ კომპანია 2020 წელს არ დაფიქრდება იმაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მათი მონაცემთა ბაზა. ფინტექი, როგორც ინდუსტრია ერთი ნაბიჯით წინაა ამ საკითხში.
თუ გვსურს ბანკები ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით დავაინტერესოთ, საჭიროა ტაქტიკის შეცვლა. ნაცვლად იმისა, რომ დავარწმუნოთ ფინანსური ორგანიზაციები ამ გადაწყვეტის უპირატესობასა და სისწორეში, უმჯობესი იქნება შევთავაზოთ რეალური გზა, ყველა მართვადი რისკის გათვალისწინებით, რაც გაამარტივებს ახალ ინფრასტრუქტურაზე მიგრაციის პროცესს.
ფინანსური ორგანიზაციები ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გადასვლას არ ჩქარობენ — რატომ?
პირველ რიგში, მოძველებული სამუშაო აპლიკაციების ახალ გარემოში გადატანა ორგანიზაციას დიდი თანხების, დროისა და საჭირო გამოცდილების ფასად უჯდება, რისი გაღებაც, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, არავის სურს.
ასეთი სახით, მთავარი დაბრკოლება ხარჯია — მოკლევადიანი ხარჯი, რომელიც ქმნის ახალ ბიზნეს გამოცდილებას და მეტად ეყრდნობა ადამიანებს. გასაკვირი არცაა, რომ ხელმძღვანელებს უჭირდეთ წინასწარ ფულის ხარჯვა იმაზე, რასაც ხანგრძლივ პერსპექტივაში დადებითი გავლენა უნდა ჰქონდეს.
მიუხედავად ამისა, გლობალურმა პანდემიამ, გარკვეულწილად, გამოაფხიზლა ბიზნესი და მიგრაციისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას შეუწყო ხელი. დისტანციური სამუშაო რეჟიმის შედეგად დაზოგილი თანხების გამო, მიგრაციის იდეა სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს საბანკო დონის უსაფრთხოება. მოსაზრება, რომ თითქოს უსაფრთხოებისა და დაშიფრვის საკმარის დონეს ღრუბლოვანი ტექნოლოგიები ვერ უზრუნველყოფენ — საფუძველშივე მცდარია. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ კერძო „ღრუბელში“ განთავსებული მონაცემები უფრო მეტად დაცული, სხვა გზით, ვერ იქნება.
ასე რომ, წარმოდგენები, მართალია სასურველზე ნელა, მაგრამ მაინც იცვლება.
გამოსავალი — ნდობა
თუ მარეგულირებელი ორგანო მომხმარებელთა მონაცემების შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებლობას ბანკს აკისრებს, მაშინ საიმედო პარტნიორის მოძიება ფინანსური ორგანიზაციისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლოვანი ტექნოლოგიის მთელი ხიბლი IT გუნდისთვის ადმინისტრირების დატვირთვის შემცირებაში მდგომარეობს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღრუბელს მაინც ადამიანები მართავენ და შეცდომებისგან დაზღვეულები ვერ ვიქნებით.
ეს გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან კონტრაქტი შესაძლოა მორიგ დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს. ბანკებს, შესაძლოა, საკუთარი ღრუბლოვანი ტექნოლოგიის პროვაიდერთან ვრცელი და დეტალური ხელშეკრულება ჰქონდეს დადებული, თუმცა საბოლოოდ, მათ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა მაინც ბანკს ეკისრება.
რეგულაციები: დაბრკოლება თუ მხარდაჭერა?
რამდენიმე მასშტაბური საბანკო სისტემების გაუმართაობამ, ახალი წლის პერიოდში, ათასობით ადამიანი საბანკო მომსახურების გარეშე დატოვა. ამ ინციდენტმა რეგულაციების საკითხი უფრო აქტუალური გახადა, თუმცა, კარგია ეს თუ ცუდი — საკითხავიც ეს არის.
FCA-ს სამეთვალყურეო რეგულაცია კომპანიის გენერალურ დირექტორს აკისრებს ვალდებულებას, ჰქონდეს საკუთარი IT სტრატეგია და ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ CTO-ს არ ეკისრებოდეს. ამ რეგულაციიდან კარგად ჩანს, რომ რეგულაციებს ფინანსური ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. მართალია, აშშ-ში რეგულაციები ხშირად უფრო კომპლექსური და რთულია, თუმცა, თავად მარეგულირებელი ორგანო მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რაც საბოლოოდ, რეგულაციების დახვეწასა და გაუმჯობესებაში აისახება.
მარეგულირებელი ორგანოები, ასევე, აკვირდებიან იმას, თუ როგორ ახერხებს რისკების მართვას ფინანსური ორგანიზაცია და ხარისხობრივად, რამდენად მდგრადია მათი ბიზნესი. ერთ-ერთი ასეთი რისკი წარმოიშვება მაშინ, როცა რამდენიმე ორგანიზაცია ერთი და იმავე ღრუბლოვან სერვისს იყენებს — ამ დროს მომხმარებლების პირადი ინფორმაცია უფრო მოწყვლადია დანარჩენი ინტერნეტისთვის.
მსგავსი ინციდენტის დროს ბანკს საკუთარი მონაცემების მყისიერად დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ქონდეს, რაც პროვაიდერების დივერსიფიცირებით ხდება შესაძლებელი. თუ ბანკი შეძლებს და საკუთარი მონაცემებს ოპტიმალურად გადაანაწილებს რამდენიმე პროვაიდერთან და შემდგომ, ამას ერთმანეთთან უსაფრთხოდ დააკავშირებს — შეიქმნება უფრო დაცული გარემო სენსიტიური მონაცემების შესანახად. მნიშვნელოვანია, ბანკებმა შეძლონ და დატვირთვა რამდენიმე პროვაიდერს შორის გადაანაწილონ.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური ორგანიზაციები დღეს აქტიურად ეძებენ თანამოაზრეებს და ერთიანდებიან ხანგრძლივი პარტნიორობის მიზნით, რათა შექმნან რეგულაციების შესრულების ინოვაციური გამოცდილება. საბანკო ინდუსტრიაში უპირატესობა ფინტექ სტარტაპებზე გადის, რომლებსაც რეგულაციები არ ეხება. ასეთ დროს ბანკებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მხოლოდ ერთმანეთთან თანამშრომლობითა და შეტყობინებების გაცვლით შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა.
IBM-ის Bank of America-სთან თანამშრომლობა ამის ნათელი მაგალითია. ტექნოლოგიური კომპანიის პლატფორმამ ბანკს მისცა საშუალება მონაცემების უსაფრთხოება, მდგრადობა და კონფიდენციალობა საკუთარი საქმიანობის ქვაკუთხედად ექცია.
ღრუბლოვანი ტექნოლოგიის დანერგვის შემთხვევაში, როგორ გამოიყენებთ მას?
ბიზნეს საქმიანობაში ღრუბლოვანი ტექნოლოგიის გამოჩენა ყველაფერს რადიკალურად ცვლის. ინფრასტრუქტურის ღრუბლოვან პლატფორმაზე გადატანა ავტომატურად ვერ მოგანიჭებთ უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში. აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ იყენებთ აღნიშნულ ტექნოლოგიას.
ვინაიდან სულ უფრო მეტი კომპანია მიმართავს ფინანსურ სერვისებს, რომლებიც SaaS (პროგრამა, როგორც სერვისი) მეთოდს ეფუძნება — ამ ტექნოლოგიის გამოყენება ტრადიციულ ბანკს მრავალ უპირატესობას აძლევს.
როცა ტექნოლოგია მძლავრ, პერსპექტიულ და სტრატეგიულ კონკურენტულ უპირატესობად იქცევა — იცვლება მიდგომები და ბიზნესის ქცევა.
გარდა ამისა, ჩვენ ვერ გავექცევით მომხმარებელთა მუდმივ ზრდას. ადამიანებს სურთ მიიღონ საუკეთესო ფინანსური პროდუქტები, 24/7-ზე. აქედან გამომდინარე, ბანკმა ღრუბლოვანი ტექნოლოგია საკუთარი მუდმივი ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად უნდა აქციოს.
კომენტარები