რუსმა ფოტოგრაფმა, სერგეი გორშკოვმა წლევანდელი ფოტონადირობის ჯილდო მიიღო სურათისთვის, რომელზეც "დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა ასახული და რომლის გადაღებაც საოცარ უნარსა და გამართლებას მოითხოვს". გორშკოვმა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ტყეებში მცხოვრები ციმბირული, იგივე ამურის ვეფხვი გადაიღო, რომელიც ხეს ეხუტება. მდედრი ცხოველი ამგვარად მისი სუნის დატოვებასა და ლეოპარდის ეროვნულ პარკში ტერიტორიის მონიშვნას ცდილობს

"განათება, ფერები, ტექსტურა — ზეთში შესრულებულ ტილოს ჰგავს", — ამბობს ფოტონადირობის ჯილდოს ჟიურის თავჯდომარე როზ კიდმან-კოქსი, — "ისე ჩანს, თითქოს ვეფხვი ტყის ნაწილი იყოს, მისი კუდი კი ხის ფესვი გეგონება".

ფოტო: Sergey Gorshkov / WPY2020

ყველაზე საოცარი ისაა, რომ სურათი ფოტოხაფანგის გადაღებულია. აპარატი ტყეში დატოვეს, რომ ვეფხვის გამოჩენისთანავე მისი სურათი ავტომატურად აღებეჭდა. რასაკვირველია, სერგეიმ ის ადგილი იცოდა, სადაც ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი ცხოველის გამოჩენა — სწორედ ეს მეტყველებს ფოტომონადირის ოსტატობაზე.

აღმოსავლეთ რუსეთის ვეფხვების პოპულაცია ბრაკონიერობის შედეგად თითქმის გადაშენების პირამდე მივიდა და დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე ასეულ ინდივიდს მოიცავს. მათი საკვები კი, რომელიც ძირითადად ირემსა და გარეულ ღორს მოიაზრებს, ასევე მცირდება, აქედან გამომდინარე, ამურის ვეფხვებს, სავარაუდოდ, დიდ დისტანციაზე გადაადგილება უხდებათ ნადავლის მოსაპოვებლად.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ციმბირული ვეფხვების ფოტოს გადაღება მეტად რთულია, რაც სერგეის ნამუშევარს კიდევ უფრო ეგზოტიკურად აქცევს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოხაფანგი მინდორზე ათი თვის განმავლობაში იყო დატოვებული, შემდეგ კი მეხსიერების ბარათიდან გამარჯვებული ფოტოს ფაილის აღდგენა მოხერხდა.

ბუნების ისტორიული მუზეუმის ორგანიზებული კონკურსი წლეულს 56-ედ გაიმართა. ფოტონადირობის ჯილდოს წლევანდელი გამარჯვებულები კემბრიჯის ჰერცოგინიამ და ტელეწამყვანებმა, კრის პეკჰემმა და მეგან მაკაბინმა, ონლაინეთერის საშუალებით გამოაცხადეს. როგორც წესი, დაჯილდოების ცერემონია სამხრეთ კენსიგტონში იმართება, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მისი სხვა ფორმატით ჩატარება გადაწყდა. მომავალი წლის კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია ორშაბათიდან დაიწყება, ქვემოთ კი ფოტონადირობის წლევანდელი ჯილდოს სხვა კატეგორიებში გამარჯვებულ გამორჩეულ ნამუშევრებს წარმოგიდგენთ.

მელა, რომელმაც ბატი დაიჭირა, ლიინა ჰეიკინენი, ფინეთი

ფოტო: LIINA HEIKKINEN / WPY2020

პატარა მელას მიერ პირით ჩაბღუჯული ბატის ფოტომ ფინელ მოზარდს, ლიინა ჰეიკინენს, არა მხოლოდ 15-დან 17 წლამდელთა კატეგორია მოაგებინა, არამედ ახალგაზრდა ფოტოგრაფების გრან-პრიც ერგო. კუდაგრძელია ნადავლს ნაპრალში იმიტომ ჩაჰყვა, რომ მისი და-ძმებისთვის დაესწრო.

"ჟიურის კონკრეტულად ეს ნამუშევარი იმიტომ მოეწონა, რომ მასში ახალგაზრდა ნატურალისტის მახვილი თვალით დანახული სცენაა ასახული", — ხსნის როზ კიდმან-კოქსი, — "კომპოზიცია უმშვენიერესია, ლიინა ალბათ მიწაზე იწვა, რადგან მელას თვალს უსწორებს".

პოზა, მოგენს ტროლი, დანია

ფოტო: MOGENS TROLLE / WPY2020

პატარა ცხვირა მაიმუნის პროფილის ფოტო ფოტონადირობის წლევანდელი ჯილდოს გამარჯვებულია პორტრეტების კატეგორიაში. ფოტო ცხვირა მაიმუნების თავშესაფარშია გადაღებული კუნძულ კალიმანტანზე. მაიმუნის ცხვირუკა ასაკის მატარებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება, რათა მის მიერ გამოცემულ ხმას ომახიანობა არ აკლდეს. ჯგუფში მაიმუნის სტატუსს კი სწორედ ხმის რიხიანობა განსაზღვრავს.

ეტნას ცეცხლოვანი მდინარე, ლუჩიანო გაუდენციო, იტალია

ფოტო: LUCIANO GAUDENZIO / WPY2020

ფოტონადირობის ჯილდოს კონკურსში მხოლოდ ცხოველთა ფოტოგრაფები არ მონაწილეობენ. ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანის ჩრდილოეთით გადაღებული ეს ფოტო დედამიწის გარემოს კატეგორიის გამარჯვებული გახდა. ლუჩიანო გაუდენციოს გადასაღებ ობიექტთან სარისკოდ მიახლოება მოუხდა, რათა ეს სურათი გადაეღო. მისი თქმით, სცენა მომნუსხველი იყო, ხოლო გაწელილი წითელი მდინარე ისე მოჩანდა, "თითქოს უზარმაზარი დინოზავრის დანაოჭებულ კანზე გაჩენილი ნაიარევი ყოფილიყოს".

გაწონასწორებული ცხოვრება, ხაიმე კულებრასი, ესპანეთი

ფოტო: JAIME CULEBRAS / WPY2020

ეგრეთ წოდებული შუშის ბაყაყი, რომელიც ობობას გეახლებათ, ამფიბიებისა და რეპტილიების კატეგორიის გამარჯვებულია. კულებრასმა ეს ფოტო ეკვადორის მანდურიაკუს რეზერვაციაში გადაიღო კოკისპირული წვიმისას, ამიტომ მას ერთ ხელში ქოლგისა და განათების, მეორე ხელში კი კამერის დაკავება მოუხდა.

ორი კრაზანის ცხოვრება, ფრანკ დეშანდოლი, საფრანგეთი

ფოტო: FRANK DESCHANDOL / WPY2020

ნორმანდიაში გადაღებულ ფოტოზე ამ სცენის აღსაბეჭდად სპეციალურად შექმნილი უსწრაფესი ჩამკეტის მქონე აპარატი იქნა გამოყენებული. წითელკუდა ქვიშის კრაზანა (მარცხნივ) და გუგულკრაზანა ბუდეში შეფრენას აპირებენ. ფრანკ დეშანდოლის ფოტონამუშევარი უხერხემლოების კატეგორიის გამარჯვებული გახდა.

ოქროს მომენტი. სონგდა ქაი, ჩინეთი

ფოტო: SONGDA CAI / WPY2020

ქაის ფოტო 2020 წლის ჯილდოს წყალქვეშა კატეგორიის გამარჯვებული გახდა. მასზე ეგრეთ წოდებული ბრილიანტისზურგა კალმარია გამოსახული, რომელიც პარალარვას პერიოდში იმყოფება — უკვე გამოჩეკილია, თუმცა მოზრდილობამდე ბევრი უკლია და სიგრძეში მხოლოდ 6-7 სანტიმეტრს შეადგენს. ქაიმ ფოტო ფილიპინებში, ანილაოს ნაპირებთან წყალში ყვინთვისას გადაიღო.

როცა დედა გეუბნებათ, გაიქეცითო, შანიუან ლი, ჩინეთი

ფოტო: SHANYUAN LI / WPY2020

ფოტოზე მანულის ლეკვები არიან ასახულნი. ამ სახეობას ჩინეთის ჩრდილოდასავლეთით, ცინხაი-ტიბეტის პლატოზე ვხვდებით. ფოტო ლიმ ცხოველების ექვსწლიანი შესწავლისა და კვლევის შემდეგ გადაიღო და ძუძუმწოვართა კატეგორიის გამარჯვებული გახდა.