ევოლუცია გრძელდება - ჩვენს სხეულებში ახალი არტერია ყალიბდება
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი გზა, რომლითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანებში ევოლუციის პროცესი ისევ გრძელდება.
დაბადებამდე ჩვენს ორგანიზმში ვითარდება მედიანური არტერია, რომელიც მკლავებში გადის და ხელებს სისხლით ამარაგებს. გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანთა უმრავლესობაში, საშუალო არტერია ქრება და მის ადგილს ორი ახალი არტერია იკავებს. სექტემბერში, ანატომიის ჟურნალში გამოსული კვლევა გვიჩვენებს, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ასაკის ზრდის შემდეგაც ინარჩუნებენ მედიანურ არტერიას, სულ მცირე მე-18 საუკუნიდან დღემდე მოყოლებული იზრდება, რაც იმის სამხილს წარმოადგენს, რომ ჩვენი სახეობა კვლავ განაგრძობს ახალი ბიოლოგიური თვისებების გამომუშავებას.
"თანამედროვე ადამიანებში მიმდინარე მიკროევოლუცია კარგი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ ეს პროცესი ისევ უწყვეტად მიმდინარეობს, რადგან ბოლო დროს დაბადებულ ადამიანებში ეს არტერია ბევრად უფრო გამოკვეთილად შეიმჩნევა, ვიდრე წინა თაობებში," - ამბობს ადელაიდას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ანატომიის სპეციალისტი და ავტორი - მაკიეი ჰენებერგი.
არსებული ჩანაწერებისა და ადამიანების გვამების ანალიზის შედეგად, ჰენენბერგის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 1880-იან წლებში დაბადებულ ადამიანთა მხოლოდ 10 %-ს შეუნარჩუნდა საშუალო არტერია, XX საუკუნის ბოლო ხანებში დაბადებულ ადამიანებში კი ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა. ამ რიცხვებზე დაყრდნობით ჯგუფმა დაასკვნა, რომ ეს ევოლუციის ყველაზე სწრაფი ტემპია, რაც უკანასკნელი 250 წლის მანძლიზე გამოგვივლია.
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რაც მოსალოდნელიცაა, საშუალო არტერიის ქონა ადამიანებში არა გამონაკლისი, არამედ ნორმა გახდება. რა თქმა უნდა ეს შესანიშნავია, მაგრამ იგი გარკვეულ სირთულეებსაც გამოიწვევს, რადგან საშუალო არტერია დაკავშირებულია მაჯის არხის სინდრომის მტკივნეულ შემთხვევებთან.
"მოზარდებში საშუალო არტერიის გახშირება შესაძლოა გამოეწვია გენურ მუტაციებს ამ არტერიაში, დედებში ორსულობის დროს განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემებს, ან ორივეს ერთად," - წერს კვლევის თანაავტორი და ფლინდერსის უნივერსიტეტის ანატომი და არქეოლოგი, თეგან ლუკასი. "თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, 2100 წლისთვის ადამიანთა უმრავლესობას მკლავში საშუალო არტერია ექნება.“
კომენტარები