ათენში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობასთან, სადაც სააკაშვილი მივიდა უცხო პირები გამოჩნდნენ, რომლებმაც ფიზიკური დაპირისპირება სცადეს. შეხვედრამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა პროვოკაციების მოლოდინი.

სააკაშვილის განცხადებით, დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ქალი. მისივე თქმით, პოლიციამ გაზი გაუშვა და შედეგად რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა.

შეხვედრაზე სააკაშვილი ისევ დაპირდა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას. მანვე აღნიშნა, რომ ამ შეხვედრისას "საქართველოს ნაწილს ჩაეხუტა" და მალე მთელ საქართველოს ჩაეხუტება.

სააკაშვილს ათენში რამდენიმე ასეული მხარდამჭერი დახვდა. ვიდეოებში ჩანს, რომ ისინი ყოფილ პრეზიდენტს ეხუტებიან და მის სახელს სკანდირებენ. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამას ოპონენტები ბელადისადმი აღტაცებას დაარქმევენ, თუმცა ეს სიმართლე არ არის, რადგან ხალხი მას ასე თბილად ხვდება, რადგან თვითონაც თბილ დამოკიდებულებას იჩენს მათდამი.