ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი 2001 წელს განქორწინდნენ, თუმცა დღემდე ჰოლივუდის ამ ორი ვარსკვლავის უერთიერთობა მრავალი განხილვის საგანია.

ოსკაროსანი ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან ქორწინებას იშვიათად იხსენებს, თუმცა 5 ოქტომბერს New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან ეს წარსული ურთიერთობაც შეაფასა.

როგორც ბევრმა იცის, წყვილი სტენლი კუბრიკის უკანასკნელ ფილმში — ფართოდ დახუჭული თვალები (Eyes Wide Shut) ასევე ცოლ-ქმრის როლს თამაშობს, რომელთაც კრიზისული პერიოდი უდგათ. დღემდე მრავალი მაყურებელი მიიჩნევს, რომ ეკრანზე გაცოცხლებული გამოგონილი პერსონაჟების ცხოვრება ნიკოლისა და ტომის რეალურ ურთიერთობას შეესაბამება.

დაახლოებით იგივე ჰკითხა კიდმანს ჟურნალისტმა დევიდ მარჩესმა: "ფილმში შენს პერსონაჟს აქვს მონოლოგი, სადაც ღალატზე საუბრობს და ტომ კრუზის პერსონაჟს ეუბნება, რომ, "ლამის ყველაფერზე ხელი აიღო". ეს სიტყვები დაგროვილ ბრაზსა და აგრესიას გამოხატავს. თუ ამის გათამაშება იმ პირთან გიწევს, ვისზეც თავად რეალურად ხარ დაქორწინებული, შეიძლება ამან ის უარყოფითი ემოციები ამოხეთქოს, რაც მანამდე იყო დაგროვილი?"

ნიკოლ კიდმანმა ამ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

"ბევრი ფიქრობს ამას, თუმცა მე არ მგონია ასე. იმ დროს ჩვენ ბედნიერი წყვილი ვიყავით. გადაღებების შემდეგ სპორტული სარბოლო მანქანებით ვსეირნობდით. სპეციალური ადგილი გვქონდა და დილის სამამდე გაგვყავდა დრო. არ ვიცი, მეტი რა შეიძლება ვთქვა. შეიძლება, აღარ შემრჩა უნარი, რომ წარსულში დავბრუნდე და მოგონებები გავაღვიძო. ან უბრალოდ ამის სურვილიც არ მაქვს".

ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი სტენლი კუბრიკთან ერთად ფილმის ფართოდ დახუჭული თვალები გადაღებებზე.

ფოტო: Warner Bros. / Manuel Harlan.

მსახიობმა კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ რეჟისორთან, სტენლი კუბრიკთან თანამშრომლობის გამოცდილებაზეც ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან გვსიამოვნებდა მასთან მუშაობა. ამ ფილმს თითქმის ორი წლის განმავლობაში ვიღებდით. ამ პერიოდში ორი შვილი გვყავდა და ძირითადად პატარა ვაგონში ვცხოვრობდით. ხშირად ვაკეთებდით სპაგეტის, რადგან სტენლის ჩვენთან ერთად ჭამა მოსწონდა. უდიდეს კინორეჟისორთან ვთანამშრომლობდით და ამავდროულად ჩვენს ცხოვრებას ვეცნობოდით, გადაღებების გამოცდილებით კი კმაყოფილი ვიყავით. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ეს პროცესი სამ თვეში დასრულდება, თუმცა ერთი, ლამის ორი წელი გაგრძელდა გადაღებები. რაც უფრო ვაცნობიერებ იმას, თუ რა გამოვიარე, ვხვდები, რომ შესანიშნავი დრო გავატარე".

ბევრი მიიჩნევს, რომ კუბრიკი "რთული" პიროვნება იყო, თუმცა ნიკოლ კიდმანი მას მხოლოდ სასიამოვნოდ იხსენებს:

"სტენლი სულაც არ იყო აუტანელი. ის უბრალოდ დაძაბული იყო, რადგან ბევრი რამის მოსწრება სურდა. მაგრამ დროს მაინც გამონახავდა ხოლმე, რომ მისი ოფისის იატაკზე ჩამოვმსხდარიყავით და ცხოველების შესახებ ვიდეოები გვენახა. ის ამბობდა, რომ ცხოველები ადამიანებზე უკეთესი არსებები არიან. მახსოვს, ერთხელ ველური ბუნების შესახებ ვუყურებდით რაღაცას და როცა ლომი ანტილოპას დაედევნა, მას ამის ყურება გაუჭირდა".

შეგახსენებთ, რომ სტენლი კუბრიკი 1999 წელს წელს გარდაიცვალა, მცირე ხნით ადრე, სანამ ფილმის ფართოდ დახუჭული თვალები პრემიერა შედგებოდა.

რაც შეეხებათ ტომ კრუზსა და ნიკოლ კიდმანს, როგორც უკვე ვახსენეთ, ისინი 2001 წელს დაშორდნენ. კრუზმა კეტი ჰოლმსზე 2006 წელს იქორწინა: ზუსტად იმავე წელს, როცა კიდმანმა ქანთრის მომღერალ კიტ ურბანზე იქორწინა.

კრუზი და ჰოლმსი 2012 წელს განქორწინდნენ.