ფეისბუქი ევროკავშირს ბაზრიდან გასვლით ემუქრება
ფეისბუქის განცხადებით, თუ კომპანიას მონაცემების აშშ-ში განლაგებულ სერვერებზე გადაგზავნა აეკრძალება, კომპანია ევროპის ბაზრიდან გავა. ფეისბუქი ევროპელ რეგულატორებს უსამართლობასა და მიკერძოებულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ ფეისბუქისგან მოითხოვა, რომ კომპანიას დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ევროპელი მომხმარებლების მონაცემების აშშ-ის სერვერებზე გაგზავნა, რასაც ფეისბუქმა სასამართლოში საქმის აღძვრით უპასუხა. კომპანიამ ირლანდიური მარეგულირებელი ორგანო უსამართლო და მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ირლანდიურმა კომისიამ ამ მოთხოვნის შესასრულებლად 3-კვირიანი ვადა დაასახელა, რაც ფეისბუქის აზრით, არასაკმარისია. გარდა ამისა, ფეისბუქი მიიჩნევს, რომ ევროპელი რეგულატორები, სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან შედარებით, გაცილებით დიდ დროს უთმობენ მათი საქმიანობის შესწავლას.
"არცერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ევროკავშირიდან აშშ-ში მონაცემების გაგზავნის იმავე მეთოდს იყენებს, არ იმყოფება მსგავსი კონტროლის ქვეშ. თუ აშშ-ში განლაგებულ სერვერებზე ინფორმაციის გადაგზავნა აიკრძალება და ეს მხოლოდ ფეისბუქს შეეხება, ამას სერიოზული ნეგატიური გავლენა ექნება კონკურენციაზე", — მიიჩნევენ ფეისბუქში.
დუბლინის სასამართლოში ფეისბუქის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირლანდიური კომისიის გადაწყვეტილება მათ ევროპის ბაზრიდან გასვლას აიძულებს, — "თუ სასამართლო გაიზიარებს კომისიის პოზიციას, მაშინ გაუგებარია, როგორ უნდა გააგრძელოს ფეისბუქმა მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე".
ევროკავშირის ბაზრიდან ფეისბუქის წასვლა კომპანიის სერვისების, მათ შორის ინსტაგრამის გარეშე 410 მილიონ ადამიანს დატოვებს. როგორც გამოცემა Vice წერს, სასამართლომ ფეისბუქს საქმიანობის გაგრძელების უფლება შეუნარჩუნა და შეაჩერა ირლანდიური კომისიის აკრძალვის აღსრულება, თუმცა მარეგულირებელ ორგანოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჯერ კიდევ აქვს.
ირლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ფეისბუქისგან ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ Privacy Shield მექანიზმის გაუქმების გადაწყვეტილების შესრულება მოითხოვა. ივლისში სასამართლომ ევროპიდან აშშ-ში მომხმარებელთა მონაცემების გაგზავნა და მათი აშშ-ის ტერიტორიაზე შენახვა შეუსაბამოდ მიიჩნია. სასამართლოს განჩინებით, აშშ-ის შიდა კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფდა ევროკავშირის მოქალაქეების პირადი ინფორმაციის იმ ხარისხის დაცვას, რომელსაც თავად ევროკავშირი უზრუნველყოფს. ამ განჩინების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფეისბუქს საკუთარი წლიური მოგების 4%-ის, ანუ $2.8 მილიარდის გადახდა მოუწევს.
The Wall Street Journal-ის აზრით, ეს გადაწყვეტილება მრავალი ტრანსნაციონალური ტექნოლოგიური კომპანიის მუშაობას შეაფერხებს. ამ გადაწყვეტილების შედეგად კომპანიებს, მათ შორის ფეისბუქს, გუგლს და ეფლს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ძვირადღირებული დატაცენტრების გახსნა ან ბაზრიდან გასვლა მოუწევთ.
კომენტარები