არქეოლოგებმა ერთ-ერთი უძველესი ნეანდერტალელის დნმ გაშიფრეს
მეცნიერებმა პოლონეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში ნეანდერტალელის კბილი იპოვეს, რომელიც ათობით ათასი წლისაა. ამ დროის განმავლობაში სიცოცხლისუნარიანი მიტოქონდრიული დნმ შიგნით ჩაკეტილი დარჩა, ახლა კი მკვლევრებს მისი მეშვეობით ახალი ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ.
კბილი იმ ნეანდერტალელს ეკუთვნოდა, რომელიც მინიმუმ 80 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდი გარემო პირობების მნიშნელოვანი ცვლილებების პერიოდს შეესწრო.
ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ლანდშაფტი დაახლოებით 100 ათასი წლის წინ, შუა პალეოლითის პერიოდში რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდიდა. დედამიწა გამყინვარებას უახლოვდებოდა და ჩრდილო-დასავლეთითა და ცენტრალურ ევროპაში არსებული ნეანდერტალელთა საცხოვრებელი გარემო ტყეებით მდიდარი ტერიტორიებიდან ტაიგად და სტეპებად იქცა.
რეგიონის გაყინვის შედეგად ნეანდერტალელთა რაოდენობა შემცირდა. ეს მაჩვენებელი მხოლოდ დროებით, თბილ პერიოდებში იზრდებოდა ხოლმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სეზონები ძალიან მკაცრი, საკვები კი მცირე იყო.
დაახლოებით 82 ათასი წლის წინ ცენტრალური აზიის ნენადერტალელები დასავლეთ ევროპელმა ნენადერტალელებმა ჩაანაცვლეს. სწორედ ამ პერიოდში ევროპელი ნეანდერტალელების დიდმა ნაწილმა უფრო ზომიერი გარემოსკენ დაიწყო მიგრაცია. თუმცა სპეციფიკური იარაღის პოვნის შემდეგ, რომელიც ყინულოვან გარემოში გამოიყენებოდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ, სადაც ახლა საფრანგეთი, პოლონეთი და კავკასიაა, ზოგიერთი ნეანდერტალელი დაბალ ტემპერატურას შეეგუა.
შუა პალეოლითის ეს იარაღები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დაახლოებით 130 ათასი წლის წინ გამოჩნდა — მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ევროპელი ნეანდერტალელები აზიელებს ჩაანაცვლებდნენ. ეს არტეფაქტები ორსახოვანი, ასიმეტრიული და ფოთლების მსგავსი ფორმებით ხასიათდება და ისინი მხოლოდ იმ რეგიონებშია ნაპოვნი, სადაც ბეწვიანი მამონტები და ბეწვიანი მარტორქები ბინადრობდნენ. ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი ამ ტერიტორიებზე ნადირობისთვის ადაპტირებულები იყვნენ. ეს და სხვა რამდენიმე მტკიცებულება გვაფიქრებინებს, რომ მათი გადარჩენის სტრატეგია შეიცვალა.
რაც შეეხება უკანასკნელ აღმოჩენას, მკვლევრების თქმით, თავად გამოქვაბული ზედმეტად ვიწროა იმისთვის, რომ იგი მუდმივი დასახლებისთვის გამოსადეგი ყოფილიყო. შესაძლოა, რომ ამ ადგილს ნეანდერტალელები ნადირობების დროს როგორც დროებით ბანაკს, ისე იყენებდნენ.
კბილის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ იგი ზრდასრულს ეკუთვნოდა. ამ ანალიზის მეშვეობით, მისი დათარიღებაც გახდა შესაძლებელი.
"ჩვენ გაოგნებულები ვიყავით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ კბილი მინიმუმ 80 ათასი წლისაა. ამ პერიოდის ნამარხების პოვნა ძალიან რთულია და თანაც, როგორც წესი, დნმ კარგად შემონახული არ არის ხოლმე", — განაცხადეს მკვლევრებმა.
აღმოჩენამ მკვლევრებს იმის საშუალებაც მისცა, რომ კბილის პატრონის უახლოესი ნათესავები ეპოვათ.
"ჩვენ დავადგინეთ, რომ კბილის მიტოქონდრიული გენომი ყველაზე მეტად კავკასიაში აღმოჩენილი ნეანდერტალელისას ჰგავდა", — განაცხადეს მკვლევრებმა. ამასთან, უფრო შორეული კავშირი გამოვლინდა 120 ათასი წლის წინ მცხოვრებ ორ ნეანდერტალელთან, რომლებიც ახლანდელი ბელგიისა და გერმანიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები