ჭარბ ნახშირორჟანგს ხეებზე სავალალო გავლენა აქვს — კვლევა
ნახშირორჟანგის ატმოსფეროში ჭარბი გამოყოფა შედეგად სათბურის ეფექტს იძლევა, რაც დედამიწაზე გლობალური ტემპერატურის მატებას განაპირობებს. იმის გამო, რომ ხეები CO2-ს შთანთქავენ და ჟანგბადს წარმოქმნიან, ისინი ატმოსფერული ნახშირორჟანგის კონცენტრაციის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
ჭარბი ნახშირორჟანგი ხეებს უფრო სწრაფად გაზრდის საშუალებას აძლევს, რაც, ერთი შეხედვით, კარგია. თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჭარბი ნახშირორჟანგი ხეებს უფრო მალე აბერებს, შედეგად კი ხეები უფრო ადრე კვდებიან.
ეს პრობლემური იმიტომაა, რომ კლიმატის ცვლილების მოდელირება ნახშირორჟანგის ატმოსფერული კონცენტრაციის პოტენციური ზრდის განსაზღვრისას ხეების მიერ CO2-ის შთანთქვასაც ითვალისწინებს. თუ ხეები ადრე დაბერდებიან და მოკვდებიან, ნახშირორჟანგიც ნაკლები რაოდენობით შთაინთქმება.
ამასთანავე, მკვლევრები ამბობენ, რომ სწრაფად მზარდ ხეებს დაავადებებისადმი და გვალვისადმი ნაკლები მდგრადობა აქვთ, რაც მათ ნაადრევ სიკვდილს განაპირობებს.
გავრცელებული მიდგომა, რომ თითქოს ხეების დარგვით ატმოსფერული ნახშირორჟანგის გრძელვადიანი შემცირებაა შესაძლებელი, მცდარია. მიუხედავად ამისა, ტყეების გაჩეხვის შემცირება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის მაინც მნიშვნელოვანია.
ტყეები ანთროპოგენული აქტივობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის 25-30%-ს შთანთქავენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთობ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ გასულ წელს საერთო ჯამში 38 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყეები გაიჩეხა.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა
კომენტარები