ტრამპს სურს, აშშ-ში ემიგრანტების დნმ-ის ნიმუშების შეგროვება დაიწყონ
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, 14 წლის ზემოთ ასაკის ემიგრანტებს აშშ-ში ლეგალური ცხოვრებისთვის, შესაძლოა, მალე თვალის ბადურის, ხმის, ხელის გულებისა და დნმ-ის სკანირების გავლა დასჭირდეთ.
რამდენიმე წლის წინ უფლებადამცველებმა მთელი მსოფლიო მასშტაბით ჩინეთის მიერ უიგურებზე ციფრული მეთვალყურეობის დაწესების გამო შეშფოთება გამოთქვეს. ცნობილია, რომ ჩინეთის მთავრობა უიგურებზე დაწესებული ინტერნეტ-მონიტორინგის გარდა იღებდა მათ ბიოლოგიურ მასალას, მათ შორის დნმ-ის, სისხლისა და თითის ანაბეჭდების ნიმუშებს.
ტოტალური მეთვალყურეობის დამყარების მცდელობა ადამიანების ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამჯერად, შესაძლოა, აშშ-ში დაფიქსირდეს. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 14 წლის ზემოთ ემიგრანტებისთვის სავალდებულო დამატებითი მონაცემების შეგროვების სურვილი გამოთქვა.
აშშ-ის მოქმედი საიმიგრაციო კანონის თანახმად, 14 წლის ზემოთ ასაკის მქონე ემიგრანტებს, რომლებსაც ლეგალურად სურთ ქვეყანაში ცხოვრება, სჭირდებათ მხოლოდ ხელმოწერის, თითების ანაბეჭდებისა და ფოტოსურათის წარდგენა. ახალი წინადადება კი ითვალისწინებს ისეთი მონაცემების მიწოდებას, როგორებიცაა თვალის ბადურის, ხმის, ხელის გულებისა და სახის დასკანირებული ვერსიების შეგროვებას.
აღნიშნული ინიციატივის თანახმად, ამერიკის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო დნმ-ის მონაცემების შეგროვებისა და მათ ანალიზის უფლებას "გენეტიკური ნათესაური კავშირის შესამოწმებლად" მიიღებს.
უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი კანონი ადამიანების უსაფრთხოებას დააზიანებს და არანაირ სარგებელს არ მოუტანს სახელმწიფოს.
"გენეტიკური მონაცემების უზარმაზარი ბაზის შექმნა ჩვენთვის უსაფრთხო ნამდვილად არ იქნება — ეს მხოლოდ გაუმარტივებს ხელისუფლებას ჩვენზე კონტროლს, რაც საბოლოოდ დიდ კოშმარამდე მიგვიყვანს. ტრამპის მიზანი ცხადია — მას საიმიგრაციო სისტემის დახურვა და ემიგრაციის პროცესის მაქსიმალური გართულება სურს...", — აცხადებს აშშ-ის სამოქალაქო თავისუფლებების საბჭოს დირექტორის მოადგილე საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხებში, ანდრეა ფლორესი.
ექსპერტების შეფასებით, ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც საკუთარ მოქალაქეებზე თვალთვალი დააწესა, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს 90%-ით გაიზარდა.
კომენტარები