ჰაერის დაბინძურება ძალიან სერიოზული პრობლემაა. მის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღუპება. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა აზიის ისეთი ქვეყნების მეგაპოლისებში, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ტაილანდი.

ახალი კვლევით ირკვევა, რომ ასფალტი, რომლითაც გზები იგება, ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მკვლევრები ამბობენ, რომ ზაფხულში, მაღალი სიცხეებისას ასფალტიდან 300%-ით მეტი მეორადი ორგანული აეროზოლები (SOA) თავისუფლდება, რაც ჰაერის დამაბინძურებელია.

მკვლევრებმა ლაბორატორიაში ასფალტი 40-დან 60 გრადუსამდე გააცხელეს (ესაა ტემპერატურა, რომელსაც ასფალტი ზაფხულში ხშირად აღწევს) და აღმოაჩინეს, რომ ამ დროს გამოთავისუფლებული SOA-ების რიცხვი ორმაგდება. აღსანიშნავია, რომ ბევრგან ასფალტი საცხოვრებული კორპუსების სახურავების მშენებლობაშიც ხშირად გამოიყენება.

აშშ-ის ქალაქებში ქუჩების ზედაპირის 45% ასფალტით ან ასფალტნარევი მატერიით არის დაფარული. აღსანიშნავია, რომ ქლაქებში სახურავების 20% ასევე ასფალტნარევია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში დროთა განმავლობაში მანქანების ემისიები, სავარაუდოდ, შემცირდება, მსოფლიოში ურბანიზაციის გამო ასფალტი უფრო და უფრო მეტ ადგილს დაიკავებს. მზარდი გლობალური ტემპერატურის გამო მზარდად მეტი მომწამვლელი ნაწილაკები გამოთავისუფლდება.

იმის გამო, რომ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ხშირად მანქანების გამონაბოლქვია, ასფალტის დაბინძურება ხშირად უგულებელყოფილია, თუმცა ეს უკანასკნელი ჰაერის დაბინძურებაში მაინც დიდ როლს თამაშობს.