CDC-ის ცნობით, COVID-19-ის ვაქცინები ნოემბრის დასაწყისში ხელმისაწვდომი იქნება
ჯანდაცვის ამერიკელი სპეციალისტების, სამედიცინო მუშაკებისა და განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინას ნოემბრის დასაწყისში ელოდებიან. აღნიშნულმა ვაქცინის ირგვლივ არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ჯანდაცვის სპეციალისტებს უკვე შეატყობინა, რომ "COVID-19-ის ლიმიტირებული ვაქცინები 2020 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში ხელმისაწვდომი იქნება". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
საინფორმაციო პორტალს, Associated Press, ხელში ჩაუვარდა CDC-ის დირექტორის, რობერტ რედფილდის მიერ შტატების გუბერნატორებისათვის გაგზავნილი წერილი, რომელიც 27 აგვისტოთი თარიღდება. წერილში რედფილდი იუწყება, რომ ისინი CDC-ის კონტრაქტორი კომპანიისგან, McKesson (ამ კომპანიას ვაქცინების დისტრიბუცია და შტატებში განაწილება ევალება), სამუშაოს შესრულებაზე უახლოეს მომავალში თანხმობას მიიღებენ.
"CDC სასწრაფოდ გთხოვთ დისტრიბუციისთვის საჭირო სივრცეების დაჯავნაში დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გთხოვთ, რომ ამ სივრცეებზე სხვა მთხოვნელებს უარი უთხრათ, რათა ეს უკანასკნელნი 2020 წლის 1 ნოემბრისთვის ხელმისაწვდომი იყოს", — ვკითხულობთ რედფილდის მიერ გაგზავნილ წერილში.
ამ შემცირებულმა ვადებმა ჯანდაცვის სპეციალისტებში ეჭვები უკვე აღძრა. მათი მოსაზრებით, ვაქცინაზე გაცემულ ნებართვას სინამდვილეში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სარჩული აქვს და არა — სამეცნიერო საფუძველი.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვაქცინის შექმნის პროცესის პოლიტიზირებას ახდენს. მათი აზრით, პრეზიდენტი ცდილობს, იმუნიზაციის პროცესი არჩევნების დღემდე ისე დაიწყოს, რომ ვაქცინას უსაფრთხოების შემოწმება ბოლომდე გავლილი არც ჰქონდეს.
აშშ-ის მთავრობის ინფექციურ სნეულებებთან ბრძოლის ექსპერტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ვაქცინის გამოჩენის საკითხს "ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება". მან ასევე აღნიშნა, რომ იგი "ვაქცინის გამოჩენით კმაყოფილი მანამ არ იქნება, სანამ ამ უკანასკნელის უსაფრთხოება სრულად არ დამტკიცდება".
მიუხედავად ამგვარი შეფასებისა, დონალდ ტრამპი ვაქცინის მალე გამოჩენასთან დაკავშირებით სრული დარწმუნებით საუბრობდა. მაშინ, როცა CDC-მ ჯანდაცვის სპეციალისტების გაფრთხილება დაიწყო, პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე განაცხადა: "ჩვენ სიცოცხლის გადამრჩენ საშუალებებს ვაწვდით კლინიკებს და წლის ბოლომდე, ან სულაც უფრო ადრე, ვაქცინის წარმოებას დავიწყებთ".
CDC-ის რეკომენდაციის მიხედვით, იმუნიზაცია უპირველესად ჯანდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტებს ჩაუტარდებათ. აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართულები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში არიან.
ჯანდაცვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვაქცინები ჯერ კიდევ კვლევის პროცესის შუა პერიოდში იმყოფებიან. შესაბამისად, ამ გადმოსახედიდან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ მოხერხდება 1 ნოემბრამდე ვაქცინის უსაფრთხოებაში დარწმუნება.
ამჟამინდელი ჩანაფიქრით, აცრის გაკეთება 2-ჯერ, ერთთვიანი შუალედით იქნება საჭირო.
"მზადყოფნა გონივრულია, მაგრამ საჭირო ინფორმაციის მიღებამდე კვლევის მესამე ფაზის შემოკლება — არც ისე", — აღნიშნა პოლ ოფიტმა, ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალის იმუნიზაციის ექსპერტმა. იგი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ვაქცინების მრჩეველთა კომიტეტის წევრიც გახლავთ.
სკეპტიკურად არის განწყობილი პეტერ ჰოტეზიც, ბეილორის უნივერისიტეტის ტროპიკული მედიცინის სკოლის დეკანიც. იგი FDA-ის მიერ გადაუდებელ შემთხვევებში ვაქცინაციის დაშვების გადაწყვეტილებამ ძალიან შეაშფოთა
"ეს უფრო მეტად ტრიუკს ჰგავს, ვიდრე საზოგადოების ჯანდაცვაზე ზრუნვას", — აღნიშნა მან.
კომენტარები