დეპრესიის რისკის შესამცირებლად მეგობრებს დიდი მნიშვნელობა აქვთ — კვლევა
დეპრესიის რისკის შესამცირებლად სოციალიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის ბიობანკის ჩატარებულ კვლევაში, რომელმაც დეპრესიასთან კავშირში მყოფი ჩვევებისა და ქცევის სისტემური ანალიზი შემოგვთავაზა. როგორც დგინდება, ფიზიკური აქტივობის მსგავსად, რეგულარული სოციალიზაცია დეპრესიის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. კვლევა აკადემიური გამოცემაში American Journal of Psychiatry გამოქვეყნდა.
"აღნიშნულ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ნდობით აღსავსე კონტაქტების სიხშირის გამოვლენა, არამედ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ვიზიტების მნიშვნელობის გამოკვეთა გახლდათ. ამ ყოველივემ სოციალური კავშირებისა და ერთიანობის დამცველობით ეფექტს გაუსვა ხაზი. ეს ფაქტორები სოციალური დისტანციის, ოჯახთან და მეგობრებთან დაშორების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", — აღნიშნა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრმა, ჯორდან სმოლერმა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში სოციალური კავშირების სიხშირე მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამ კვლევის შედეგები კი ადამიანური ურთიერთობის დიდ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გვახსენებს.
დეპრესია მულტიფაქტორული მდგომარეობაა, სადაც გამომწვევი, წამმართველი და მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი მიზეზები ერთმანეთში იხლართება. აღნიშნულმა დიდმა კოჰორტულმა კვლევამ სტატისტიკური ანალიზისა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპის გამოყენებით მეცნიერებს საშუალება მისცა, უკეთ გაცნობოდნენ დეპრესიასთან დაკავშირებულ ქცევებს.
პაციენტთა 100-ზე მეტი სარისკო ფაქტორების ღრმა ანალიზმა კვლევის ავტორებს საშუალება მისცა, რომ აღნიშნული მიზეზები ერთმანეთისთვის მრავალმხივ შეედარებინათ და დეპრესიის შესახებ ფართო წარმოდგენა შეექმნათ. ამისათვის მათ მენდელისეულ რანდომიზაციის მეთოდს მიმართეს, რასაც, როგორც წესი, გენეტიკური რისკების დასათვლელად იყენებენ. ამ მიდგომამ გამოკვეთა სოციალური, საყოფაცხოვრებო და გარემო ფაქტორები, რომელთაც, შესაძლოა, ჩვენს გუნება-განწყობაზე გავლენა ჰქონდეს.
"დეპრესია შრომის უნარის შემზღუდველი უმთავრესი მიზეზია. თუმცა, აქამდე მკვლევარები მხოლოდ რისკ-ფაქტორებსა და დამცავ მექანიზმზე კონცენტრირდებოდნენ და ისიც მხოლოდ გარკვეული მიმართულებით", — აღნიშნა ფსიქიატრმა კარმელ ჩოიმ.
ახალი კვლევის ფარგლებში ჯამში 100 ათასი ბრიტანელის კლინიკური ისტორია გაანალიზდა. როგორც აღმოჩნდა, ტელევიზორის ეკრანთან გატარებული დიდი დრო დეპრესიის რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულის საპირწონედ, რეგულარულ სოციალურ აქტივობას დამცველობითი ეფექტი აღმოაჩნდა. დეპრესიის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სოციალური კავშირები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, საყვარელ ადამიანებთან ხშირი სოციალიზაცია დეპრესიის განვითარების საფრთხისგან გვიცავს, მაშინ, როცა სრული სოციალური იზოლაცია და ეკრანთან გატარებული დრო სრულიად საწინააღმდეგო ეფექტის მატარებელია.
მკვლევრები მსგავს შედეგებამდე მივიდნენ წინა კვლევებშიც, რომლებიც ფიზიკურ აქტივობაზე იყო კონცენტრირებული. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, დეპრესიის განვითარების უფრო დაბალი რისკის ჯგუფში არიან.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქცევისა და გუნება-განწყობის ნიუანსების ანალიზი საკმაოდ რთულია. მაშინ, როცა ზოგადად ძილის ხანგრძლივობა და ხარისხი დეპრესიასთან კავშირშია, ახალი კვლევით ვიგებთ, რომ დღის განმავლობაში მცირე ხნით ჩაძინება დეპრესიის რისკს ზრდის. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დეპრესიის მიზეზების ძიება სწორხაზოვანი პროცესი არ არის და მისი განვითარების მიზეზები უფრო კომპლექსურია. აღნიშნულის უკეთ გასაგებად შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
თუ მსგავსი თემები თქვენთვის საინტერესოა, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Facebook ჯგუფში - მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
კომენტარები